იმის ნაცვლად, რომ გუბერნატორი დაინტერესდეს რა ხდება მის რეგიონში, ახალი ავტომობილებით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა.
“როგორც ჩანს, ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა ახალი “ჩელენჯი” წამოიწყეს და ერთმანეთს ახალი ავტომობილებით იწვევენ. ქუთაისის მერმა, როცა ძვირადღირებული მანქანა იყიდა, თავი იმით გაიმართლა, რომ მაღალი გამავლობის არის და მჭირდებაო. საინტერესოა, იმერეთის გუბერნატორი როგორ გამოიყენებს “სედანს”, იდეაში ზემო იმერეთშიც და მთაგორიან ადგილებშიც უნდა იაროს.
იმის ნაცვლად, რომ გუბერნატორი დაინტერესდეს რა ხდება მის რეგიონში, სადაც ხან ხიდი ინგრევა და ხან გვირაბი, ის ახალი ავტომობილებით არის დაინტერესებული”, – აცხადებს გიგა შუშანია.
იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე დღეიდან “ტოიოტა ქამრით” გადაადგილდება.
რა დაუჯდა ბიუჯეტს, ვინ გადასცა ან როგორ და რა ფორმით შეიძინა ახალი სამსახურებრივი ავტომობილი გუბერნატორმა, ამ კითხვით “ინფო იმერეთმა” სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ახალი ავტომობილი რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის მერმაც იყიდა.
კომენტარები