მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მუხურა – სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

მუხურა – სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

მუხურა – სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ძუსის ზემოთში. ზღვის დონიდან 640 მეტრი, ტყიბულიდან 9 კილომეტრი. სოფელში არის ჩანჩქერი და მინერალური წყლები.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში.

დიუბუა დე მონპერეს ცნობით, 1830-იან წლებში მუხურა მხარეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი იყო და აქ 200 კომლი სახლობდა.

სოფელში დგას შუა საუკუნეების ელდათის ეკლესია და ადრეული შუა საუკუნეების ციხე “შეუპოვარი”.

ელდათის წმინდა გიორგის ეკლესია აგებულია X-XV საუკუნეებში. დანგრეული ეკლესია (9,7×5,6 მ) დარბაზული ნაგებობების ტიპს განეკუთვნება. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კარგად დამუშავებული რუხი და მუქი წითელი ფერის ქვაა. კედლები შემორჩენილია 1 მ-ის სიმაღლეზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილები უკეთ ჩანს, დანარჩენი მიწითაა დაფარული. ეკლესიის გეგმა ცუდად იკითხება, ჩანს რომ ის დარბაზული ეკლესიაა, მაგრამ საფუძვლიანი გაწმენდის გარეშე შეუძლებელია დადგენა აქვს თუ არა მას მინაშენები. იკითხება ორი შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ჩრდილოეთით პილასტრის ფრაგმენტია. ინტერიერი მთლიანად დაფარულია მიწით, კედლების ნანგრევებით და დიდტანიანი ხეებით. ნანგრევებში ტუფთან ერთად შირიმის კვადრებიც განირჩევა.

კომენტარები