საქართველოში სანაპირო ზოლში თევზაობა დღეს სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ. ყოველგვარი საფასურის გარეშე თევზაობა შეუძლიათ მოყვარულებსაც, თუმცა მიდგომა შეიძლება შეიცვალოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსი რამაზ მიქელაძე აცხადებს, რომ ამგვარი თევზაობა დღეს ლიცენზირებას არ ექვემდებარება, თუმცა შესაძლოა, მომავალში ეს მიდგომა შეიცვალოს.
“სოციალური და ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე შედარებით ბრილი მიდგომა გვაქვს სანაპიროზე მეთევზეობასთან დაკავშირებით. სამოყვარულო თევზჭერა ჩვენთან არ არის ფასიანი. ვფიქრობ, რომ მომავლისთვის ეს მიდგომა შეიძლება შეიცვალოს. და აღარ იყოს ისე, რომ მაგალითად მეთევზე მოყვარულს ან სანაპირო მეთევზეს ექნება საშუალება, რომ უფასოდ დაიჭიროს თევზი, ყოველგვარი გადასახადის გარეშე.
აქამდე მივედით იმიტომ, რომ ქვეყანა ვითარდება. სოციალური შესაძლებლობები ვითარდება მეთევზეების მიერ. პირდაპირ გეტყვით, სანაპირო ზოლში მეთევზეების რაოდენობამაც იკლო. ბევრი ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც არის ტურიზმი განვითარებული. სასტუმროები ააგეს, ამიტომ მეთევზეთა რაოდენობა მცირდება. უკვე არის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმაზე, რომ თევზჭერა, სანაპირო მეთევზეობა, სამოყვარულო მეთევზეობა ფასიანი გახდეს. მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება შეფასება”, – აცხადებს რამაზ მიქელაძე.
პირველ ეტაპზე, შესაძლოა, შემოღებული იყოს აღრიცხვის ფორმები, შემდეგ კი თევზაობისთვის საჭირო ნებართვები. ახალი რეგულაციის შემოღებაზე მუშაობა სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება. მეთევზეობისა და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე თევზაობის სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს და პროცესის დასრულების შემდეგ, ფასიანი სამოყვარულო თევზაობის საკითხი განიხილება.
“მე ვფიქრობ, შემდეგ წელს დაიწყება ამაზე მუშაობა. თევზაობის სტრატეგიაზე მუშაობა მიდის უკვე. როგორც კი დასრულდება მუშაობა, ალბათ ამ საკითხზეც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. უცნობია რა ეღირება ლიცენზია. ფასი იქნება ოპტიმალური. დაანგარიშდება ამონაგებით. ზოგი თევზი გაძვირდა. თუ მაგალითად ადრე თევზი ღირდა 2 ლარი ახლა ღირს 14 ლარი. ადრე აქტუალური თუ არ იყო ეს საკითხი, დღეს უკვე შეიძლება ამონაგების მიხედვით მექანიზმების მიღება”, – აცხადებს “კომერსანტთან” საუბარში რამაზ მიქელაძე.
კომენტარები