მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა“

“პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა“

რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი“ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირთან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონში კვლევა განახორციელა. კვლევის მიზანი, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების მონიტორინგი იყო იმერეთის 14 საჯარო დაწესებულებაში (მერია/საკრებულო).

კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: დისკრიმინაციული მიდგომის ამკრძალავი დებულებები დღემდე არ არის ასახული რიგი მუნიციპალიტეტის დოკუმენტებში. ნაწილმა ასახა ან ასახვის პროცესშია. თუმცა, ძირითად შემთხვევაში რეგულაციები არ არის სრულყოფილი. დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტი მიღებული არ აქვს პრაქტიკულად არცერთ მუნიციპალიტეტს. დისკრიმინაციის საკითხებთან მიმართებით ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებები (ტრენინგები, სემინარები, სწავლებები და სხვა) ნაწილობრივ ტარდება, თუმცა არასაკმარისად, რამდენადაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოკითხული საჯარო მოხელეები არ ფლობენ.

“ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ მიუხედავად მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესებისა, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები სათანადოდ არ არის ასახული შიდა დოკუმენტებში, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა“,- განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის  მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

კომენტარები