მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“საზოგადოებასთან ურთიერთობა სწორი და დროული ინფორმაციის გავრცელებაა”- თეონა გეგუჩაძე

“საზოგადოებასთან ურთიერთობა სწორი და დროული ინფორმაციის გავრცელებაა”- თეონა გეგუჩაძე

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო,  infoimereti.ge ცნობილი კომპანიებისა და  სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებს უფრო ახლოს გაგაცნობთ. რუბრიკის პირველი სტუმარი თეონა გეგუჩაძეა.

თეონა გეგუჩაძე “ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტია.  გვიყვება, რომ ეს არის საქმე, რომელიც დღეში სტანდარტული, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით არ შემოიფარგლება.  სანამ ამ სფეროში მივიდოდა, განსაკუთრებულად მოემზადა. ნიუანსებში, ტექნიკურ დეტალებში გარკვევა სასიამოვნო პროცესად აქცია და  უკვე წლებია ამ საქმეს  სიამოვნების მინიჭებით აკეთებს.

– რა პროფესიის ხართ?

-ჟურნალისტი. თუ უფრო დავაზუსტებთ, „მწერალი“ ჟურნალისტი, რადგან სატელევიზიო სფერო არასოდეს მიზიდავდა და შემოთავაზებებზეც უარი ვთქვი. პრესაში უკეთ ვამბობდი სათქმელს.

– პიარის სფეროში როგორ გადმოინაცვლეთ?

-2000-იანი წლების დასაწყისში პრესაში იმდენად მიზერული ანაზღაურება იყო, რომ ყველაზე დიდი ხელფასი, რაც იმ დროს ამიღია, 78 ლარი იყო. ამის გამო, ძალაუნებურად, ყველას სხვა სამსახურზე ეჭირა თვალი. 2004 წელს ამერიკულმა კომპანია “PA Consalting“-მა, რომელიც იმ დროს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას“ მართავდა, ახალი კადრების გადამზადებისა და დასაქმებისთვის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ასე აღმოვჩნდი ჯერ „სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“, ხოლო 2007 წელს მისი პრივატიზაციის შემდეგ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გუნდში.

– რას ნიშნავს თქვენთვის PR ?

-ვფიქრობ, საზოგადოებასთან ურთიერთობა პირველ რიგში სწორი და დროული ინფორმაციის გავრცელებაა, რადგან ადამიანებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ეს ერთი „ამბის“ ორივე მხარეს დგომის გამოცდილებაა, რადგან ამას ვუყურებ როგორც „გამავრცელებლის“, ისე „მიმღების“ თვალით.

– რა ეტაპზეა ჩვენს ქვეყანაში პიარის განვითარება?

-როგორც ბევრი დარგი, საქართველოში PR-იც ვითარდება, სტაბილურად და საიტერესოდ.

– პირადად თქვენთვის, როგორც პიარის სპეციალისტისთვის, ეს სფერო რითია საინტერესო?

-სწორედ იმით, რაც ზემოთაც ვთქვი, ინფორმაციისთვის ყველა მხარის თვალით შეხედვა. საინტერესო მოვლენების ცენტრში დგომა ამ სფეროში ყველაზე საინტერესო მგონია.

-დროის რა ნაწილს უთმობთ სამსახურს?

-ეს არის საქმიანობა, რომელიც დღეში 8 სამუშაო საათით არ შემოიფერგლება.

– საყვარელი საქმიანობის გარდა, კიდევ რით ხართ დაკავებული?

-არასამსახურებრივი ინტერესების სფეროც ფართოა. მიყვარს კითხვა და საინტერესო წიგნების შეგროვება. მიყვარს მოგზაურობა და არანაკლები სიამოვნებით ვგეგმავ ამ მოგზაურობებს. სიამოვნებით ვიქნებოდი მოგზაურობის დამგეგმავი. ალბათ, არსებობს კიდეც ასეთი „სამსახური“.

– რა რჩევებს მისცემდით დამწყებ პიარ სპეციალისტებს?

-თავისი საქმის ყველა წვრილმანში კარგად გარკვევას ვურჩევდი. მხოლოდ უშუალოდ PR-ს არ ვგულისხმობ. იმ დარგსაც, რის PR-საც ვეწევით. ნიუანსებში, ტექნიკურ დეტალებში გარკვევა სასიამოვნო პროცესიცაა და სასარგებლოც.

– რას ეტყოდით მედიას,  რომელიც  ალბათ ყველაზე ხშირად  მოგმართავთ?

-მედიას რჩევების მიცემა არ უყვარს და არც სჭირდება. საკუთარი საქმის გულწრფელი სიყვარული კი ნაკლოვანებების გადალახვის ყველაზე კარგი საშუალება მგონია.

 

კომენტარები