საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიას საჩივრით მიმართავს და ყველა საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს.
საიას თავმჯდომარე ქუთაისის #59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიას ფარულობის დარღვევის ფაქტებზე წერს და განუმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების ძირითადი პრინციპებია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.
ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, კომისიებმა არჩევნების ძირითადი პრინციპი – კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენა ვერ დაიცვეს. მისივე განმარტებით, უბნებზე დამონტაჟებული კამერები ზოგ შემთხვევაში უყურებდა კაბინებს, ზოგ შემთხვევაში რეგისტრატორების მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს. ეს კამერები უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰქონდათ დამონტაჟებული.
ბიულეტენების ხარისხი კი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი:
„ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენას“, – განმარტავს ნონა ქურდოვანიძე.
ქუთაისის საუბნო კომისიებში ამ და სხვა დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში საჩივრები სხვა ორგანიზაციებმაც დაწერეს. იმ ტიპის დარღვევები კი, რა მიზეზითაც ნონა ქურდოვანიძე ქუთაისის #59-ე ოლქის ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თითქმის ყველა ოლქში დაფიქსირდა.
მაგალითად, ქუთაისში სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლების თანახმად, ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა გაფერადებული ბიულეტენის ამომრჩევლისთვის გადაცემის ფაქტი. უბანთან კი ფულის გადაცემის ფაქტი. გამოძახებული იყო პოლიციაც.
საარჩევნო უბნებთან ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის უწყვეტად აღრიცხვას, რის შემდეგაც „ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩევლებს ურეკავდნენ და ხმის მისაცემად მისვლას აიძულებდნენ.
ქუთაისის ოლქის შედეგების ბათილობის მოთხოვნით ნონა ქურდოვანიძემ საოლქო საჩივარი გუშინ, 29 ოქტომბერს დაარეგისტრირა.
კომენტარები