მე გამოვტოვე დრო- ჩემი შვილისთვის ბევრი დღესასწაული მიმეცა. მეგონა, მაშინ დიადი საქმეების და ბევრისთვის საჭირო პოზიციის ერთგულება უფრო მნიშვნელოვანი იყო. ვერ გეტყვით, რომ ვნანობ :), რადგან ახლაც ასე მჯერა და ნიტიკოს გონიერება და ენთუზიაზმიც მათამამებს ამაში.
ბავშვობა კარგი მქონდა. ტკბილი და ზომიერი მშობლების ხმაშწყობილი ღიღინი მიყვება ფონად ახლაც ჩემს მოგონებებს. ხელოვნების სიყვარული იყო სულ ტკივილებისგან გამოსავალიც და პრობლემებიდან თავის დაღწევის ყველაზე მშვენიერი, ხშირად მომხიბვლელი გზაც. ვინც ჩემი არასტადარტული ბიოგრაფიის შესახებ იცის, დამეთანხმება, რომ დღემდე რომანტიზმის და ადამიანების სიყვარულით ტკბობა ზუსტად ხელოვნების სიყვარულმა გადამირჩინა ემოციებისგან დაცლილ სამყაროში.
როცა თეატრში დავიწყე მუშაობა, მეტი დრო მქონდა საკუთარ საქმიან წარსულთან დისტანცირების. ბევრი მოვლენის შედარებით ობიექტურად გაანალიზების, მაგრამ მალევე ვიგრძენი, რომ აქ უფრო დიდი სასწაულების შექმნა შეიძლება, ვიდრე ყველაზე დიდ და კეთლმოწყობილ კაბინეტში რომელიმე სახელისუფლო შენობიდან. ან, იქნებ მე მეგონა, რადგან ეს გზა უკვე საინტერესოდ და განახგრძლივებულად მქონდა გავლილი.
თეატრი ის მოგონილი მშვენიერებაა, რასაც დროდადრო ყველა შევაფარებთ თავს, ნამდვილი განცდების გათამაშების კიდევ და კიდევ ცქერისთვის, გვესმის თუ არ გვესმის მისი კლასიკური შინაარსი.
თეატრი სულის გადარჩენის და სულის გამზეურების სამყაროა – ყველასთვის თანაბარი, განათლების, ასაკის, კულტურის და გემოვნების მიუხედავად. თეატრი დღესასწაულია. და არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც სხვისი ბედის გაზიარებით საკუთარ სხეულში, ნერვებში, სისხლძარღვებში -უჩვეულო ქიმია. სცენის ბრწყინვალებით გამოწვეული აღტაცება ან დადუმება, ცრემლი ან სიცილი.
თეატრი ყველაფერია ერთად – სიტყვის მაგიაც და მუსიკის ინტიმიც, მხატვრობაც და მოძრაობაც, ფანტაზიაც და ლოგიკაც, ინდუქციაც და დედუქციაც, ყველაფერი, რაც სიცოცხლეს აფერადებს და გემოს აძლევს და გტოვებს ადამიანად, შენი შემოქმედის შედევრად/ინდივიდად. იქ მასის ნაწილიც ხდები და კონკრეტული სუბსტანციაც. გააჩნია, რა გიყვარს საკუთარ თავში თვითონ, რა მოგწონს საკუთარი სურვილებიდან სამყაროსთან ურთიერთობაში. იქ, მაყურებლის თანასწორობის სრული ჰარმონიაა. იქ, ყველა პიესის გმირად შეგიძლია იქცე და არავინ განგიკითხოს. იქ, შეგიძლია დამნაშავის ემპათიაც გაგიჩნდეს და არ დაისაჯო, რადგან შემოქმედების ნაწილად იქციე თავი!
რა არის რეალურად დღეს ის “წარმატება“, რომლის მარათონშიც ახალი თაობები ხშირად სწორედ რომ მშობლების წაქეზებით მუხლჩაუხრელად დგებიან და აღარ ჩერდებიან ქასთინგებზე, ვაკანსიებზე, გასაუბრებებზე და ასე გრძელდება სულ! აღარ თავდება ყოველდღიური კონკურენცია და თანატოლებთან შეჯიბრი..
ყველა ფასეულობას სულიდან ჭირდება ამოტოტვა. მაშინ არის ნამდვილი და ძლიერი. არცერთი საგნის უკეთ ცოდნა არ ბადებს კარგის და ცუდის თავისთავად გარჩევის ან მათ შორის შენი თვისების ამორჩევის უნარს. სული ვერ ლაღდება რეპეტიტორების დღის წესრიგით. სული ხელოვნების ზიარებაში იძერწება. და თეატრია ის, – ყველა ხელოვნების საერთო სცენა – ცოცხალი ემოციის ჯადოსნური დღესასწაული, ჩვენი და ჩვენი შვილების დიალოგი, რომელიც ყოველდღიურობაში, ისე შთამბეჭდავად ვერ შედგა, როგორც უკვდავმა დრამატურგებმა გაბედეს.
ასწავლეთ შვილებს სულის გადარჩენის და სისხლის გადასხმის ყველაზე მომხიბვლელი გზა პოსტპანდემიურ სამყაროში -თეატრი, როგორც ბედნიერება! არ დაღალოთ კონკურენციის ყოველდღიურ მარათონში. დაზოგეთ, სანამ მის წილ ემოციას არ აწონის ანტიგონეზე და ორესტეზე, მედეაზე და იოკასტეზე, ჰამლეტზე და რომეოზე, ოიდიპოსზე და აქილევსზე. სანამ სიკეთეს და ბოროტებას არ გადაარჩევს მათი სუფთა გონება და არ გაუძლიერდებათ სულიდან ამოსული ნამდვილი ფასეულობის ტოტები. მიეცით ფერები და გემო მათ მომავალს ხელოვნების სიყვარულით, ხელოვნებასთან მეგობრობით.
დღესასწაულები უნდა ვაჩუქოთ შვილებს!
წარმატება სულის მდგომარეობაა!
p.s.: როცა (როგორც ყოველთვის) ჩემს „პირველ მკითხველს“(რა თქმა უნდა – ნიტიკოს) ეს ბლოგი ჩავუგდე, რამდენიმე შენიშვნა მომცა 🙂 : დამემატებინა, რომ თეატრმა ჩვენი – დედის და შვილის ურთიერთობის კიდევ ახალი მეგობრობის ათვლა დაიწყო, რომ საერთო ლტოლვამ თავიდან აღმოგვაჩენინა ერთმანეთში ბევრი მსგავსი და საინტერესო თვისება, რომ შემოქმედებითი დიალოგი ორივე თაობას ერთნაირად ასხივოსნებს, რომ ასეთ დროს ყველა ყოფითი პრობლემა მასშტაბს კარგავს, რომ შემოქმედებით იდეაში ერთობა ყველაზე სულისმიერი ერთობაა 🙂 და კიდევ სხვა სასურველი ჰარმონიები….. და აქაც , ძალდაუტანებლად, ჩვენებური დრამატურგიით, დიალოგი/უკუკავშირი შედგა :). ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება შვილისგან თეატრით იჩუქო.
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები