მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი

სალომე ზურაბიშვილი – დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი

არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება, არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იქნება ისეთი მოკავშირე ევროპისთვის, როგორიც არც დაესიზმრებათ.

“დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი და ალბათ, ყველაფერი არის ნიშანი ამ ცხოვრებაში. ნიშანი იმისა, რომ მოდის ახალი მომავალი, მოდის ახალი საქართველო. ის საქართველო, რაც დღეს დგას ჩემს წინ არის თავისუფალი საქართველო. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის  მოსული, რადგან უთხრეს, რომ თუ არ მოხვალ სამსახურს დაკარგავო. არც ერთი სტუდენტი იმიტომ არ არის მოსული, რომ უთხრეს თუ არ მოხვალ სტიპენდია არ გექნებაო. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება, არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.

დღეს დგას აქ ხვალინდელი საქართველო, აქ დგას გუშინდელი საქართველო, რომელიც თავისუფალი იყო ჩვენი წინაპრების გამო.

მე მინდა აქედან მივმართო მაია სანდუს. მაია, დღეს იმედი მაქვს, იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპულ რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში.

მინდა მივმართო ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ იბრძვით ჩვენთვის და იქნებით გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.

მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი მოკავშირეები, როგორიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში. ყველაფერი ნათელია, გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მიმდინარეობს. ევროპული არჩევანის მხარდამჭერ მარშში მონაწილეობისთვის მოქალაქეები თბილისის ხუთ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ. მსვლელობები დაიწყო გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, სამასი არაგველის ძეგლიდან, მთაწმინდიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან.

მარშში რიგით მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტივისტები სხვადასხვა კუთხიდან.

როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის.

მარშს შეუერთდნენ რეგიონებიდანაც, მათ შორის იმერეთიდან.

კომენტარები