მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
22-28 სექტემბერს, საქართველოში, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე გაცნობისა და შეფასების მიზნით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICCROM-ისა და ICOMOS-ის ერთობლივი რეაქტიული მონიტორინგის მისია იმყოფებოდა.
“პირველ სამუშაო დღეს მისიის წევრებმა საქართველოს საპატრიარქოში გამართეს შეხვედრა, სადაც გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, – მეუფე შიოს შეხვდნენ. ასევე, შეხვედრები გაიმართა გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
მეორე სამუშაო დღიდან, ძეგლზე უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული სამუშაოების გაცნობისა და შესწავლის მიზნით, მისიის წარმომადგენლები გელათის სამონასტრო კომპლექსში გაემგზავრნენ, სადაც სამი სამუშაო დღის მანძილზე დეტალურად გაეცნენ არქიტექტურის, კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მიმართულებების საკონსერვაციო სამუშაოებს.
მისიის წევრებმა მოისმინეს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობის, კომიტეტის საერთაშორისო და ეროვნული მრჩეველი ორგანოების ხელმძღვანელების, ასევე, საკონსერვაციო მიმართულებების ხელმძღვანელების – ქართველი და უცხოელი სპეციალისტების და მოწვეული ექსპერტების ვრცელი ანგარიშები შესრულებული სამუშაოების თაობაზე, რომელიც გელათის რეაბილიტაციის ფარგლებში 2023 წლიდან დღემდე განხორციელდა.
ასევე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორგანიზებით, მისიის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედროდნენ სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის რეგიონში, ტყიბულის, წყალტუბოსა და თერჯოლის მერებს და მათთან ერთად მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია გელათის მართვის გეგმის განახლების ფარგლებში კომიტეტის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე.
მისია გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე დეტალურ ანგარიშსა და სათანადო რეკომენდაციებს უახლოეს თვეებში გამოაქვეყნებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები