დღეს, 9 აგვისტოს (ახ. სტ.) წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისა, რომელიც მოღვაწეობდა II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისში. მან შეისწავლა სამკურნალო ხელოვნება, ხოლო შემდგომ მოინათლა ქრისტიანად და ღმერთის სახელით არაერთი სასწაული და კურნება აღასრულა. 305 წელს რომის იმპერატორ ურჯულო მაქსიმიანეს ბრძანებით ის აწამეს და საბოლოოდ თავი მოჰკვეთეს. სასწაულები აღესრულა წმიდა პანტელეიმონის ამ ქვეყნიდან მოწამებრივი გასვლის შემდგომაც. მას განსაკუთრებით ევედრებიან ფიზიკურ სნეულებათაგან განკურნებისათვის. წმიდა დიდმოწამე მკურნალ პანტელეიმონის მეოხებით, ღმერთმა მოგვანიჭოს სულიერი და ფიზიკური კურნება.
ამ ფონზე, მიმოვიხილოთ თუ როგორი იყო მედიცინის მდგომარეობა XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისში და ხსენებულ პერიოდში რომელი სამედიცინო დაწესებულებები არსებობდა ქალაქში.
1847 წელს ქოლერის დაავადების შედეგად მრავალი ადამიანი დაღუპულა. იმ პერიოდში ქუთაისში არსებობდა სამედიცინო ზედამხედველობა, თუმცა, სამკურნალო საქმე არ იყო აყვანილი საკმარისად კვალიფიციურ დონეზე.
1860 წელს ქუთაისში გაიხსნა პირველი აფთიაქი. 1862 წლის მონაცემებით ქალაქს ემსახურებოდა სამი ექიმი, თუმცა, იმხანად, ქუთაისში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება იყო სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც ქალაქში რუსეთის იმპერიის სამხედრო ნაწილების დამკვიდრების შემდგომ, მათი საჭიროებისათვის შეიქმნა.
1879 წელს ქუთაისის თვითმმართველობამ განიზრახა, რომ ქალაქში დაარსებულიყო სამკურნალო დაწესებულება, თუმცა რუსული საიმპერიო ხელისუფლების ცენტრალურმა ორგანოებმა ეს თხოვნა იმჟამად არ დააკმაყოფილეს.
ექიმი სამსონ თოფურია
1890 წლის 1 მაისს ქუთაისში ექიმმა სამსონ თოფურიამ გახსნა კერძო სამკურნალო დაწესებულება, სტაციონარით, რომელიც იმხანად მოიცავდა სამოცდათხუთმეტ საწოლს. ხსენებული საავადმყოფო აღჭურვილი იყო გერმანიასა და შვეიცარიიდან ჩამოტანილი სამედიცინო ინსტრუმენტებით. სამკურნალო დაწესებულებას გააჩნდა იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი გამართული ინფრასტრუქტურა. სამსონ თოფურიას დასრულებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სადაც მიენიჭა ექიმის წოდება. თოფურიას მიერ დაფუძნებული საავადმყოფოს გახსნიდან ათი წლის შემდგომ “ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია სათაურით “სამსონ თოფურიას საავადმყოფოს ათი წლისთავი“, რომელშიც ვკითხულობთ: „როგორც გაზეთ “კავკაზს“ სწერენ ქუთაისიდან, პირველ მაისში შესრულებულა ათი წელიწადი, რაც სამსონ თოფურიამ დააარსა თავის სამკურნალო, რომელმაც ამ ცოტა ხნის განმავლობაში თავისის საგანგებო წესრიგით დიდი სიყვარული და ნდობა მოიპოვა მთელს დასავლეთ საქართველოში. ეს დღე ბატონ ს. თოფურიას პატივისმცემელთ შესაფერის ელფერით უდღესასწაულნიათ და ნადიმზე ბევრი გრძნობიერი სიტყვები წარმოუთქვამთ ამ სასახელო საქმის სულის ჩამდგმელის მიმართ.
ჩვენ, ჩვენი მხრივ ვუსურვებთ თოფურიას საავადმყოფოს ხანგრძლივ და ნაყოფიერ მოქმედებას ხალხთა ჯანმრთელობისა და ჯანსაღობისათვის“, – წერდა „ცნობის ფურცელი“.
ექიმი, მედიცინის დოქტორი დიმიტრი ნაზარიშვილი
1892 წელს ქუთაისში ექიმმა, მედიცინის დოქტორმა დიმიტრი ნაზარიშვილმა დააარსა უფასო ამბულატორია ღარიბებისათვის, რომელსაც ოცდახუთი წლის მანძილზე თავად მართავდა. დიმიტრი ნაზარიშვილმა 1878 წელს დაასრულა პეტერ-ბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (დისერტაციის სათაური “ჭლექიანთა გაძლიერებული კვება“) და მიენიჭა მედიცინის დოქტორის სამეცნიერო-აკადემიური ხარისხი. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ამჟამად არსებობს და ფუნქციონირებს დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი.
1892 წელს “სამსონ თოფურიას სამკურნალოს“ ბაზაზე სამსონ თოფურიამ და დიმიტრი ნაზარიშვილმა დააფუძნეს დასავლეთ საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისა და მისი გაუმჯობესების საქმეში. აღსანიშნავია, რომ სამსონ თოფურია და დიმიტრი ნაზარიშვილი დაკრძალულნი არიან ქუთაისის მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
XIX საუკუნის მიწურულს ასევე ქუთაისში ქოლერით დაავადებულებისთვის ქალაქის თვითმმართველობის თაოსნობით შეიქმნა ბარაკი, რომელიც ერთგვარი იზოლატორის ტიპის ყოფილა. ხსენებული სამკურნალო დაწესებულება მოგვიანებით გამოიყენეს ინფექციურ საავადმყოფოდ. 1911 წლისათვის აღნიშნული სამკურნალო დაწესებულება მოიცავდა თხუთმეტ საწოლს.
სამსონ თოფურიას გარდაცვალების შემდგომ (1904 წ.) მისი საავადმყოფო იჯარით აიღო ქუთაისის თვითმმართველობამ. ხსენებულ საავადმყოფოში ტარდებოდა ქირურგიული ოპერაციებიც და ასევე, აქვე არსებობდა რენტგენის კაბინეტი. იმხანად თოფურიას მიერ დაარსებულ სამედიცინო დაწესებულებას ემსახურებოდა სამი ექიმი და მოიცავდა ორმოცდახუთ საწოლს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1906 წელს, ქუთაისში დაიწყო ახალი საავადმყოფოს აგება, რომლის ადგილად შეირჩა და დამტკიცდა საღორიის ტყის პირი (ამჟამინდელი კახიანოურის ტერიტორია). ხსენებულ სამკურნალო დაწესებულებაში, რომელსაც ქალაქის N 1 საავადმყოფო უწოდეს, 1909 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ქირურგიულმა დაწესებულებამ. 1913 წლიდან საავადმყოფო სრული დატვირთვით ამუშავდა. 1913 წელსვე ის აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა (შემდგომში მიტროპოლიტი) გიორგიმ (ალადაშვილი). აღსანიშნავია, რომ ხსენებული საავადმყოფო 1999 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით იმყოფება საქართველოს საპატრიარქოს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მფლობელობაში და დღეს ის სრული დატვირთვით ფუნქციონირებს, როგორც ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო – წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი (ხსენებულ სამედიცინო დაწესებულებას საეკლესიო საავადმყოფო ეწოდა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს 2000 წლის 11 აპრილის # 66 ბრძანებით). 2007 წელს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ეზოში ეკურთხა წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარი.
შევნიშნავთ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1909 წლისათვის ქუთაისში მოღვაწეობდა ოცდაექვსი ექიმი, რომელთა უმრავლესობა ავადმყოფებს სამკურნალოდ კერძოდაც იღებდა.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქუთაისში დაარსდა რამდენიმე სამხედრო ჰოსპიტალი, რომელთაგან ზოგიერთი, ომის დასრულების შემდგომ, გარდაიქმნა მოქალაქეთა მიმღებ სამკურნალო დაწესებულებებად.
მთავარ ფოტოზე: ქუთაისის #1 საავადმყოფოს (ამჟამად საეკლესიო საავადმყოფო) ისტორიული კორპუსი, ფასადზე წარწერით – 1909 წელი
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები