“ქართული ონების“ წევრი ლაშა გოგიაშვილი თერჯოლის მერად უკვე მეორედ აირჩიეს. თუმცა, პირველი ვადით ამ პოსტზე მხოლოდ 1 წელი მოუწია ყოფნა, რადან 2020 წლის ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნებით გახდა მერი. მანამდე კი, რამდენიმე თვის განმავლობაში, მერის მოვალეობას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის გადაწყვეტილებით ასრულებდა, რადგან 2020 წლის აპრილში თერჯოლის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები ერთად დატოვეს. შესაბამისად, გოგიაშვილს დეკლარაცია, ჯერჯერობით, მხოლოდ 2-ჯერ აქვს შევსებული.
ლაშა გოგიაშვილი მეუღლესთან, სოფიო ცინცაძესთან და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ბოლო დეკლარაციაში მითითებულია, რომ სოფიო ცინცაძე თსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად მუშაობს. პირველ დეკლარაციაში მისი სამუშაო ადგილი მითითებული არ არის.
რაც შეეხება თერჯოლის მერის ქონებას, გოგიაშვილი და მისი მეუღლე 50-50%-ით ფლობენ თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე (დიდი დიღომი) მდებარე 84,2 კვ.მ ბინას, რომელიც 2008 წელს სოფიო ცინცაძეს 27 000 ლარად უყიდია.
2020 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ლაშა გოგიაშვილს ჰყავდა „ტოიოტა ქამრი“, რომელიც 2017 წელს 6 000 აშშ დოლარად უყიდია (გამოშვების წელი არ არის მითითებული). 2021 წლის დეკლარაციაში კი წერია, რომ წინა წელს ისევ 6 000 აშშ დოლარად გაუყიდია. მის მეუღლეს ჰყავდა „ტოიოტა რავ 4“, რომელიც 2014 წელს 3 500 აშშ დოლარად ჰქონდა ნაყიდი (გამოშვების წელი არ არის მითითებული). 2020 წელს მასაც ეს მანქანა ისევ 3 500 აშშ დოლარად გაუყიდია. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ლაშა გოგიაშვილს მანქანა აღარ ჰყავს, სოფიო ცინცაძემ კი 2021 წელს Nissan Juke იყიდა, რაშიც 5 000 აშშ დოლარი გადაუხდია.
2020 წლის დეკლარაციის თანახმად, გოგიაშვილს წინა წელს გასავალი ჰქონდა 5 500 ლარი, რითიც შვილის სწავლის საფასური გადაიხადა.
სხვა არანაირ უძრავ ან მოძრავ ქონებას და ფასიან ნივთს თერჯოლის მერი და მისი მეუღლე არ ფლობენ, არა აქვთ არანაირი კავშირი სამეწარმეო საქმიანობასთან. ასევე, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ აქვთ არანაირი დანაზოგი და ამ ორი დეკლარაციის თანახმად, არცსესხი აქვთ აღებული.
წყარო: droa.ge
კომენტარები