მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პირველი მუსიკალური კურსები (პირველდაწყებითი სკოლა) ქუთაისში

პირველი მუსიკალური კურსები (პირველდაწყებითი სკოლა) ქუთაისში

ქუთაისი ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული ისტორიისა და შემოქმედების ქალაქია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. აქედან დაიწყო თავისი მოღვაწეობა კულტურის არაერთმა დიდმა მოღვაწემ და ქართული ხელოვნების მრავალ მიმართულებასა და თუ სფეროს სწორედ ქუთაისში ჩაეყარა საფუძველი.

1918 წლის აგვისტოში გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ იუწყებოდა, რომ ქალაქის ერთ-ერთ საზოგადო მოღვაწეს, ელენე ივანეს ასულ ბაინდუროვა(ბაინდურაშვილი)-გონიევისას განზრახული ჰქონდა ქუთაისში მუსიკალური კურსების (პირველდაწყებითი სკოლა) დაარსება და ამ მხრივ უკვე აქტიურად მოქმედებდა. ელენე ბაინდუროვა-გონიევისას იმ დროისათვის ქუთაისში მუსიკის მასწავლებლად მოღვაწეობის თორმეტწლიანი სტაჟი გააჩნდა და მას ბევრი მადლიერი აღზრდილი მოწაფეც ჰყოლია.

საარქივო დოკუმენტაციის თანახმად ვიგებთ, რომ 1919 წლის ივლისში ქუთაისელმა მოქალაქეებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ ნოე რამიშვილს ქუთაისში პირველდაწყებითი მუსიკალური კურსების გახსნის შესახებ. წერილს ხელი მოაწერეს ქუთაისში მცხოვრებმა პიროვნებებმა: თამარ ვარდოსანიძემ, მარიამ რუხაძემ, ვლადიმერ რუხაძემ, მარიამ ბალანჩივაძემ, ვერა კვიტაშვილმა, ელენე იმნაძემ, ელენე პეტროვამ, მარიამ ავალიშვილმა, ნინო მდივანმა, გიორგი ჯაფარიძემ, ნადეჟდა კანდელაკმა, ნინა ორახელაშვილმა, მარია დათუნაშვილმა, მარგარიტა ხარაზოვამ, თამთა კოსტავამ, ელენა ჯაკობიამ, ელენე მეძმარიაშვილმა, ვლადიმერ დოლიძემ, ნატალია თავდგირიძემ, სიმონ ნიჟარაძემ, სონია ყუფარაძემ, ივანე კილაძემ, ოლღა კიკაბიძემ, ზინა ყუფარაძემ, ბარნაბა ყუფარაძემ, ელიზავეტა ბლანეცკმა, ნადეჟდა კაპანაძემ, თამარ მალანიამ, შალიკო ჭუმბურიძემ, მარო ლეშკაშელმა, აპოლონ ჭუბაბრიამ, ქეთო ლეშკაშელმა, ნუცია ვარდოსანიძემ, თინა მალანიამ, ნინო მალანიამ, ქეთო ფხაკაძემ, საშა ფხაკაძემ, ქეთო წერეთელმა, მარო ნადარეიშვილმა, ელენე ბაინდუროვა-გონიევისამ.

განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნითი შინაარსის წერილში განსაკუთრებით აღნიშნული იყო, რომ ქუთაისის მუსიკალურ კურსებზე ისწავლიდნენ ხელმოკლე ოჯახების ბავშვებიც და ეს იქნებოდა ამ პირველდაწყებითი მუსიკალური სკოლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება.

საარქივო დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროდან ოფიციალური მიმოწერა წარმოებდა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორთან, ცნობილ კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძესთან. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელი დაარსდა 1918 წელს, პირველდაწყებითი სამუსიკო სკოლის დაარსებამდე ერთი წლით ადრე.

მდიდარი კულტურული ტრადიციების ქალაქ ქუთაისში 1919 წელსვე გაიხსნა პირველი მუსიკალური კურსები, რასაც საფუძველი ჩაუყარა მუსიკის პედაგოგმა ელენე ივანეს ასულმა ბაინდუროვა(ბაინდურაშვილი)-გონიევამ, რომელმაც მუსიკალური კურსების დირექტორად და გამგედ მოიწვია გამოჩენილი არტისტი, პედაგოგი და კომპოზიტორი ლეონიდე კნინა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის პირველდაწყებითი მუსიკალური სკოლის დირექტორად მოწვეულმა ლეონიდე კნინამ 1870 წელს გახსნა მუსიკალური სკოლა პეტერბურგში, ხოლო 1882 წელს მისი თაოსნობით მუსიკალური სკოლა გაიხსნა თბილისში. კნინას 50 წლის იუბილეც აღუნიშნავს თბილისის საარტისტო საზოგადოებას. ლ. კნინას ავტორობით რუსეთსა და მის საზღვრებს მიღმა გამოცემულია 250-მდე ოპუსი მუსიკალური თხზულებების – სალონური, კლასიკური და პედაგოგიური ჟანრის შესახებ. ლეონიდე კლინას პირველი კონცერტი დაუდგამს საზღვარგარეთ, 1857 წელს, ქ. პრაღაში. ლ. კნინას მოწაფე იყო შემდგომში ცნობილი რუსი კომპოზიტორი, პროფესორი გლაზუნოვი. თავად ელენე ბაინდუროვა(ბაინდურაშვილი)-გონიევისაც იყო ლ. კნინას ერთ-ერთი მოწაფე.

ქუთაისში პირველდაწყებითი მუსიკალური კურსების გახსნის შესახებ გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ იუწყებოდა:

“ქუთაისელ ახალგაზრდობას ეძლევა საშუალება, რომ სხვა ადგილებში წაუსვლელად მიიღონ მუსიკალური განათლება თავიანთ დედაქალაქში.

იმედია, ქუთაისის პატივცემული საზოგადოება ჯეროვანი ყურადღებით მოეპყრობა ამ მოვლენას და შეეცდება, რომ მას შემდეგშიც ჰყავდეს ბევრი მცოდნე მუსიკისა ახლად აყვავებულ საქართველოს რესპუბლიკაში, რომელ მუსიკის მცოდნეთაგან იყოს დამტკბარნი მათი და სხვა მსმენელთა მრავალტანჯული ერის სული და გული“, – წერდა გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“.

ამგვარად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირობებში, ელენე ბაინდუროვა(ბაინდურაშვილი)-გონიევისას თაოსნობითა და დიდი მონდომებით, ქუთაისელი მოქალაქეების თანადგომითა და ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერითა და ნებართვით საფუძველი ჩაეყარა პირველდაწყებითი მუსიკალური კურსების არსებობას ქუთაისში.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

ფოტოზე: ქუთაისის ერთ-ერთი ხედი, ბაჰრუზ ჰუსეინზადეს კოლექცია

კომენტარები