მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მწვანე კურორტის “შავი ბედი” – წყალტუბოს რეაბილიტაციას “ქართული ოცნება” წლებია, აანონსებს

მწვანე კურორტის “შავი ბედი” – წყალტუბოს რეაბილიტაციას “ქართული ოცნება” წლებია, აანონსებს

2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და „ქართული ოცნება“ მოვიდა, არ წყდება დაპირებები, საჯარო წერილები, პრეზენტაციები და პრესკონფერენციები იმის შესახებ, რომ კურორტ წყალტუბოს განვითარება იწყება.

პრემიერ-მინისტრები, რეგიონული განვითარების მინისტრები, იმერეთის გუბერნატორები, წყალტუბოს მერები იცვლებიან, თუმცა უცვლელია დაპირება და პრეზენტაციები სანატორიუმ “მედეას“ წინ, რომ წყალტუბოს რეაბილიტაცია იწყება.

2019 წელს, იმერეთის გუბერნტორმა განაცხადა, რომ წყალტუბო მალე ხარაჩოებში მოექცევა, დღეს 2022 წლის ივლისია, წყალტუბო კი ისევ განვითარების მოლოდინშია.

2019 წლის 29 ოქტომბერი

გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მზად არის, პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ეს ობიექტები გაასხვისოს ნებისმიერ ინვესტორზე.

2019 წლის 11 ნოემბერი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებას კურორტ წყალტუბოს განვითარების გეგმის მთავარი მიმართულებები გააცნო.

ნათია თურნავამ შეკრებილ საზოგადოებას წყალტუბოს განვითარების ძირითადი ექვსი მიმართულება გააცნო, რომლის განხორციელებასაც მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს. ესენია: კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება; კურორტის ინფრასტურქტურული განვითარება – წმინდა ინფრასტრუქტურული პროექტები; წყალტუბოს ტერიტორიაზე, ყოფილ სანატორიუმსა თუ სხვა შენობებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებლის შეთავაზება; კურორტის ერთიანი ადმინისტრირება, ამ პროცესის ერთიანი მართვა; მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორცილება და კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა.

რაც შეეხება ერთიანი განვითარების გეგმის მომზადება და გენერალური გეგმის სახით დამტკიცებას, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ის შესასრულებლად სავალდებულო იქნება პროექტში მონაწილე ყველა მხარისთვის.

“ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რომ წყალტუბო განვითარდეს არა როგორც ცალკეული ქაოტური ინიციატივები, არამედ როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს დანამდვილებით ეცოდინება, თუ რა ვადებში, რა ფორმით, რა სახით ვითარდება მთლიანად ეს საკურორტო მიზიდულობის ცენტრი, რაც, რასაკვირველია, ჩვენთვისაც უფრო მარტივს, სწორს და გასაგებს ხდის ამ კურორტის მართვის და განვითარების პროცესს და კერძო სექტორისთვისაც ამცირებს იქ ინვესტირების რისკებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

2020 წლის 23 ოქტომბერი

წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მაჟორიტარი პარლამენტში ცოტნე ზურაბიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საკონკურსო კონცეფციები საზოგადოებას გააცნეს წყალტუბოს განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა.

მათ საზოგადოებას წარუდგინეს კურორტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და საპროექტო ჯგუფების უცხოელი ხელმძღვანელების გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე ისაუბრეს.

“ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები წყალტუბოს გენგეგმასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ვიხილეთ პირველი კონტურები იმ კონცეფციის, როგორი უნდა იყოს წყალტუბო. ახლა იქნება შერჩევა იმ კომპანიის ვინც ამას გააკეთებს. შემდგომი ეტაპი კი იქნება გენერალური გეგმა რის შემდეგაც უკვე მოექცევა წყალტუბო ხარაჩოებში. წყალტუბოს განვითარება რა თქმა უნდა მთლიანად რეგიონის მასშტაბით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. გახდება ტურისტული ცენტრი, რომელიც გასცდება რეგიონს და საქართველოს. ეს იქნება ღირშესანიშნავი კურორტი არამარტო ევროპაში არამედ მსოფლიოში” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

2022 წლის 5 ივლისი

მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკასა და ხალხის კეთილდღეობაზე.

“მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის გამართული, ხოლო მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის ასე ვთქვათ სიახლოვე დამატებითი უპირატესობა იქნება წყალტუბოსთვის. ეს ყველაფერი ერთად, რაც მთავარია, წყალტუბოს უნიკალურობა, მისი ბუნება, წყალი, ეს რესურსები ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ კურორტს. 2019 წელს წყალტუბოს მხოლოდ 25 000 ვიზიტორი ეწვია და ჩვენი ასე ვთქვათ ვარაუდით ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. საერთო ძალისხმევით, კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები