არავისთან არ მაქვს თავი სამართლებელი და საბოდიშო და ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას, არავის დავაკომპლექსებინებ არც საკუთარ თავს, არც ოპოზიციას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.
მისივე თქმით, ისტერიული აპელირება ოპოზიციის სისუსტეზე წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობასა და შეუგნებელ სიბრიყვეს. ხოლო ოპოზიციის სისუსტეში თავად ოპოზიციის დადანაშაულება – უსინდისობის აპოგეას, უკეთეს შემთხვევაში კი სრულ პოლიტიკურ სიბეცეს.
“ოპოზიციის სისუსტე პირდაპირ პროპორციულია ავტორიტარული რეჟიმის სიძლიერესთან.
ამ საუკუნეში, არასოდეს არ ყოფილა საქართველოში ავტორიტარიზმი ისეთი მძლავრი როგორც დღესაა და ვინმეს ჰგონია, რომ ეს ობიექტურად არ დააზიანებდა ოპოზიციას?
სადაცაა 10 წელი შესრულდება, რაც რუსული ოცნება სათავეშია. ამ ხნის მანძილზე ის ცდილობდა ჩვენს გაქრობას. ჩვენ გვიწევდა გამკლავება ძალასთან, რომელსაც ხელთ ჰქონდა ყველა ბერკეტი, ყველა რესურსი, რასაც ემატებოდა საერთაშორისო მხარდაჭერაც, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც დაკარგა.
სწორედ საერთაშორისო და ელექტორალური მხარდაჭერის დაკარგავა აჩენს იმ დიდ შანსსა და იმედს, რომ კოლაბორაციონისტული რეჟიმი თავიდან მოვიშოროთ. ეს გადასარევად იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ხდება ის, რაც ხდება.
ამ ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ ლუსტრირებული, სახელგატეხილია, ნდობაც დაკარგული აქვს და მხარდაჭერაც. იცის ეს და საკუთარი თავის გათეთრებას აღარც ცდილობს, ამაზე აღარც კარგავს დროს, ფულს და ენერგიას. სამაგიეროდ, გავეშებული მუშაობს ოპოზიციის გაშავებაზე. პრინციპი მარტივია – არც მე ვარგივარ, არც ეგენი.
დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის სუსტად წარმოჩენა და ამ სისუსტეში მისივე დადანაშაულება წარმოადგენს ოლიგარქის სტრატეგიულ მიზანს. მექანიზმი მარტივია – საზოგადოება ხვდება რომ ივანიშვილი და მისი ოცნება შესაცვლელია, მაგრამ დღენიადაგ აწვეთებენ რომ შემცვლელი არაა – არსებული ძალებიდან არავინ ვარგა და უნდა დაელოდონ ახალ ძალას. ოლიგარქმა გადასარევად იცის რომ ახალი ძალები ნაწვიმარზე სოკოსავით არ ჩნდება და იმ ჰიპოთეტურ ძალების გამოჩენამდე ბურთი და მოედანი ისევ მას რჩება”, – წერს მელია.
მისივე თქმით, “ომში ვართ და რევერანსების დროა არაა”.
“ნამდვილად არაა იმის დრო, რომ ვინმეს საამებლად ან ამბიციების დასაკმაყოფილებლად მოჩვენებითად ან ვებოდიშო, ან თავი ვუქნიო, თითქსოდა მათ უსაფუძვლო კრიტიკას ვიღებთ და ვიზიარებთ.
არავისთან არ მაქვს თავი სამართლებელი და საბოდიშო და ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას. არავის დავაკომპლექსებინებ არც საკუთარ თავს, არც ოპოზიციას.
ვიცი რომ ურთულესი ბრძოლაა, მაგრამ რამდენადაც რთულია, იმდენად მძლავრია სურვილი და ჟინი გამარჯვების”, – წერს მელია.
კომენტარები