პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
“ნათელია, რომ ამ პრიორიტეტების შესრულებას ერთპიროვნულად ვერავინ შეძლებს, რამეთუ ის, რაც გასაკეთებელია ყველას პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მომავლის წინაშე. თუმცა, ამავე დროს ცხადია, რომ მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. მათ, კოლექტიურად და პიროვნულად ევალებათ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება.
მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია.
მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?
წარმოადგენთ თუ არა გეგმას: სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. თუმცა, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას.
ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს – რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის; საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება – როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ “ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები