მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“როდის გამოვა ჩემი ქალაქი ქუჩაში? ისინი, ვინც ნამდვილ ქუთაისელად თვლის თავს, მაგრამ მოვლენებს მუდამ გვერდიდან აკვირდება”

“როდის გამოვა ჩემი ქალაქი ქუჩაში? ისინი, ვინც ნამდვილ ქუთაისელად თვლის თავს, მაგრამ მოვლენებს მუდამ გვერდიდან აკვირდება”

ხვალ შეიძლება ის ევროპა, რომელსაც თუნდაც კოპიტნარის აეროპორტის ტაბლოზე განათებული ქალაქებით მკაფიოდ ვგრძნობთ, ჩვენთვის ისევ დიდი ხნით, მხოლოდ სტუმრისთვის მოყოლილ საამაყო წინაპრების ისტორიებში დარჩეს, – ამის შესახებ „ფორმულას“ იმერეთის კორესპონდენტი და მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრი ეკა ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

ჟურნალისტი ხვალ დაგეგმილ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება და წერს, რომ “მათ, ვინც ნამდვილ ქუთაისელად თვლის თავს, მაგრამ მოვლენებს მუდამ გვერდიდან აკვირდება”, არ გაუპროტესტებია ის, რომ ქალაქს საპარლამენტო სტატუსი წაართვეს, არც ის, რომ ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ჟურნალისტებს გაუსწორდნენ, არც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გამოსულან ქუჩაში.

“როდის გამოვა ჩემი ქალაქი ქუჩაში?

არა, აქტივისტებს და პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ. აი ისინი, ვინც ნამდვილ ქუთაისელად თვლის თავს, მაგრამ მოვლენებს მუდამ გვერდიდან აკვირდება. ვისაც ქუთაისი ეამაყება. ვინც ამ ქალაქის ისტორია ჩემზე, რუსული სკოლა და უნივერსიტეტ დამთავრებულზე ბევრად უკეთ იცის. ვისაც სტუმარი ფრანგულ ბულვარში მიჰყავს და ყველაზე ევროპელ ქართველებზე, ცისფერყანწელებზე უყვება. უხსნის, როგორ დასაჯა ისინი საბჭოთა იმპერიამ. მერე საბა კლდიაშვილის სკვერში გადაიყვანს და ნიჭიერ ახალგაზრდას გაიხსენებს, რომელმაც უკრაინაში პოგრომის დროს ებრაელების გადარჩენას შეწირა თავი. გზად სტუმარს მოხუცი კაცის ძეგლს აჩვენებს, განძის გადარჩენის დაუჯერებელ ისტორიას უამბობს და გალერეაში შეიტყუებს, სადაც პარიზიდან დაბრუნებული დავით კაკაბაძის თავისუფლების ნოსტალგიით გაჟღინთავს. ეტყვის, როგორ გააგდო რეჟიმმა დიდი მხატვარი აკადემიიდან, თურმე იმიტომ, რომ ის თავისი ნამუშევრებით რყვნიდა ახალგაზრდებს, რომლებიც მიილტვოდნენ ნათელი კომუნისტური მომავლისკენ…

როდის გამოვა ჩემი ქალაქი ქუჩაში?

საპარლამენტო სტატუსი და პარლამენტი წაართვეს – არ გამოვიდა…

ახალგაზრდებს თვალები დათხარეს – არ გამოვიდა…

ჟურნალისტებს გაუსწორდნენ – არ გამოვიდა…

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა – არ გამოვიდა…

ხვალ შეიძლება ის ევროპა, რომელსაც თუნდაც კოპიტნარის აეროპორტის ტაბლოზე განათებული ქალაქებით მკაფიოდ ვგრძნობთ, ჩვენთვის ისევ დიდი ხნით, მხოლოდ სტუმრისთვის მოყოლილ საამაყო წინაპრების ისტორიებში დარჩეს…

როდის გამოვა ჩემი ქალაქი ქუჩაში, როდის, თუ არა დღეს!!!

20 ივნისს, 15:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი ევროპული მომავლისთვის!“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

“20 ივნისი” ბარნაბ ფხაკაძის ნამუშევარი.

კომენტარები