მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“რეზიმ ქალაქს, თეატრს, ჩვენ ყველას სხვაგვარი ფორმით გვითხრა სათქმელი…”

“რეზიმ ქალაქს, თეატრს, ჩვენ ყველას სხვაგვარი ფორმით გვითხრა სათქმელი…”

8 თებერვალს ქართველი საზოგადოება ტრაგიკულმა ამბავმა შეძრა. ბიჭმა, ვისთვისაც თეატრი ზეიმი იყო, პროტესტის ნიშნად, სიცოცხლე საყვარელი თეატრის სცენაზე დაასრულა.

“რეზიმ ქალაქს, თეატრს, ჩვენ ყველას სხვაგვარი ფორმით გვითხრა სათქმელი, ადამიანები უფრო მეტ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ ერთმანეთის წინაშე”, – ამბობს მსახიობი ნოდარ მელაძე. მსახიობი, რომელთან ერთადაც დაიწყო მუშაობა სპექტაკლზე “გოდოს მოლოდინი”, რომელიც მერე შეაჩერეს, ისევ დაიწყო, ისევ შეაჩერეს, დაიწყო და…

– რეზისთან ურთიერთობა დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე, პანდემიის პერიოდში, როცა ჩაკეტილები ვიყავით. იმ პერიოდში რეზი თეატრიდან ახალი წამოსული იყო. მან, როგორც მსახიობმა, დატოვა დასი, რადგან თეატრის პოლიტიკა არ მოსწონდა. გადაწყვიტა მაგისტრატურაში სარეჟისოროზე ესწავლა. ძალიან აქტიური მოქალაქე იყო, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა საკუთარი სამშობლოსადმი. სულ ცდილობდა, მისი საქმიანობა გამოსადეგი ყოფილიყო მშობლიური ქალაქისთვის, ქვეყნისთვის. ყოველთვის იყო იმ პრობლემებით შეძრული, რაც ჩვენს რეალობაში მწვავედ იდგა და დგას. მე და რეზის ერთად არაერთ პიესაზე გვაქვს ნამუშევარი, თუმცა რამდენ სპექტაკლზეც ვიმუშავეთ, ვერც ერთის გამოშვება ვერ მოხერხდა.

რეზისნაირ ადამიანებს ხელშეწყობა სჭირდებათ, რაც მის შემთხვევაში არ ხდებოდა. რთულია დააკომპლექტო გუნდი, შესთავაზო ანაზღაურება. მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი მისი იდეის გარშემო ვიყავით გაერთიანებულები. მისი დევიზი იყო: “შემოქმედება, შემოქმედება, შემოქმედება”. სულ ამას ამბობდა, შემოქმედის ენით უნდოდა ესაუბრა. რაც შეეხება “გოდოს მოლოდინს”, სანამ ამ სპექტაკლზე მუშაობას დავიწყებდით, მას ჰქონდა დეპრესიული პერიოდი, ყოველ ნაბიჯზე პრობლემებს აწყდებოდა. არავისკენ ხელს არ ვიშვერ, მაგრამ მისი გეგმების განხორციელებისას სულ პრობლემები ჩნდებოდა: ხან სცენას ვერ უთმობდნენ, ხან განათების პრობლემა იქმნებოდა…

ის არ ეთანხმებოდა თეატრის პოლიტიკას, პროტესტს ყოველთვის ღიად და დაუფარავად გამოხატავდა. ამბობდა, თეატრში ისეთი სპექტაკლები უნდა იდგმებოდეს, სადაც ბევრი კითხვა დაისმება, ბევრ შეკითხვაზე პასუხი იქნება. სცენიდან სიმართლე უნდა ისმოდეს, მხოლოდ სიმართლე და არა ის, რაც ადამიანებს აწყობთ და კომფორტის ზონაში ამყოფებთო…

რეზის ბოლოს გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე ვეუსაბრე. ძალიან დიდი გეგმა და იდეები მაქვს, ჩემ გვერდით ყოფნას მოახერხებო? მისმა ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. გული მტკივა იმ ფაქტით, რაც მოხდა. რეზიმ ქალაქსაც, თეატრსაც, ადამიანებსაც სხვაგვარი ფორმით გვითხრა სათქმელი, ადამიანები უფრო მეტი პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ ერთმანეთის წინაშე. იმდენად უყვარდა თავისი საქმე და სამშობლო, მჯერა, ბევრი კარგი რამის გაკეთებას შეძლებდა. მისთვის მესხიშვილის სახელობის თეატრი იყო ყველაფერი, ყველაფერს ამ თეატრს უკავშირებდა და უნდოდა, მუდამ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო. ფაქტია, ეს თეატრი მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის; გიორგი სიხარულიძის წასვლის შემდეგ, რეალობას მოწყვეტილია. არის განცდა, თითქოს რაღაცას აკეთებენ, მაგრამ თეატრი არ დგას მოქალაქეების მხარეს. რეზის ეს გულისტკივილი და პროტესტი ჰქონდა.

როგორც ვიცი, ერთ-ერთი ბოლო საუბარი ძმასთან ჰქონდა. ძალიან ძნელია კონკრეტულად რამეზე ილაპარაკო, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ დაიდება. როგორც ვიცი, თეატრში ეძებდნენ. რა დროს მოხდა ეს ამბავი, ზუსტად არავინ იცის. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან ჰქონია სატელეფონო საუბარი, ერთ-ერთს უკითხავს, – პრემიერა როდის იქნებაო? რეზის უთქვამს: “ძალიან მალე”.

რეზი ქაროსანიძეს ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბარი მეგობართან, მსახიობ ნუცა სულაბერიძესთან ჰქონდა:

“რეზისთან რაღაც საქმე მქონდა და 7 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე დავურეკე. ეს დიალოგი არაფრით განსხვავდებოდა ჩვენი სხვა წინა საუბრებისგან. თბილი, მეგობრული მოკითხვა იყო. მითხრა, თეატრში ვარო, კარგ ხასიათზე იყო, ვიდეოთვალით ველაპარაკე, მიმღერა. ვიცოდი, სპექტაკლზე მუშაობდა.

მსახიობები თითქმის ყველანი დეპრესიულები ვართ. რომ გითხრათ, რეზის გამძაფრებული ფორმით ჰქონდა-მეთქი, ასე არ იყო, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ყველას რაღაც გამოგვრჩა, ამას ვერავინ გავექცევით. ალბათ, კარგად ნიღბავდა, მალავდა, რომ სამეგობროს არ გვენერვიულა.

ჩვენს მიმოწერას გადავხედე. იანვარში მწერდა, “თეატრში მივდივარ”, “ახლა რეპეტიციას ვიწყებ” და ა.შ. ისეთი მოტივირებული იყო, იმდენი გეგმა ჰქონდა, ბოლო პერიოდში ისეთი მშვიდი გახლდათ, იმდენად კარგად გამოიყურებოდა, ეს ამბავი ყველასთვის მეხის გავარდნა იყო. 2 შვილი დარჩა, 14 და 4 წლის ბავშვები.

ექსპერტიზის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის ან რა უნდა თქვან? ალბათ, კონკრეტულ საათს დაასახელებენ, რა დროსაც ეს ამბავი მოხდა. ფაქტი ერთია, ჩემი რეზიკო აღარ არის…”, – აცხადებს ნუცა სულაბერიძე.

ჟურნალი “გზა”

კომენტარები