საბერძნეთში ძარცვის, ყაჩაღობის, მუქარის, იარაღის ტარების, ნარკოდანაშაულის და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი ხოხიაშვილი, იგივე “იკა ქუთაისკი” სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
პატიმრობაში რჩება დაკავებული მასთან ერთად დაკავებული კიდევ ექვსი პირი. ათენის პროკურატურა ამტკიცებს, რომ ყველა მათგანი ქართული მაფიის წევრია, რომელთა სათავეში “იკა ქუთაისკი” დგას.
ირაკლი ხოხიაშვილის ქართველი ადვოკატის განცხადებით, საბერძნეთის პროკურატურის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა და ე.წ. კანონიერი ქურდი არცერთი დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი არ არის.
საბერძნეთში დაკავებულები დიდი ხანია, საქართველოში არ ცხოვრობენ.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხოხიაშვილს საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვა. ე.წ. კანონიერ ქურდს და მთავრობას შორის დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება.
“იკა ქუთაისკიმ” კრიმინალურ სამყაროში სტატუსი 2014 წელს მიიღო.
საბერძნეთში ქართველების ჯგუფი რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
გახსნილია სახლისა და საწყობის 35 ძარცვა, ერთი ყაჩაღობა და გამოძალვის ორი ფაქტი. წაღებულია სულ მცირე, 200 000 ევროზე მეტი.
ამოღებულია პისტოლეტი, რევოლვერი, რამდენიმე ვაზნა, ცეცხლსასროლი იარაღი, ქურდობის იარაღები, გასაღებები, საკეტები და კარების სახელურები, ელექტრონული მოწყობილობები, ნახატები, სამკაულები, მაჯის და ჯიბის საათები და ა.შ.
გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
კომენტარები