იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს მუჯირის, მჭედლიძისა და მხეიძის გვარების ისტორიას გთავაზობთ.
მუჯირი – (1921 წ) გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა, მუჯირი “ხვარბლის მნე” (საბა), ამავე ძირისაა: მუჯირიშვილი.
მჭედლიძე – გავრცელებულია გორში, ზესტაფონსა და თბილისში. შედგება ხელობა-მოსაქმეობის სიტყვისაგან მჭედელი. ამავე ძირისაა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: გვარი ჭელიძე მიღებული ჩანს მჭედლიძე-საგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წლისა), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, სოფელ ბახვაში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ. ცხადია, ისინი ძველი მჭედლიძეების ჩამომავალნი არიან, თორემ ძნელად წარმოსადგენია, ამ მხარეში მჭედლიძეები ყველა ამოწყვეტილიყო და საიდანღაც ჭელიძეთა მრავალრიცხოვანი გვარი გაჩენილიყო. ამრიგად, თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი -მ და დ დაკარგულა), ჭელიძედ ქცეულა.
მხეიძე – ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და სამეგრელოში. ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. პირველად არგვეთის მფლობელნი ყოფილან, შემდეგ თრიალეთსა და ალგეთის ხეობის ნაწილსაც დაჰპატრონებიან. ბაღვაში, ლიპარტიანი და მხეიძე საერთო წარმომავლობის უნდა იყოს. ძველ ძეგლებში მოიხსენიება მხეციძედ. ამავე ძირისაა: მხეცაძე, ხეცია, ფხეიძე.
კომენტარები