21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიული დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
თარიღი პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება.
ჟურნალისტიკა პროფესიაა, რომელიც ამავე დროს არის საყვარელი საქმე, ცხოვრების წესი და უბრალოდ საქმე, რომლის კეთების დროსაც ირგვლივ ყველაფერი გავიწყდება.
“ინფო იმერეთმა” გადაწყვიტა დღეს მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტებისთვის ეკითხა, რა არის მათთვის ჟურნალისტიკა, რა აკლია და რას უსურვებდნენ ისინი ქართულ ჟურნალისტიკასა და ქართველ ჟურნალისტებს.
ირმა ჭოლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის კორესპონდენტი:
-ჩემთვის ჟურნალისტიკა არის გულწრფელობა – ამბავი მოვუთხრო მაყურებელს გულწრფელად და აუდიტორიის წინაშე ვიყო მართალი. ვთვლი, რომ ჟურნალისტიკაში კონტენტის ხარისხზე პროდუქტის ავტორის პიროვნული თვისებები დიდ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე თუ ადამიანი არის მართალი, შინაგანად გაწონასწორებული და პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს საზოგადოებას, ის არ მოიტყუება, ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის და განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი ჟურნალისტია. ვფიქრობ, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან კარგად ვიცი და ვაკეთებ ძალიან ხარისხიანად. რატომ გადავწყვიტე ჟურნალისტობა არ მახსოვს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ პროფესიის არჩევაში არ შევცდი.
ეკა ფხაკაძე, ტელეკომპანია “ფორმულას” იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კორესპონდენტი:
– როდესაც ჟურნალისტიკას ვირჩევდი, ვფიქრობდი, რომ არასდროს მომწყინდებოდა სამსახურში წასვლა, რომ მხოლოდ მნიშვნელოვან ამბებს მოვყვებოდი განსხვავებულად და დასამახსოვრებლად , რომ ახალ უოტორგეიტს გამოვიძიებდი, რომ ცხელ წერტილებში ვიმუშავებდი ისე, როგორც დღეს ჟურნალისტები უკრაინაში მუშაობენ. ჟურნალისტიკა ჩემთვის არის საზოგადოების თავისუფლების მაჩვენებელი, ინტერესის სფეროები ჩარჩოების გარეშე, სტრესი და ადრენალინი, არანორმირებული სამუშაო დღე და წარმატების განცდა დეტალებში, ომი მშვიდობის დროს და სიტყვის მნიშვნელობა ომიანობის ჟამს.
ხათუნა მაისურაძე, ტელეკომპანია “იმედის“ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის კორესპონდენტი:
– ჟურნალისტიკა ჩემთვის მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, ცვლილებების განხორციელების საშუალება, ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შეტანა და ცხოვრების მთავარი გამოწვევაა. იყო ჟურნალისტი ნიშნავს მნიშვნელოვანი ამბები სწორად მიიტანო საზოგადოებამდე. აუცილებელია მართალი შინაგანი ხმა, რომელიც არ მოგცემს საშუალებს აკეთო სუბიექტური ჟურნალისტიკა. ყველაზე დიდი სტიმული ამ პროფესიაში ის არის, რომ გვაქვს შესაძლებლობა ადამიანებს დავეხმაროთ და მათი ბედნიერი სახეები გავიზიაროთ. სწორად უწოდებენ ჟურნალისტიკას მეოთხე ხელისუფლებას – ჩვენ მოდარაჯეების ფუნქცია გვაქვს იმისთვის, რომ არ მივცეთ პოლიტიკოსებს შეცდომების დაშვების უფლება და ასეთის არსებობის დრო გამოვააშკარაოთ ობიექტურად. ვინც ერთხელ მაინც “მოიწამლება” ამ პროფესიით, მისგან განკურნება თითქმის შეუძლებელია. თავდაპირველად, ამ პროფესიის არჩევისას უფრო გაუაზრებლად ფიქრობ, რომ ცნობადობა, პოპულარობაა შენი მიზანი. თუმცა, მერე ხვდები, რომ ეს ბევრად მნიშვნელოვანი და საინტერესო სფეროა, ვიდრე წარმოგედგინა. ამ პროფესიას ბევრი სირთულე ახლავს. ერთდროულად ხარ თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი და დაუღალავი შრომა გიწევს, თუმცა, როცა ხვდები, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შეგიძლია, ყველა პრობლემა და სიძნელე მარტივად გადასალახი ხდება. ბოლო დროს მომრავლდა ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, ამიტომ ჩემს თავს და ჩემს კოლეგებს გამძლეობას, სამართლიან და ჯანსაღ სამუშაო გარემოს ვუსურვებ.
ირაკლი ვაჩიბერაძე, “მთავარი არხის” იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის კორესპონდენტი:
– პროფესიის არჩევისას დიდ ხანს არ მიფიქრია, რადგან ის, რომ ჟურნალისტი გავხდებოდი, ბავშვობიდან ვიცოდი. დაწყებითი სკოლის პერიდიოდან მიყვარდა მოვლენებისთვის თვალის მიდევნება, შეფასება და მათი მოყოლა. ამიტომ, როცა პროფესიული არჩევანის წინაშე ვიდექი, ყველაფერი ცხადი იყო – მე ჟურნალისტი გავხდებოდი. ჩემთვის ჟურნალისტობა ეს არ არის უბრალოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და ცხოვრების სტილი. 10 წელია, ამ სფეროში ვარ და არცერთი დღეა ამ საქმის გარეშე არ გამიტარებია. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც ჩემი ჟურნალისტური პროდუქტით შემიცვლია რომელიმე ქუჩის, კორპუსის, ოჯახის თუ თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება. მედია უნდა იყოს კრიტიკული, ჟურნალისტი კი ჩასაფრებული, რაც ხელისუფლებას აღარ აძლევს საშუალებას, რომ დაუშვას შეცდომა, ამით კი მხოლოდ საზოგადოება სარგებლობს. 16 ქალაქი და 500 მეტი სოფელი – ეს ის არეალია, რომლის პერიმეტრის მონიტორინგიც მევალება ყოველდღიურად. რთული, უმადური, თუმცა ამავე დროს ძალიან საინტერესო პროფესია ავირჩიე, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ნესტან ჩაგელიშვილი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის , იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კორესპონდენტი:
-ჟურნალისტობა ჩემი საოცნებო პროფესია არ ყოფილა. დროებით ჩავაბარე და ვაპირებდი, მალევე შემეცვალა, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ ამ პროფესიის დროებით არჩევაც კი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ჟურნალისტიკა ჩემთვის ნიშნავს პასუხისმგებლობას, სიმართლეს, ასევე შესაძლებლობას, გავაჟღერო და მოვაგვარო ადამიანების პრობლემები. ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკა.
თათა კაჭკაჭიშვილი, ჟურნალისტი, “რადიო თავისუფლება”
ჟურნალისტის პროფესია მუდმივი ძიება, ჭეშმარიტების მსახურება, ახლის შეცნობა და ადამიანების დახმარების შესაძლებლობაა, რომელიც წლებთან ერთად სულ უფრო გარწმუნებს პროფესიის სიკეთეში, მიუხედავად საფრთხისა, სიძნელისა და სირთულისა. ავირჩიე, რადგან საინტერესოდ მიმაჩნდა და ოცწლიანი გამოცდილებით კი ვამბობ, რომ ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პროფესია!!
ქრისტი ქარჩხაძე, ტელეკომპანია “პოსტვ”-ის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კორესპონდენტი:
-როდესაც ადამიანი ირჩევს მომავალ პროფესიას, ირჩევს სხვადასხვა კრიტერიუმისა და გარემოების გათვალისწინებით. მთავარი, რასაც გადამწყვეტი გავლენა აქვს, ეს არის, რომ მომავალი პროფესია ახლოს უნდა იყოს შენს ხასიათთან და გააზრებული გქონდეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვთვლი, რომ ნებისმიერი პროფესია და განსაკუთრებით ჟურნალისტიკა ადამიანების ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. ბედნიერი ვარ, რომ აღნიშნულ პროფესიაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც საგაზეთო სტატიას თუ სატელევიზიო რეპორტაჟს კონკრეტული ადამიანების ცხოვრება სასიკეთოდ შეუცვლია. ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ მედიის წარმომადგენლებს და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებ.
ქეთი ბერძენიშვილი, ჟურნალისტი, რადიო “ძველი ქალაქის” დამფუძნებელი:
-ჟურნალისტიკა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც სხვადასხვა დარგს მოიცავს. ჟურნალისტს შეხება აქვს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ეს არის პროფესია, რომელიც აშუქებს ყველას და თითქმის ყველაფერს. ჟურნალისტობა არის პასუხისმგებლობა და რისკი, ღირსება და ჰუმიანიზმი, ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა და ამავდროულად დაბალანსებული, ობიექტური ამბების მომზადება. როცა ჟურნალისტიკას ვირჩევდი, მაშინ ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ რამდენიმე ომის გაშუქებაზე მომიწევდა მუშაობა. რომ არა მხოლოდ რომელიმე ერთი, კონკრეტული მედიით მივიღებდით და გადავცემდით ინფორმაციებს, არამედ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა სოციალური, ინტერნეტ სივრცე. ეს არის პროფესია, რომელიც ვფიქრობ, ყველაზე ჰუმანური და ყველაზე მამაცია. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ, მეტად მშვიდობიანი და წარმატებაზე ორიენტირებული ამბები მოგვემზადებინოს!
ზეკო ხაჩიძე, ჟურნალისტი:
ჟურნალისტიკა ჩემთვის შემოქმედებითი სივრცეა საკუთარი დამოკიდებულების უკეთ სათქმელად, უკეთ საჩვენებლად – მხატვრული კადრით, სიტყვით, მუსიკით. მოკლედ არტი. ჟურნალისტობაც ზუსტად ამიტომ შევიყვარე. მინდოდა არტის გზით ადამიანების სულებში მოგზაურობა. მინდოდა ფასეულობებზე და ღირებულებებზე მსჯელობითი ლაპარაკი, ხმამაღლა, სხვებისთვის. და ვფიქრობ, ამ პროფესიით, საუკეთესო შემთხვევაში, სწორედ სამოქალაქო და შემოქმედებითი ღირსებები ერთიანდება. ეს არის ჩემი ჟურნალისტიკის უმთავრესი სინთეზი და არჩევანი.
თამუნა გვილავა, ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს ჟურნალისტი:
-ჟურნალისტობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ჟურნალისტიკის წრეზე მესამე კლასიდან დავდიოდი. ჩემი პროფესია, ჩემი ცხოვრების ნაწილია. ვფიქრობ, არაფერია იმაზე საინტერესო, ყველა ახალი ამბის ეპიცენტრში იყო და ხალხს სიმართლეს უყვებოდე.
მაია ყუფარაძე, ტელეკომპანია “რიონის” ჟურნალისტი:
-ვიდრე ლარი კინგის, ანნა პოლიტკოვსკაიას, ვერონიკა გუერინის და სხვა ცნობილი რეპორტიორებისა და ტელეწამყვანების შესახებ გავიგებდი, მე საბჭოთა პერიოდის ბავშვი ვარ და ჩემს პროფესიულ არჩევანზე გავლენა იქონია ფოსტალიონმა , რომელიც ჭიშკარზე დამაგრებულ სპეციალურ ყუთში ტოვებდა გაზეთების შეკვრას. ხარბად ვკითხულობდი და ვიმახსოვრებდი შავ-თეთრ ფურცელზე დაბეჭდილი სტატიების ავტორების სახელებს და გვარებს. ეს პროფესია ჩემთვის ნიშნავს ტვინის მუდმივ მზადყოფნაში ყოფნას, ყველა სფეროზე საფუძვლიან წარმოდგენას და ალბათ, ერთადერთი თუ არა ერთერთი პროფესია მაინცაა, როცა უნდა იმოქმედო გონებით და არ გახსოვდეს გული. ისევე , როგორც მედიცინაში არის მესიჯი-არ ავნო პაციენტს, ვფიქრობ, ასევეა ჩვენს პროფესიაშიც – არ უნდა ავნო სიმართლეს.
თეონა გიორგაძე, ჟურნალისტი, ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი:
-როდესაც 10 წლის ხარ და განუწყვეტლივ ისმენ ისტორიებს გმირების, ლეგენდების, იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც სამყარო უკეთესი გახადეს, გინდება შენც იმ მხარეს იყო- სიმართლის და უკეთესი სამყაროს მხარეს. მერე იზრდები და ხვდები, რომ ასაკთან ერთად სურვილები დიდად არ იცვლება, სხვა ფორმას იძენს და შენთვის შესაძლებელ ყალიბში სვამ. ამიტომაც ავირჩიე ჟურნალისტიკა, სიმართლის და ადამიანების მხარეს ყოფნა. ჟურნალისტიკა წერს უტყუარ ისტორიებს. ამსხვრევს მითებს და ლეგენდებს, შენს თვალწინ გარდაქმნის მათ რეალურ, შეულამაზებელ ამბებად. როცა ხარ ჟურნალისტი, გაქვს ვალდებულება ყოველი დღის მოვლენა აღწერო უტყუარი ფაქტებით, გააშუქო ამბები ავტორიტეტების ზეგავლენის გარეშე და იმუშაო განვითარებისთვის. ამასთანავე, არასდროს შეწყვიტო მცდელობა გახდე უკეთესი და შენს ირგვლივ ყველაფერი სიმართლის კანონს დაუმორჩილო.
თეკო ჭეიშვილი, ჟურნალისტი, ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი:
-ჟურნალისტიკა საინტერესო პროფესიაა. უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდები, მეეზოვიდან დაწყებული პრეზიდენტებით დამთავრებული. გულწრფელად რომ ვთქვათ, კონკრეტული პასუხი არ მაქვს რატომ ავირჩიე ეს პროფესია. ახლა რომ ვიხსენებ, ვეძებდი თავისუფლებას და სწორედ ამ სფეროში ვიპოვე.
მარიკა ხვედელიძე, ჟურნალისტი, ჭიათურის მერიის პრესსამსახური:
-ჟურნალისტიკისადმი ინტერესი და სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. მაშინ ამ პროფესიის მიმართ, შესაძლოა, უფრო რომანტიკული განწყობა მქონდა, თუმცა ამ საქმის გამორჩეულობას ყოველთვის ვგრძნობდი; სულ მომწონდა ცოცხალ პროცესებში მონაწილეობა, სიახლის ძიება, ადამიანებთან კომუნიკაცია. მომწონს ახლაც, როცა პრაქტიკული ჟურნალისტიკა საჯარო სამსახურმა ჩაანაცვლა და ძალიან მეხმარება დღევანდელ საქმიანობაში. შინაგანად თავს დღესაც ჟურნალისტად ვთვლი, ეს კი ძალიან მიადვილებს მედიასთან ურთიერთობას. ჟურნალისტიკა ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად, უზარმაზარ ყოველდღიურ შრომას მოითხოვს და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მათ სამუშაოდ კომფორტული გარემო შევუქმნა. რა ცვლილებაც არ უნდა განიცადოს ჟურნალისტიკამ, როგორც არ უნდა შეიცვალოს მედიაგარემო, ღირებულებები და ძირითადი პრინციპები იგივე რჩება: განათლება, ობიექტურობა და საზოგადოებისთვის რეალური პრობლემების მიუკერძოებლად გაცნობა. მინდა, ჩვენი მედია სულ იცავდეს ამ პრინციპებს.
ლელა გორგოძე, ჟურნალისტი, ზესტაფონის მერიის პრესსამსახური:
-ჟურნალისტობა ეს არის ყოველდღიურ რეჟიმში სიახლეებთან ერთად, მუდმივი კავშირი ადამიანებთან. პროფესია, რომლის გზა ადამიანურ ურთიერთობებთან ყველაზე ახლოს გადის.
ნანული ცხვედიანი, ჟურნალისტი:
-ჟურნალისტიკას სჭირდება სპეციფიკური ნიჭი და თავდადება. მკითხველი/მაყურებელი უმალ ამჩნევს, შემთხვევით მოხვდი ამ სფეროში, თუ მისთვის დაიბადე. ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის განსაკუთრებული შთაბეჭდილება იყო ჭიშკრებთან თუ სადარბაზოებში დაკიდებული თუნუქის საფოსტო ყუთები – პირთამდე სავსე ოჯახების მიერ ინტერესით შერჩეული თუ სამსახურებში პარტიული დავალებით მკაცრად გამოწერილი ჟურნალ-გაზეთებით. დაწყებითი კლასებიდან შევუდექი მათ კითხვას და უფროსკლასელს უკვე საყვარელი ავტორებიც (ჟურნალისტები)კი მყავდა, ვერკვეოდო თემებში და გარკვეულწილად, ჟანრებშიც კი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე, 21 წლისამ, საბოლოოდ ავირჩიე დიდი ხნის “შეთვალთვალებული” პროფესია და გაზეთ “ქუთაისის” რედაქციაში დავიწყე მუშაობა. გამიმართლა – პროფესიაში საუკეთესო მასწავლებლები მყავდა რუთს ბეროძის, სერგო მაღლაფერიძის, გივი მეფისაშვილის სახით. დიდი ჟურნალისტები იყვნენ.
თეა ბაბუნაშვილი, „სამტრედიის მაცნეს“ ჟურნალისტი:
-აქამდეც ასე ვფიქრობდი და ასეცაა – ჟურნალისტიკა არის ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავ. პრაგმატულ თანამედროვეობაში იქნებ პათეტიკად ჩამეთვალოს ეს სინამდვილე. ამიტომ, ვიტყვი- სიმართლისა და სამართლიანობის, პრინციპების ერთგულებამ გადამაწყვეტინა ეს პროფესია ამერჩია. ვერც არსენა ოძელაშვილობას დავიბრალებ და არც დათა თუთაშხია ვარ, მაგრამ უსამართლობის და მლიქვნელობის მტერი, ნამდვილად! ბავშვობიდან მთამსვლელობასთან ერთად ჟურნალისტიკას ,,დავადგი თვალი”. ეს ორი იყო ჩემთვის ოცნების მწვერვალი. ვერც მთამსვლელობით და ვერც ჟურნალისტობით დავლაშქრე მწვერვალები, მაგრამ უკვე 25 წელია, შემოვრჩი ამ პროფესიას. გულწრფელად გეტყვით, კარგა ხანს მერიდებოდა მეთქვა, რომ ჟურნალისტი ვარ, რადგან ეს იყო და დღემდე რჩება ჩემთვის დიდ პატივად, ტიტულად უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად. პასუხისმგებლობა კი განსაკუთრებით საჭირო მცნებაა თანამედროვე ქართული მედიისთვის, რადგან, სამწუხაროდ და ძალიან სამწუხაროდ, ნეგატივი ქვეყანაში იქცა პოზიტივად ჟურნალისტიკაში! ვიცი, ბევრი შემედავება, მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. რადგან ჟურნალისტიკა ოჯახისა და მეგობრებისგან განუყოფლად ჩემი ცხოვრებაა, ჩემი დევიზი, ,,აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს” ბუნებრივია, სწორედ ამ პროფესიისადმი ჩემს დამოკიდებულებაში ვლინდება. აგერ უკვე 25 წელია, შემოვრჩი იმ დიდი ისტორიის მქონე პატარა გაზეთს, სამტრედიის მაჯისცემას რომ დარაჯობს, მის ისტორიას ქმნის, დიდი წინააღმდეგობებით მოვიდა დღემდე და ,,სამტრედიის მაცნე” ჰქვია. განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში, კითხვას გადაჩვეული და მიუჩვეველი საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ უკანა პლანზე გადაინაცვლა ბეჭდვური მედიის ,,სურნელმა”. თუმცა ნურავის დაავიწყდება, რომ პრესა ჟურნალისტიკის ხერხემალია და სიტყვის გახედნვა ყველაზე დიდი ძალისხმევის შედეგი! წინააღმდეგობების, უსიამოვნებების მიუხედავად, ამ პროფესიამ ჩემი ცხოვრება გააბედნიერა, ძალიან მცირედით, მაგრამ ქვეყნისთვის საჭირო გახადა. ახლა, წლების შემდეგ, ზოგჯერ მრცხვენია შვილების სამართლიანი საყვედურის, შენი უფროსი შვილი ,,სამტრედიის მაცნეაო”, მაგრამ მხოლოდ ზოგჯერ, რადგან, ,,აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”!
ეკა შალამბერიძე, ტელეკომპანია “რიონის” ჟურნალისტი:
-პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი როლი ჩემმა პედაგოგმა და კლასის დამრიგებელმა ქალბატონმა ლია ჩხაიძემ ითამაშა. ყველა ჩემი თავისუფალი თემის წაკითხვისას ის ამბობდა – “ეკა შენ უნდა გამოხვიდე ჟურნალისტი”, მას შემდეგ დავიწყე ფიქრი ამ პროფესიაზე და ავირჩიე კიდეც. მიყვარს ჩემი პროფესია, რადიკალურად განსხვავებულ სფეროში თავი ვერ წარმომიდგენია. ეს არის საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ და რომელიც ძალიან რთულად მეთმობა. ვფიქრობ, კიდევ დიდი ხანი ჩემს თავს ამ მიმართულებით ვერ ამოვწურავ.
სალომე ჩუბინიძე, ტელეკომპანია “რიონის” და საინფორმაციო სააგენტო “act2”-ის ჟურნალისტი:
-ჟურნალისტობა სულ მინდოდა, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. დღეს მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავკეთე. ეს პროფესია ჩემთვის ნიშნავს, ემსახურო სიმართლეს, არ დამალო და დაამახინჯო ფაქტები, მიაწოდო აუდიტორიას ინფორმაცია და მიიღო უკუკავშირი. ჟურნალისტობა ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, ამიტომ როცა ირჩევ, მზად უნდა იყო გამოწვევებისა და სირთულეებისათვის. ჩემს კოლეგებს ვულოცავ დღევანდელ დღეს!.
მარიკა ვაჭარაძე, ჟურნალისტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კოორდინატორი:
-ეს პროფესია არის ჩემი ცხოვრების “ანი” და “ჰოე”, ამ პროფესიამ მომცა განვითარების შესაძლებლობა და მასწავლა კრიტიკულად აზროვნება. რთულია იყო ჟურნალისტი, რადგან ამ პროფესიას ახლავს ბევრი შრომა, უსამართლობაც და ზოგჯერ იმედგაცრუებაც, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა უნარების გამოვლენის და სურვილების ასრულების, სხვების გვერდით დგომის და დახმარების. ჟურნალისტი ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, რა დროსაც პირად შეხედულებებს და დამოკიდებულებებს აიგნორებ. ეს რთულია, მაგრამ დაძლევადი! ერთი წუთითაც არ ვნანობ იმ გზას რაც გავიარე, რომელიც ნამდვილად არ იყო მარტივი. გაგიმხელთ – ისევ ვგეგმავ დავბრუნდე.
ნანა კუკულავა, ტელეკომპანია “რიონის” ჟურნალისტი:
-ამ პროფესიით ბავშვობიდან ვიყავი მოხიბლული. მთელი ინტერესით ვეცნობოდი პრესას, ვუყურებდი სხვადასხვა პოლიტიკურ გადაცემებს. ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესიაა. იმდენად მიყვარს და ჩემია ჟურნალისტის პროფესია, რომ სამუშაო პროცესში ვერც დაღლას და ვერც დროის გასვლას ვგრძნობ. ახლის ძიება, შემოქმედებითი მიდგომა, საინტერესო ადამიანები, მიმდინარე მოვლენები,- პირველი იგებ რა ხდება გარშემო. და რა თქმა უნდა, ობიექტურობა და ოპერატიულობა მეოთხე ხელისუფლების განუყოფელი ნაწილია. კოლეგებო, ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ.
თამარ ქავთარაძე, ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს ჟურნალისტი:
-ჟურნალისტობა ჩემი ბავშვობის ოცნება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ალბათ, ჩვენი ხასიათის თავისებურებები სამომავლოდ ამა თუ იმ პროფესის არჩევისკენ გვიბიძგებს. ჩემთვის ეს მაგალითად ცნობისმოყვარეობა იყო. სწორედ სიახლეების, საგნებისა თუ მოვლენებისადმი შინაარსის შეძენის სურვილმა მომიყვანა ჟურნალისტიკაში. რთულია იმის თქმა, თუ რას ნიშნავს ეს პროფესია ჩემთვის, ასე რომ, მხოლოდ ერთი ფრაზით შემოვიფარგლები – ეს ჩემთვის უპირველს ყოვლისა, ხალხის მსახურებაა.
კომენტარები