საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
მისი თქმით, ის მოსახლეობის გვერდით იქნება ბოლომდე.
“თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოეპარათ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მე ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ იმ კართან, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ. ჩვენ არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის გარდა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და არის ესოდენ ძვირფასი.
მე დღეს უცხოელ მედიას მივეცი 17 ინტერვიუ, რადგან ავუხსნა რა ხდება აქ. მე ვესაუბრე 6 პრეზიდენტს, ვესაუბრე საგარეო მინისტრებს. სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან ძალიან ბევრი შეტყობინება მოგვდის, სადაც ჩანს მათი გვერდში დგომა. ყველა გვეუბნება ერთ რამეს, რომ არავინ აღიარებს ამ არჩევნებს. ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და სხვათა შორის, შეიძლება, ამისთვის მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი. ყველანი ერთად და თქვენი დახმარებით უნდა შევქმნათ სრული სურათი, თუ, როგორ მოხდა ის უნახავი, ის უპრეცედენტო ხმის წართმევა მასიურად. ეს არის წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი და კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ ერთად ვართ და არავინ დატოვებს ამ შედეგებს ასეთ დღეში. ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს. ჩვენ არაფერი გვაქვს სხვა თუ არა ხმა. ხმა ხალხისა, ხმა ერისა, რომელიც უნდა აღვასრულოთ და ასეც იქნება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები