იმერეთში მოკლული 40 წლის მამაკაცის ოჯახი ვარაუდობს, რომ ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა და დანაშაულში სავარაუდოდ, სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. ახლობლების თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც მოკლულმა დამნაშავეს ვალის დაბრუნება მოსთხოვა. საუბარია 500 ლარზე.
“მე განვახორციელე ზარი საღამოს 6-ს აკლდა 10 წთ. მითხრა სახლში მოვდივარო, სავარაუდოდ, მის მერე აქვს დარეკილი ამ მკვლელს და უთხრა ამა და ამ ადგილას მოდი კუთვნილ თანხას დაგახვედრებო. ეს ვერსია ვრცელდება, მაგრამ ბესოს შესაძლებლობებს თუ შეხედავთ, დიდი ვაჟკაცი იყო, მსოფლიო მესამე პრიზიორია, ერთი ადამიანი ვერაფრით ამას ვერ შეძლებდა”, ამბობს მოკლულის მეუღლე.
მოკლულის ოჯახი ბრალდებულის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
მოკლულის დედა ამბობს, რომ თუ მკვლელი კანონის მთელი სიმკაცრით არ დაისჯება, თავს დაიწვავს.
“ვთხოვ ყველას, გამოიძიონ ეს საქმე, თორემ ჩავალ თბილისში და თავს დავიწვავ, უნდა გავიგო რისთვის მოკლეს ჩემი შვილი”, – ამბობს მოკლულის დედა მზევივარ აბდულაევი.
გამოძიების ინფორმაციით, ჭიათურაში 54 წლის მამაკაცმა ვალის გამო ნაცნობი იარაღით მოკლა და ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო, ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.
ბრალდებული დაკავებულია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლითაა აღძრული – განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტებზე.
კომენტარები