მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

როკითი – სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში

როკითი – სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში

როკითი – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: დიდველა). მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 140 მეტრი, ბაღდათიდან 10 კილომეტრი. 1980-იანი წლებისთვის სოფელში შემორჩენილი იყო ძელქვის ცალკეული ეგზემპლარები.

1684 წელს სოფელთან გაიმართა როკითის ბრძოლა, რომელშიც იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ დაამარცხა გურიის მთავარი გიორგი III გურიელი და შეინარჩუნა ტახტი. XIX საუკუნის 30-იან წლებში სოფელი მეჩხრად იყო დასახლებული. დიუბუა დე მონპერემ სოფელში, ერთ-ერთ მამულში ნახა ზეთისხილის ხე, რაც იშვიათობა იყო. იოჰან გიულდენშტედტის ცნობით ზეთისხილის მოშენება ამ მიდამოებში სცადეს ახალციხელმა ოსმალებმა, მაგრამ უშედეგოდ.

სოფელში დგას შუა საუკუნეების ფერისცვალების სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია აფხაზთა კათალიკოსის სვიმონ ჩხეტიძის მიერ 1666 წელს. ტაძარი წარმოადგენს გვიან ფეოდალური ხანის მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აგებულ ერთნავიან ბაზილიკას. ტაძრის სამხრეთ და დასავლეთ ფასადზე ტაძარი შემკულია ორნამენტებითა და ასომთავრული წარწერებით. როკითის ეკლესიას უკავშირდება ერთ-ერთი დიდი ისტორიული მოვლენა – იქ მიიღო მეფე სოლომონმა ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

კომენტარები