მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მოგმართავთ ინიციატივით, დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისის სკოლებში”

“მოგმართავთ ინიციატივით, დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისის სკოლებში”

ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია სკოლაში ბავშვებისთვის უფასო კვების ინიციატივით გამოდის.

პარტია “საქართველოსთვის” წევრის თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მოსწავლეების მესამედი სასკოლო საათებში საკვებს ვერ იღებს, ამის მიზეზი კი საქართველოში არსებული სიღარიბეა.

ელეონორა არჩაიას თქმით, აუცილებელია განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისში.

“მოგეხსენებათ, თუ რამხელა გამოწვევაა ბავშვთა სიღარიბე საქართველოში. სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით, ბავშვები მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას წარმოადგენენ. სამწუხაროდ, მათ დიდ ნაწილს ასაკის შესაბამის კვების რაციონთან წვდომა არ აქვს. იუნისეფისა და საქსტატის ერთობლივი 2023 წლის კვლევით დგინდება, რომ ბავშვების მესამედზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სასკოლო საათების პერიოდში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც (WHO) ადასტურებს, რომ დაბალანსებული კვება მოსწავლის ფიზიკური, მენტალური, ემოციური და კოგნიტური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

სწორედ ამიტომ მოგმართავთ ინიციატივით, განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისში.

მერიის მიერ ტენდერის საშუალებით შერჩეული პირი (პირები), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს, წლის განმავლობაში სასწავლო დღეებში მიაწვდიან მოსწავლისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ სადილის ყუთებს, რომელთა შიგთავსის განსაზღვრა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება.
პროგრამით სარგებლობა უნდა შეეძლოს საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად. პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფას.

ჩვენს ბავშვებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. დარწმუნებული ვარ, არსებობს გზები განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით, მოვახდინოთ პროგრამის დანერგვა ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა ელეონორა არჩაიამ.

კომენტარები