მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნუცა – სიხარულის პატარა ჰორმონი

ნუცა – სიხარულის პატარა ჰორმონი

ჩვენს პირველ შეხვედრას მზიანი დღე უფრო მოუხდებოდა, მაგრამ მოულოდნელად საშობაო ფიფქები წამოვიდა ციდან და აღარც გაჩერდა. ვისხედით ჩაის სახლის გოგრისგულისფერ ანტრესოლში და ოვალური ფანჯრიდან ვუცქერდით ქუთაისურ ზამთარს – ტლანქი, წყლიანი ფანტელებით ჰაერში ზარმაცად მოცეკვავეს, თითქოს ახალგაღვიძებული ხმით გეუბნება “აჰა, მოვედი, მოვედი“ და გამადლის ამ ერთიანად გარჯას.

ნუცას “მონოსპექტაკლი“ ზუსტად ერთი კვირის წინ ვნახე პირველად. ჩემამდე, როგორც ხშირად ხდება, ეს ვირუსული ვიდეო უკვე 100 ათასამდე ადამიანს ჰქონდა “დაჰაჰავებული“ სოციალურ ქსელში. სტატისტიკას იშვიათად ვენდობი. მაგრამ პატარა მსახიობის  ექსკლუზიურმა გრიმმა და თითების განსაკუთრებული სიმკვეთრით მოძრაობამ უხმოდაც მომხიბლა. საავტორო ნიშანი მოჰყვებოდა.

მხოლოდ  ამის შემდეგ მივეცი ვიდეოს ხმა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი მოვლენით სასიამოვნოდ დაქანცული ვიყავი, რამდენჯერმე თავიდან და თავიდან, კიდევ თავიდან და თავიდან მოვუსმინე.

კამერის წინ პატარა და სხარტი ნიჭიერება, სიტყვების და ქვეტექსტების, მიმიკის და განცდების ნიაღვარს უშვებდა და არსად უწყდებოდა და არ ებურდებოდა ფიქრის, თუ წარმოსახვის ბრჭყვიალა ძაფი. ტავტოლოგიის გარეშე, სრულიად ოსტატურად ცვლიდა მისი კრებითი პერსონაჟის გააზრებულ და რეალურ ნათქვამს, შეფასებას და ზრახვას. ერთ, საკმაოდ ვრცელ მონოლოგში, ძალდაუტანებლად ახდენდა ტემპის და ფერების ცვლას და უზარმაზარი ბეჭდებიანი პატარა თითების კონცენტრირებული მოძრაობით, კიდევ უფრო გარწმუნებდა საკუთარ ნამდვილობაში.

ალბათ, უკვე ყველამ იცით, რომ ნუციკო 11 წლისაა. მის საინტერესო სამყაროს იმდენი გმირი და ხმა აქვს, იმდენი ხასიათი, რამდენსაც კარგი განწყობის შემთხვევაში თამაშობს, ასე – ენის კუნთს ცოტა გაამკვრივებს მძაფრი “ლ”-ს წარმოსათქმელად და მაშინვე თვალებიც სხვანაირად ეხუჭება, თითქოს ასაკი შეივსოო. კარგი დაკვირვების უნარით იწყებს პაროდიას და ამ უწყინარ კომიკურობაში, არაჩვეულებრივად აანალიზებს ფსიქოტიპს, რომელსაც ამ წუთებს უძღვნის. მისი თაობისთვის ბევრად შეუმჩნეველ ნიუანსებს თითქოს რეფლექსურად ამოყრის და უმკვეთრესი ტონებით ზუსტად დაგიხატავს პერსონაჟს, რომელსაც მის მეხსიერებაში გადასვლის პატივი ერგო. მეღიმება და ისე ვწერ, თითქოს ლაბორატორიულ ანალიზს ვაკეთებდე..

ბედნიერებაა სხვების გაღიმების, გაცინების და გამხიარულების ნიჭი დაგყვეს დაბადებიდან. თანაც ამ ნიჭთან ერთად, გონიერებაც – უსწრაფესად აკინძო ფრაზებსა და ფრაზებს შუა ახალი ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სულ ცოტა ხნით ნახე, თან ითამაშო მოუმზადებლად, მერე წამებშივე მიუბრუნდე და გამოტოვებული სახასიათო ნიშნებით ამოავსო შენგან ექსპრომტად დაბადებული გმირი.

ნუცა თეატრზე ოცნებობს, ბუნებრივია. და ამ ეტაპზე, მსახიობობა უნდა. ჯერ არ იცის როგორია სხვისი ტექსტის დამორჩილება, არ იცის როგორია სხვისი გამოგონებული ითამაშო. არადა, თუ წერას დაიწყებდა, საოცარი დრამატურგი ეყოლებოდა მის თაობას. რაც მის ოცნებას სულ უშლის ხელს. პირიქით..

მითხრა, რომ თუ პომადის მოძრაობას  ტუჩებს გადააცილებს და დიდ ხალს გაიკეთებს, უკვე მზადაა გარდასახვისთვის. მერე მარგალიტის მძივები, ლაჟვარდისფერი ქუსლიანი შუზები დედის გარდერობიდან, ცოტა ჰაეროვანი ბალიშები კაბის ქვემოთ და “ატარე ქართული“-ს რამდენიმე თვალში მოსახვედრი, მასშტაბური ბეჭედი 11 წლიან პატარა თითებზე და… სულ სხვა ქალია – სხვა ისტორიით, სხვა ხმით, სხვა მოძრაობით, სხვა დამოკიდებულებით..

თუმცა, არც ერთი მათგანის გარეშე არ გასჭირვებია ჩვენს „ფოე-ფოე“ პაემანზე რამდენიმე ადამიანად ეგრძნობიებია ჩემთვის თავი და კიდევ ერთხელ გავეოცებინე მისი მუსიკალური აღქმით, მეხსიერებით, სწორი აქცენტების გამოტანით, სისხარტით და მდიდარი გრიმასებით.

პაროდია ყველაფერშია. პროზაში, პოეზიაში, მხატვრობაში, მუსიკაში. ევრიპიდე ჰომეროსის პაროდირებას აკეთებდა, არისტოფანე კი ევრიპიდეს და ესქილესას, ერთად. ძველი ბერძნები ღმერთებს ეთამაშებოდნენ პაროდიებით. ხანდახან პაროდია ორიგინალსაც კი ჯაბნის. გააჩნია ავტორს.

ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ ნუციკოს უსაყვარლესმა ვიდეოებმა უცნობი ადამიანებიც შემაყვარა, მისი პერსონაჟების დედნები და ინსპირატორები. სიამოვნებით მოვისმენდი მის ეტიუდს ჩემზეც, რომელსაც მაშინვე “90-იანელების“ სინდრომი აღმომიჩინა. თეატრში ამ ხერხს “მრუდე სარკეს“ ეძახდნენ და რა საჭიროა ხშირად შეხედო საკუთარ თავს სხვისი აღქმით, რომელსაც, იდეალურ შემთხვევაში, ნუცას თვითნაბადი არტისტიზმის მდიდარი პალიტრა ახლავს.

იღბლიანი შეხვედრები ამ  პატარა “სიხარულის ჰორმონს” ცხოვრების დიდ გზაზე.

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები