მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

როცა “გვირილობა“ იწყებოდა… 1909 წლის ქუთაისი

როცა “გვირილობა“ იწყებოდა… 1909 წლის ქუთაისი

რამდენიც არ უნდა ვიდავოთ „გვირილობის“ ტრადიციასა და სავარდო ქუთაისზე, გონივრულად, თუ ემოციურად, ორმაისობის დღესასწაულმა უკვე  ბევრი სიხარული მოუტანა ქალაქს. არ აქვს მნიშვნელობა თეთრ და ყვითელ ფერებს სამაისო ყვავილის სურნელიც თუ შეემატება. სახალხო ზეიმი ამას მაინც მოიხდენს. ლეგენდაა, რომელიც უკვე მეორედ (1987 და 2008 წლებში) გაცოცხლდა და ესეიგი, დიდხანს არ უწერია დავიწყება. ხალხს ეკუთვნის და იმიტომ.

ფოტო, რომელიც „ქუთაისელობის“ მთავარ ხატად იქცა, 1912 წელს არის გადაღებული.

„ეს სურათი მამას და მედიცინის ისტორიის ქუთაისის მუზეუმს,  გაბო გოკიელის ქალიშვილმა, დოცენტმა ფატი გოკიელმა გადასცა“ – მეუბნება მადლენ გიორგაძე, საქართველოს  დამსახურებული ექიმის და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ გიორგაძის ქალიშვილი, რომელსაც მამის არქივში, კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა აქვს ჩვენთვის გადანახული.

ბევრი წერს, რომ „გვირილობა“ ქუთაისის ბაღში პირველად 1909 წელს გაიმართა და ალბათ, იმ წელს, ბევრად უფრო მოკრძალებულად, ვიდრე მომდევნო წლებში, რადგან ტრადიციას დაბადებაც სჭირდება და გაზრდაც, მზრუნველობა, რომ ადამიანებისთვის საყვარელ რიტუალად იქცეს. საშა ჩიქოვანიც, ვის სახელთანაც გვირილებით პირველ ქველმოქმედებას იხსენებენ, მისი ეპატაჟურობით და სილამაზით შემორჩა ალბათ, ხალხურ მეხსიერებას. ქუთაისურად. კუდრაჭულად. ეჭვი მაქვს, რომ ბევრად უფრო მეტი და საჭირო ადამიანი იყო ჩართული ამ ევროპული ტრადიციის გაქართულებაში (თვითონაც ხომ გავიარე უკვე ასეთი გზა 2008 წლიდან დაწყებული).

დღეს მაინც წარსულის მოსაფერებლად ჩავუჯექი ბლოგს. მგონია, რომ ყველაზე ცოცხალი, სწორედ 1909 წლის ქუთაისური ცხოვრების მოზაიკური წარმოსახვაა. რა ხდებოდა მაშინ ამ პატარა და საყვარელ ქალაქში. გავყევი არქივს, გიორგი მჭედლიძის და პურადაშვილების მოგონებებს და ვფიქრობ, ყველა ქუთაისელისთვის ადვილად წარმოსადგენი ერთი წელი მოვხატე.

მიუხედავად გაჭირვების, რა დაუცხრომელია იმ ეპოქის ინერცია და ხალხი.

1909 წლის ქუთაისი:

როცა (ამბობენ) პირველად ქალაქის ბაღში საქველმოქმედო სეირნობის დროს მკერდზე და კალათაში, „გიმნაზისტკების“ თეთრი გვირილა გაჩნდა, მაშინ ქუთაისის მოსახლეობა 50 380 -ს შეადგენს და აქედან 19 459 ქალია.

ქალაქს ზუსტი საზღვრები დადგენილი არ აქვს და ქუჩები მოხრეშილია. რიყის ქვით მოკირწლვა მხოლოდ ერთი წლის მერე იწყება. ფაიტონები დადის. პირველი ავტომანქანის გამოჩენამდეც წელიწადის ოთხი სეზონია გასაცილებელი.

ფერმის ქუჩიდან არქიელის გორაზე ასასვლელ კიბეებს ინჟინერი მიხაილოვსკი გულმოდგინედ აგებს და იმავე წლის ბოლომდე ასრულებს პროექტს. ქუთაისის ვალი 281 784 მანეთს შეადგენს. ღარიბები ვართ.

ქალაქის თვითმმართველობა 1909 წელს პირველად იწყებს საქმის წარმოებას ქართულ ენაზე და ქართული შრიფტის საბეჭდ მანქანას ყიდულობს.

სათათბირო გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო დროის გახანგრძლივებაზე. ფურნეები დილის 6 საათიდან ღამის 11 საათამდე მუშაობენ, საპარიკმახეროები 8-დან საღამოს 9-მდე. სამსაათიანი შესვენება მხოლოდ 17 წლის მოზარდებისათვისაა ნებადართული სწავლაშიც რომ არ შეეშალოთ ხელი.

სახელმწიფო ბანკი ქუთაისში საკუთარი განყოფილების გახსნას მხოლოდ იმ პირობით ყაბულდება, რომ ქალაქი ბინის საკითხს უზრუნველყოფს და კიდევ ერთი საკრედიტო დაწესებულება ემატება აქაურობას.

1909 წელს ქუთაისში პირველი სასოფლო-სამეურნეო გამოფენა ეწყობა, რისთვისაც ხმოსნები 100 მანეთის გამოყოფას დათანხმდნენ.

მწვანეყვავილას ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა იწყება.

ფორმდება ოფიციალური ხელშეკრულება ახალი სკოლისთვის შენობის აგებაზე (ახლანდელი #19 საჯარო სკოლა).

მარიამ ყაუხჩიშვილი საადგილმამულო ბანკისგან აღებული სესხით  ბოლოს და ბოლოს მისი გიმნაზიისთვის შენობას ყიდულობს, სადაც ოფიციალური სასწავლებლებიდან განსხვავებით, ქართული ენის და ლიტერატურის სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ალექსანდრე გარსევანიშვილის და ელენე ხელთუფლიშვილის საკვირაო სკოლის ბაზაზე ფუძნდება ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, განათლების ერთ-ერთი მძლავრი კერა, სადაც ლექციებს კითხულობენ დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე ჯანელიძე, ქრისტინე შარაშიძე და სხვები.

ყალიბდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, რომლის თავმჯდომარეც  გიორგი ზდანოვიჩია, მოადგილე კი  იოსებ ოცხელი.

ქალაქის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკებზე მზრუნველობა ამ წლიდან დავით კლდიაშვილს ეკისრება, რომელიც თვითმმართველობის სახაზინო გადასახადების საქმის მწარმოებლად მუშაობს.

იტალიელი სარჩო პავლინის კინოთეატრით წაქეზებულები, ტექნიკოსი ჩარექოვი და ავსარქისოვი ორსართულიან შენობას აგებენ  300-ადგილიანი დარბაზით და ასე იხსნება ქუთაისში კიდევ ერთი კინოთეატრი “მონ პლეზირი”. თეატრის მსახიობები აქ უფასოდ დადიან და კოსტუმებიც და მიზანსცენებიც ეკრანიდან წარმატებით გადააქვთ თავიანთ სპექტაკლებში (პურადაშვილები).

ქუთაისის თეატრალური დასის ხელმძღვანელობას იწყებს  ვალერიან გუნია. სეზონზე 55 წარმოდგენას მართავენ. დასში 21 მსახიობი ირიცხება.  სულ 27 134 მაყურებელი ესწრება სეზონს. რეპერტუარში  19 ქართული პიესაა და კიდევ შილერის „ყაჩაღები“, „მარიამ სტიუარტი“ და „ჰამლეტი“.  ქუთაისის თეატრი ბენეფისებთან ერთად, შილერის 150 წლისთავის იუბილესაც  აღნიშნავს.

1909 წელს პირველად გამოდის სცენაზე პატარა გოგონების ვოკალური კვარტეტი, რომელიც მსმენელს თავს „დები იშხნელების“ სახელით  აცნობს.

ამავე წელს, ვარლამ სიმონიშვილის გუნდი სამუელ ჩავლეიშვილის პატარა ჯგუფთან ერთად, ქუთაისში ფირფიტაზე  15-მდე სიმღერას  წერს.

1909 წლის 22 ოქტომბერს,  თბილისის ვაჟთა I და II გიმნაზიების გუნდები ექსკურსიაზე ქუთაისში ჩამოდიან და საქართველოში პირველ ოფიციალურ საჩვენებელ მატჩს ხოპელ კაზაკთა პოლკის მოედანზე მართავენ.

ამავე წელს, ღარიბ ბავშვთა დამხმარე საზოგადოება, რომელიც 171 წევრს აერთიანებს და რომლის უფასო სკოლაშიც 160-ზე მეტი ბავშვი ირიცხება, ქალაქის ბაღში გამართული სეირნობიდან 688 მანეთს კრებს ქველმოქმედებისთვის.

იაკობ ნიკოლაძეს, რომელიც ამ დროს პარიზში, როდენთან მუშაობს, თვითმმართველობა სამსონ თოფურიას ბიუსტის მოდელს უწუნებს. ნიკოლაძე ვერსიას არ ცვლის და აქეთ ადანაშაულებს მმართველობას, რომელმაც 1000-ის ნაცვლად, 500 მანეთი გადაუხადა შეკვეთაში.

ეს მცირე სახასიათო მიმოხილვაა 1909 წლის ქუთაისის. წლის, რომელმაც, როგორც ამბობენ, „გვირილობის“ ტრადიციას დაუდო სათავე და როცა ქუთაისური სურვილების და შესაძლებლობების ამ კალეიდოსკოპს თვალს გადაავლებ, არანაირი სიახლის დაბადების აღარ გიკვირს. გიკვირს მარტო ერთი –  ჩვენ რა დაგვემართა დღეს ამ ნიჭიერების ქალაქში, ერთ წელს რომ ამდენი ახალი მოვლენით  ვეღარ გადავცემთ მომავალ თაობებს? რა გვაქვს ახალი შექმნილი და მოსაყოლი?

გვირილობას გილოცავ ჩემი განსაკუთრებული სიყვარულით და მოლოდინით, ქუთაისო!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

 

კომენტარები