შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტი და ,,ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი – 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. თბილისში დააკავეს.
დანაშაულები თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ ი.დ.-მ, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ,,ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, მისთვის ეტაპობრივად 15 000 აშშ დოლარის გადახდა და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობა მოსთხოვა ქუთაისში მცხოვრებ მეწარმეს – დ.ზ.-ს, კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის გამო დ.ზ.-მ ბრალდებულს ჯამში 16 000 ლარი გადასცა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=5ZInrdvbORU&t=39s
კომენტარები