მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ნათლად გაიგოს, თუ როგორი მძიმე წნეხის და ზეწოლის ქვეშ ვართ მე და ჩემი ოჯახი ხელისუფლების მხრიდან”

“მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ნათლად გაიგოს, თუ როგორი მძიმე წნეხის და ზეწოლის ქვეშ ვართ მე და ჩემი ოჯახი ხელისუფლების მხრიდან”

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ნათლად გაიგოს, თუ როგორი მძიმე წნეხის და ზეწოლის ქვეშ ვართ მე და ჩემი ოჯახი ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოში პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია წერს.

მისივე თქმით, ფინანსური სამსახურების მხრიდან ტერორი წლებია, გრძელდება, ბოლო დღეებში კი ეუბნებიან, რომ სასამართლოს დასრულებას არ დაელოდებიან და დაიწყებენ აღსრულების პროცესს.

როგორც ელეონორა არჩაია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია და მათ, ვისაც ჯერ კიდევ ეპარება ეჭვი დარწმუნდეს, რომ ისინი ვინც პრორუსულ ხელისუფლებას მხარს არ უჭერენ, შედეგად იღებენ დაშინებას, ზეწოლას და დევნას.

“ძვირფასო მეგობრებო, იშვიათად გიზიარებთ საკუთარ პრობლემებს, თუმცა ეს ის მომენტია, როდესაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ნათლად გაიგოს, თუ როგორი მძიმე წნეხის და ზეწოლის ქვეშ ვართ მე და ჩემი ოჯახი ხელისუფლების მხრიდან:

2021 წლის ზაფხულში, როდესაც ჩემი სამაჟორიტარო ვადა ამოიწურა, მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა “ქართული ოცნება” და შევუერთდი გიორგი გახარიას გუნდს.

განცხადების გაკეთებიდან, მეორე დღეს, დილის საათებში ჩვენი ოჯახის რესტორანში, ქუთაისის საშემოსავლო სამსახურიდან შემოვიდნენ “შემოწმებაზე”. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ამ ქმედებას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და ემსახურებოდა ჩემს დაშინებას და პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორებას.

მას შემდეგ, რაც ქუთაისის საშემოსავლო სამსახურმა ვერანაირი კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა, საქმეში თბილისიდან ჩამოსული ჩინოვნიკები ჩაერთნენ, რომლებმაც აბსურდული და გამოგონილი ბრალდებით, დაგვაჯარიმეს ოთხასი ათასი ლარის ოდენობით. (შეგახსენებთ, რომ ჯარიმის ეს ოდენობა სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს)

არჩევნების დამთავრებიდან მეორე დღეს, უცხო პირებმა ჩამიმტვრიეს მანქანის მინები. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დავა დავიწყე, არანაირი შედეგი არ მიგვიღია, ვერ იპოვეს დამნაშავე. რა თქმა უნდა, ეს ქმედებაც მიმართული იყო ჩემს დასაშინებლად. ამავე პერიოდში, პირდაპირ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისგან მივიღე გზავნილები, რომ თუ პოლიტიკას ჩამოვშორდებოდი და კანდიდატურას მოვხსნიდი, ჩემი პრობლემებიც მოგვარდებოდა.

რა თქმა უნდა, მე არ შემიწყვიტავს ჩემი საქმიანობა, რის შემდეგადაც დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის ტერორი ფინანსური სამსახურების მხრიდან. წლებია, ეს პროცესი იწელება. როდესაც პოლიტიკური პროცესი ცხელ ფაზაში შედის, საქმე თავიდან იწყება, შემდეგ კი ისევ თაროზე ინახება. ეს ფსიქოლოგიური ტერორი არ გვაძლევს თავისუფლად არსებობის საშუალებას.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამართლებრივი დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ბოლო დღეებია, გვირეკავენ და გვაშინებენ, რომ სასამართლოს დასრულებას არ დაელოდებიან და დაიწყებენ აღსრულების პროცესს. დაგვირეკეს და მოგვთხოვეს შპს ქონების ნუსხა, აღსრულების პროცესის დასაწყებად, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ გვიტოვებენ სამართლებრივ გზებს, რათა საკუთარი თავი დავიცვათ.

არ ვიცით, პროცესი როგორ დასრულდება. მინდა ბოლომდე ვიბრძოლო საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის, თუმცა ეს დევნა აღარ გვაძლევს თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობას. მოგეხსნებათ, ჩემი არცერთი შვილი საქართველოში აღარ ცხოვრობს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

არადემოკრატიულ სისტემაში, რთულია იპოვო სამართალი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია და მათ, ვისაც ჯერ კიდევ ეპარება ეჭვი დარწმუნდეს, რომ ისინი ვინც პრორუსულ ხელისუფლებას მხარს არ უჭერენ, შედეგად იღებენ დაშინებას, ზეწოლას და დევნას.

ერთადერთ იმედს ვიტოვებ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ნიშნით სახელისუფლებო ტერორი სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს”, – წერს არჩაია.

კომენტარები