მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ოქროს ჩარდახის სახელით ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშეა

ოქროს ჩარდახის სახელით ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშეა

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – “ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია შეჩერდა. აქტივისტები შიშობენ, რომ მიტოვებულ შენობას განადგურების საფრთხე ემუქრება.

ქუთაისში ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საზოგადოება ოქროს ჩარდახის სახელით იცნობს, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ დღეს შენობა გამოშიგნულ მდგომარეობაშია და გაურკვეველია, როდის განახლდება სამუშაოები. კომპანიამ, რომელიც რეაბილიტაციას ახორციელებდა, მერიას აცნობა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში გარკვეული უზუსტობები იყო, რის გამოც, სახელშეკრულებო ვადაში სამუშაოები ვერ დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ, შემსყიდველმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც არ შედგა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია

ოქროს ჩარდახი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის იმერეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. შენობის რესტავრაცია – რეაბილიტაციისა და მიმდებარე ფუნქციური ზონის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. პროექტი შპს „მნ-პროექტმა“ 49 000 ლარად მოამზადა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ გვიან შუა საუკუნეებს მიკუთვნებული შენობა, წლების განმავლობაში, არაერთხელ გადააკეთეს და ამდენად, მისი პირვანდელი სახის წარმოდგენა შეუძლებელია. კომპანია მიუთითებს, რომ პროექტის მომზადებამდე, ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და საფიქსაციო სამუშაო. ასევე, მოიძიეს და გამოიყენეს საარქივო მასალები.

პროექტი ითვალისწინებდა შემდეგ სამუშაოებს: შენობის მეორე სართულის ოთხივე ფასადზე ნალესობების მოხსნა და მის ქვეშ არსებული ქვის წყობის აღდგენა; ძველი და დაზიანებული კარ-ფანჯრის ჩანაცვლება ახალი კარ-ფანჯრით; შიდა სივრცეში განთავსებული მუზეუმის მთავარი დარბაზის უსახო ბუხრის დაშლა და მის ნაცვლად მეთვრამეტე საუკუნის დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ქვის დეკორატიული ბუხრის აშენება; დაზიანებული ხის აივნისა და მის ქვეშ არსებული ქვის სვეტების დაშლა და ახლის მოწყობა, აივნის გადახურვა კრამიტით; დაზიანებული სახურავის მთლიანად დაშლა და ახალი ოთხქანობიანი ხის ნივნივების მოწყობა, რომლებიც დეკორატიული კრამიტით დაიფარება, სახურავის გარშემო, მთელ პერიმეტრზე, ქვის პარაპეტის მოწყობა; პირველ სართულზე არსებული ქვის კოლონებისა და თაღების რესტავრაცია-აღდგენა; ეზოს სამუშაოები და სხვა. რესტავრაცია-რეაბილიტაცია სწორედ აღნიშნული პროექტის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო.

შეწყვეტილი ხელშეკრულება

ქუთაისის მერიამ შპს „ივერთმშენთან“ (251721150), რომელიც ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა, 955 555-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გააფორმა. აპრილით დათარიღებულ წერილში კი, რომელიც ზედამხედველმა შპს „ჯეოექსპერტმა“ შემსყიდველს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ მშენებელმა კომპანიამ მხოლოდ სადემონტაჟო სამუშაოები შეასრულა. მერიამ მიმწოდებელი გააფრთხილა. პასუხად „ივერთმშენმა“ მისწერა, რომ მუშაობა მყისიერად დაიწყო, თუმცა კონსტრუქციული პროექტის განხილვის პროცესში, გაურკვევლობები წარმოშვა, რის გამოც, ძეგლის რეაბილიტაციის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. კომპანიამ მერიას განსახილველი და დასაზუსტებელი საკითხები ჩამოუთვალა და მათი შესწავლა სთხოვა. შემსყიდველმა კომპანიას მიუთითა, რომ შესაბამისი კითხვებით პროექტის ავტორისთვის მაშინ უნდა მიემართათ, როცა ის ობიექტზე იმყოფებოდა. ასევე შეატყობინა, რომ პროექტის ავტორთან შეჯერებულ პასუხებს უახლოეს დღეებში გაუგზავნიდა. მაისში შემსყიდველმა „ივერთმშენს“ კიდევ ერთი გამაფრთხილებელი წერილი მისწერა, ერთი თვის შემდეგ კი ხელშეკრულება შეუწყვიტა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 145 244 ლარის გადახდა დააკისრა. იმ დროს კომპანიისთვის უკვე ანაზღაურებული ჰქონდა 100 000 ლარი. თუმცა შემსყიდველმა, ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, „ალდაგის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია აამოქმედა და თანხა დაიბრუნა.

„ივერთმშენმა“ სასამართლოს მიმართა.

პეტიცია ძეგლის გადასარჩენად

ხელშეკრულების შეწყვეტამდე, პროექტმა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გამოიწვია. ძირითადად, მიუღებელი აღმოჩნდა სწორედ სახურავსა და ქვის კოლონების რესტავრაცია-აღდგენასთან დაკავშირებით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ ოქროს ჩარდახი“, რომელმაც, ძეგლის გადარჩენის მიზნით, მოქმედება დაიწყო.

მიმდინარე წლის 23 მაისს აქტივისტებმა პეტიცია შეადგინეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მიმართვაში, რომლის ადრესატებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო არიან, ვკითხულობთ, რომ სარეაბილიტაციო პროექტიდან გამომდინარე, არაერთი კითხვა გაჩნდა როგორც არქიტექტურულ, ისე – კონსტრუქციულ ნაწილთან მიმართებით. საინიციატივო ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია სამუშაოების შეჩერება მანამდე, სანამ მისი ავთენტურობის შენარჩუნებისთვის საჭირო ყველა დეტალი და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკა არ გაირკვეოდა. აქტივისტებმა მიმართვის ადრესატებს, პროექტის განხილვის მიზნით, სთხოვეს შეხვედრის ორგანიზება, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სპეციალისტები, პროფესიული წრეები და საკითხით დაინტერესებული პირები ჩაერთვებოდნენ.

მიმდინარე წლის ივლისში, „ივერთმშენთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ქუთაისის მერიამ გამოაცხადა კიდევ ერთი, 1 273 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი, რომელიც არ შედგა, რადგან შესყიდვით არავინ არ დაინტერესდა. საინიციატივო ჯგუფის წევრებს აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებითაც არაერთი კითხვა ჰქონდათ, მათ შორის, როგორ უნდა შეასრულოს სამუშაოები სხვა კომპანიამ საკამათო პროექტის მიხედვით, რომლის კორექტირებაც არ განხორციელებულა. ამასთანავე, აქტივისტები კვლავ მიზანშეუწონლად მიიჩნევენ ძეგლზე პარაპეტის დამატებას, რაც მის იერსახეს მთლიანად შეცვლის.

არქიტექტორის პოზიცია

შპს „მნ – პროექტის“ მთავარი არქიტექტორი მალხაზ ლეკვეიშვილი, რომელიც ოქროს ჩარდახის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის ავტორია, ფაქტ-მეტრთან აცხადებს, რომ დოკუმენტში არაფერი შეუცვლია და ამის თაობაზე არც ქუთაისის მერიას მიუმართავს. ლეკვეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მშენებელ კომპანიასთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ, სამუშაო პროცესში „ივერთმშენის“ ყველა ის თხოვნა გაითვალისწინეს, რომლებიც პროექტს არსებითად არ ცვლიდა და საერთოდ, მშენებლებს ყველანაირად მხარს უჭერდნენ. „როგორც მე ვიცი, რაღაც გაურკვევლობაა მერიასა და კომპანიას შორის. ჩვენ მერიამ რაც შეკითხვები გამოგვიგზავნა, გავეცით პასუხი და გადავუგზავნეთ. მერე რა განვითარება მოჰყვა, მე არ ვიცი. პროექტის მიმართ რომ მშენებლებს პრეტენზია ჰქონიათ, ახლა თქვენგან გავიგე“, – გვითხრა „მნ – პროექტის“ დირექტორმა.

რაც შეეხება აქტივისტების მოთხოვნას პროექტში ცვლილებების თაობაზე, არქიტექტორი ამბობს, რომ ეს მერიის გადასაწყვეტია და თუ ის ასეთი წინადადებით მიმართავს, შესაძლოა, პროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ.

პიარსამსახურის მეშვეობით ვცადეთ გარკვევა, აპირებს, თუ – არა ქუთაისის მერია არქიტექტორებს პროექტში ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართოს. ასევე დავინტერესდით, როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი, ან ხომ არ გეგმავს გამარტივებული შესყიდვის წესის გამოყენებას. პიარი დაგვპირდა, რომ კითხვებზე პასუხებს მოგვწერდა. თუმცა მეორე დღეს შეგვატყობინა, რომ პასუხის მისაღებად წერილით უნდა მიგვემართა და ინფორმაცია გამოგვეთხოვა. ვცადეთ დაგვერწმუნებინა, რომ ინფორმაციას კი არ ვითხოვთ, არამედ – კომენტარს. პასუხს დღის ბოლომდე ველოდებოდით, თუმცა მერიისგან კომენტარი ვერ მივიღეთ.

ბოლო არშემდგარი ტენდერის შემდეგ, ქუთაისის მერიას ელექტრონული შესყიდვა არ გამოუცხადებია და ხელშეკრულება არც გამარტივებული შესყიდვით გაუფორმებია. ამდენად, ოქროს ჩარდახის ბედი კვლავ გაურკვეველია. ჭიშკარს ბოქლომი ადევს, სახურავის კრამიტის ნაწილი მოხსნილია, ხოლო კრამიტის ქვეშ არსებული თუნუქის სახურავი, ზოგ ადგილას, სავარაუდოდ, დაზიანებულია. აქტივისტები შიშობენ, რომ ამ მდგომარეობაში ძეგლის დიდ ხნით დატოვება მას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

factcheck.ge

კომენტარები