მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

მიწის ნაკვეთზე მარცვლეული მცენარეების ნაწვერალის ცეცხლის წაკიდებისთვის საჯარიმო სანქციები წესდება

მიწის ნაკვეთზე მარცვლეული მცენარეების ნაწვერალის ცეცხლის წაკიდებისთვის საჯარიმო სანქციები წესდება

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლეული მცენარეების ნაწვერალის ცეცხლის წაკიდებისთვის საჯარიმო სანქციები წესდება. ცვლილებები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები მარცვლეული მოსავლის აღების შემდეგ, მიწის ნაკვეთზე დარჩენილ ნაწვერალს უკიდებენ ცეცხლს, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს, ასევე გარემოს, მიმდებარე ნაკვეთებს, ქარსაცავებს და რიგ შემთხვევებში, დასახლებულ პუნქტებსაც.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიზანშეწონილია, რომ ასეთი ქმედებების შემაკავებელი ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული ჰექტარის გადაწვისთვის ფიზიკური პირი 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 2 000 ლარით დაჯარიმდება.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს კოდექსში შემავალი კიდევ ერთი ცვლილება გააცნო. საკითხი შეეხება სახერხი საამქროებისთვის გამოყოფილი სპეციალური ფირნიშების განკარგვას და მათ გამოყენებას. ცვლილების თანახმად, თითოეული წარმოუდგენელი საკონტროლო ფირნიშისთვის სახერხ საამქროს დამატებით დაეკისრება 50 ლარის გადახდა.

სხდომაზე გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.

კომენტარები