პროკურატურამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების – გიორგი ნეფარიძის, რომან მეგრელიშვილის და მალხაზ ლაბაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიება შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც 140 დღეა, კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავენ, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება.
სამივე მათგანმა სასამართლოში მისვლაზე უარი განაცხადა და მზად არიან, ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცენ.
“დაგვირეკა ჭიათურის რაიონული განყოფილების პოლიციის განყოფილებიდან გამომძიებელმა ლეილა ასანიძემ და გვითხრა, რომ უნდა გამოვცხადებულიყავით პოლიციაში დაკითხვაზე. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 226-ე მუხლით წარგვიდგინეს ბრალი და დაიწყეს გამოძიება. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ დაშინებას და სხვა ადამიანებისთვის იმის ჩვენებას, რომ თუ ვინმე ხმას ამოიღებს, მაგალითი უნდათ ალბათ საჩვენებლად”, – განაცხადა პროტესტის მონაწილე გიორგი ფერაძემ.
საქმე ეხება 20 ივლისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც აქციის მონაწილეების თქმით, სუსის და “ჯორჯიან მანგანეზის“ უსაფრთხოების თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით სცადეს კარის გახსნა და სამუშაო პროცესის განახლება, რასაც წინააღმდეგობა და შემდეგ აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მანგანუმის უკონტროლოდ მოპოვების შედეგად, მათ სახლები ენგრევათ და კომპანიისგან ზარალის ადეკვატურ შეფასებას და სრულ ანაზღაურებას ითხოვენ.
კომენტარები