მთავარიახალი ამბებისლაიდი

ნედ პრაისი – აშშ გააგრძელებს მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით

ნედ პრაისი – აშშ გააგრძელებს მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით

აშშ გააგრძელებს ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან.

“ჩვენ ძალიან მკაფიო და გულწრფელი ვართ ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის საყრდენების გაძლიერების განგრძობად საჭიროებებზე საუბრისას, რისი ნახვაც გვინდა საქართველოში და მსოფლიოში. ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ასევე კანონის უზენაესობას. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში.

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, თქვენ ჩვენგან გამუდმებით გესმით საუბარი თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის როლის შეუცვლელობაზე მსოფლიოში. რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის საჭიროებაზე. აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინებისა და ჩაგვრის მსხვერპლი, მათი მუშაობა ჩაახშეს და უამრავი მათგანი ტრაგიკულად იქნა მოკლული მათი მოვალეობის შესრულების დროს და მათი მოვალეობა სიმართლის თქმაზე მეტი არაფერია და ისინი არაფერს იყენებენ გარდა კალმისა და კლავიატურისა. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილას და მათი ამოცანის ნაწილია, გაგრძელდეს საქართველოსთან პარტნიორობა.

პრაისმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მისწრაფებების რეალიზებას სჭირდება დრო, შრომა და მოთმინება.

“ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ და როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ის კარგი შესაძლებლობები აქვს, წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, წაახალისოს საქართველო, განახორციელოს გარკვეული გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში ვერ ახდება. მათ რეალიზებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. ამას მძიმე შრომა სჭირდება. ამას მოთმინება სჭირდება. განხორციელებას მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა და ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა რესურსებით, პირდაპირი მხარდაჭერით ბევრ შემთხვევაში და ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები