Fair Trees-ის საქველმოქმედო ფონდის პროექტების მენეჯერის ჟანა ბაბუნაშვილის ინფორმაციით, მძიმე და ღრმა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სახლი წელიწადზე მეტია, ქუთაისის მერიისგან დახმარებას ელის, თუმცა უშედეგოდ.
მისივე თქმით, ქუთაისის მერის მოადგილეს იუზა უგულავას დახმარების თხოვნით ერთი წლის წინ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე დანაპირები არ შესრულებულა.
“სანთლით ვეძებთ ქუთაისის მერის მოადგილეს იუზა უგულავას,
1 წელია, ვერ მოხერხდა დანაპირების შესრულება ქუთაისის მძიმე და ღრმა ჯანმრთელობის პრობლემების ბავშვთა სახლზე!
1 წელია, დავკარგე დრო, უძვირფასესი დრო.
ამასობაში ხომ შევაგროვებდი 15,000 ლარს და ვიხსნიდი სახლს დატბორვისგან და სხვა თანმდევი უბედურებებიდან, რაც ამის გამო სახლს დაემართა.
რადგან თქვენთან დარეკვით დავიღალე, რადგან მერიდება მერიის იმ თანამშრომლების, რომელსაც უხერხულში აგდებთ, რადგან მათ ეუბნებით რომ ‘დღეს მოაწერინებთ მერს ხელს’, რომ ‘ მერთანაა შეტანილი ხელმოსაწერად” და ამიტომ იქნება აქედან მაინც მოგაწვდინოთ ხმა!
საქართველოში საუკეთესო ბავშვთა სახლი ზიანდება უბრალოდ იმიტომ რომ ბავშვურად გენდეთ! იმიტომ რომ მემორანდუმზე ხელი მაქვს მოწერილი.
არასოდეს, არასოდეს 15 წლის მანძილზე არ მახსენდება ადგილობრივი მთავრობა და მისი რაიმე სახის დახმარება! ძლივს, ქალი მერის მოადგილის პირობებში, საკრებულოს შევაცვლევინეთ არსებული რეგულაცია, რომელშიც ჩვენ არ მოვიაზრებოდით და მოვხვდით როგორც იქნა სოციალური პროექტებში: ჰიგიენური საშუალებების და კომუნალური გადასახადების მინიმალური დაფინანსებაში (ზამთარში ერთ სახლზე გაზის გადასახადი 1600 ლარამდეა და ადგილობრივი სოციალური სამსახური 300 ლარამდე გვინაზღაურებს) მადლობა ამისთვის ბ-ნ ვარლამ გობეჯიშვილს!
მანამდე ჩვენი არსებობაც კი არ იცოდით!
ამდენი ხანია, ვაწვდით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სერვისს რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს და სპონსორის (აგენტების) საშუალებით!
და ქუთაისის მერიას არ აინტერესებს ჩვენი 7 განსაკუთრებული, რომელიც რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ასაქმებენ არც თუ ცოტა ხალხს და ქმნიან ევროპულ სერვისს! ღირსეულ ევროპულ სერვისს!
ახლა არც დიპლომატია მაინტერესებს და არც ის, დაგვაფინანსებთ თუ არა. მაინც აგენტები ვართ!” – წერს ჟანა ბაბუნაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები