საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსეთთან პირდაპირი ფრენის უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ივნისიდან ავიაკომპანია Red Wings-ი მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის და სოჭი-თბილისი-სოჭის და საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას.
“Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება. ხოლო სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით ფრენები, 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.
კომენტარები