მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

როგორი მაყურებელი ყავს ქუთაისს

როგორი მაყურებელი ყავს ქუთაისს

ამ ფოტოზე დიდი კოტე მარჯანიშვილი და ლადო მესხიშვილია, თუმცა ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ჩემს დღევანდელ ბლოგთან პირდაპირი კავშირი არცერთ მათგანს არ აქვს. მხოლოდ ხარისხის და  განწყობისთვის ავირჩიე, როგორც ჩვენი მზისფერი შენობის ორი მოდარაჯე ხელოვანი.

ამბობენ – “ქუთაისს საოცარი მაყურებელი ყავს“.

ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. რას ნიშნავს? კრიტიკულ შემფასებელს, თეატრის კარგად მგრძნობელს, ნიჭიერს, ემოციის უშურველად გამომხატველს, ხარისხის ტესტერს, სცენაზე და ტაშზე შეყვარებულს, კარგის და უფრო კარგის, ცუდის და უფრო ცუდის განმასხვავებელს, თუ უბრალოდ გასტროლის და სტუმრის პატივისცემის უპირობო მოყვარულს?

ეჭვი იმაშიც შემპარვია – იქნებ, ყველა კუთხეში იგივე ესმის თელაველს, ზუგდიდელს, გორელს, ბათუმელს და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ გვიყვარს ამის გაგონება და მხოლოდ ჩვენად მიღება –

“ქუთაისში მაყურებელი განსაკუთრებულია“!

იქნებ, ეს იყო კიდეც ადრე? იქნებოდა, კი! ბრწყინვალე ტალანტებს შობდა ეს ქალაქი და ალბათ დიდებულის, კარგის და საშუალოს გარჩევაც ადვილად შეეძლო. ძველი პრესაც ამის დასტურია- თამამი კრიტიკის! სიტყვას ქონდა ფასი. არ არსებობდა  მოღვაწე, რომელიც თეატრის ბედზე გულგრილი იყო, რომელიც თეატრის ბედთან რაღაცით მაინც არ იყო დაკავშირებული, რადგან თვლიდნენ (და ასეცაა), რომ სცენა – საზოგადოების გულის  ხმა იყო, ტაში – ამ ხმის სოლიდარობა!

სულ გვესმოდა-  “ქუთაისს საოცარი მაყურებელი ყავს“.

მახსოვს, ტელევიზიაში ვმუშაობდი და ქალაქში ესტრადის ცნობილი მომღერლები ჩამოვიდნენ. მაშინ და დღესაც ცნობილები. სრული მობილიზება გაკეთდა მესხიშვილის თეატრის 800 ადგილიან ულამაზეს დარბაზში. ცნობილი ქალების ორგანიზებული იყო კონცერტი. მე კულტურაზე არ ვმუშაობდი, მაგრამ პლუსფონოგრამაზე გამღერებულმა პროგრამამ და მერე ქუთაისელი მაყურებლისგან ტაშით შეზანზარებულმა აპლოდისმენტებმა მაიძულა მიმეძღვნა კრიტიკული მასალა „ივერიონის“ ეთერში. ასეთი კონცერტების კრიტიკა არც მაშინ ითვლებოდა „ბომონდურ“ ტონად. მაგრამ პირისპირ „გარჩევა“ ვერ მაკადრეს, თუმცა უარესები გადაუტანია ჩემზე უფრო კომპეტენტურ  ჟურნალისტებს.

ის ცნობილებიც ამ აღტაცებით დაშორდნენ ქუთაისს – „თქვენს ქალაქს საუკეთესოდ შემფასებელი საზოგადოება ყავს“-ო 🙂 🙂

მე კიდევ, კარგი მაყურებელი  ძველი ქუთაისის ის ძვირფასი ადამიანები მგონია, მოსკოვის დასის გასტროლი რომ ჩაშალა „კონდრაბანდისტების“ წარმოდგენაზე. პიესის შინაარსი და ებრაელი ხალხის სცენიდან შეურაცხყოფა რომ არ აპატია სტუმრად (!)  ჩამოსულ თეატრს და ეს „მასპინძლობის“ ტრადიციის უპატივცემულობად  კი არა, ტოლერანტული და ევროპული ღირებულებების  ქალაქის ღირსების დაცვის დიდ სამოქალაქო აქტად ჩაწერა ქუთაისის ისტორიაში. თან, როგორც საარქივო მასალები იუწყებოდნენ, არც შემოქმედების თამასა  იყო მაღალი.

როგორი მაყურებელი ყავს ქუთაისს?

იქნებ, დროსთან და სათეატრო ცხოვრებასთან ერთად, ამაზე ყველამ ვიფიქროთ, დროდადრო?

იქნებ, აღსადგენია შეფასების და გემოვნების ტრადიცია ამ ნიჭიერებით სავსე ქალაქში?

იქნებ, ხნადახან ტაშის ხმაც მეტყველებდეს ამ განსხვავებებს? იქნებ, ხშირად, ძალიან ხშირად, შენი თეატრის სპექტაკლი, ბევრად უფრო ღირებულია შემოქმედებითად და იდეურად, ვიდრე სტუმარი, რა სახელიც არ უნდა ქონდეს მას?

მარჯანიშვილის თეატრის “ფიგაროს ქორწინებაზე” მაყურებლით გადავსებულმა დარბაზმა ისევ შეაზანზარა გაბმული ტაშით ეს ისტორიული შენობის სამიარუსიანი გული.

ეს ბლოგი არაა მარჯანიშვილელების კრიტიკა ჩემგან. ლამაზი სპექტაკლი იყო, უკარგესი კოსტუმებით, მშვენიერი სცენოგრაფიით, მხიარული ბომარშე, კარგი ახალგაზრდებით, აქა-იქ გულიანი თამაშითაც, ადგილ-ადგილ უსუსტესი მონოლოგებით აპარტეზე, ცოტა დამღლელიც, ცოტა ზარმაცად გასცენურებულიც..

და იმის თქმა მინდა… მხურვალე ოვაციების და აღტინებული მაყურებლის ფონზე ჩვენი მესხიშვილელები სხეულით მეტკინა. ჩვენები- ხშირ შემთხვევაში, ბევრად გულწრფელები და ეფექტურები მშობლიურ სცენაზე..

ამ გასტროლის მერეც, ტრადიციულად ითქვა ალბათ, რომ „არცერთ ქალაქს ისეთი მაყურებელი არ ყავს, როგორც ქუთაისს“ 🙂

ალბათ, მაინც ყველა ჩვენგანის ბრალია. თეატრშიც და თეატრს გარეთ.

ლევან წულაძისთვის ჩემი ბლოგი არაფერს ნიშნავს, და არც ჩემთვისაა ეს სათქმელი მისი „გადაფასება“. მარტო „სარდაფის თეატრი“ ეყოფა ამ რეჟისორის ბიოგრაფიას, რომ სულ ანათოს და სულ იყოს, მაგრამ შთაბეჭდილებითი გააზრება ხომ არის ჩვენი ლეგიტიმური უფლება?

გააზრებისთვის – მაყურებლობა, ხარისხის შეგრძნება და ამ ხარისხების შედარებაა მნიშვნელოვანი. ამიტომ, ბევრი გასტროლი ჭირდება ქუთაისს და ბევრი საკუთარი შემოქმედება ჩვენი უძვირფასესი მემკვიდრეობის თეატრს. და გაგვიმართლებს ოდესღაც, თუ საზოგადოებაც შემოქმედების მაყურებელი იქნება და არა მასპინძლობის მაყურებელი.

მიყვარს ჩემი ქალაქი და სულ მინდა ანგარიშს უწევდნენ მის გემოვნებას!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები