მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა

სალომე ზურაბიშვილი – ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა

ახლახანს მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

“პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ როცა ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირს, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი. ასეთი მაგალითები სულ ახლახან გვაჩვენა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა და ადრე, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ.

ამდენად, ასეთ ვითარებაში, სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა.

ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას.

დღეს ყველანი არჩევანის წინაშე ვართ, ხელისუფლებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდანტს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანსს.

თავის მოტყუება აღარ შეიძლება!

ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალაქო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს.

რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე, ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ.

ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი და არ წარმოვადგენ არცერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის.

ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შეძლებს, რომ თქვას: “ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა“.

გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას და ვუსურვებ სხვა მრავალ გამარჯვებას!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები