ლევილი..
საქართველოსთვის სულ სხვა ჟრუანტელი აქვს ამ ბგერებს ერთად.
იქაური ნოტიო სუნიც კი, მხოლოდ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების კოსტიუმების, ტროსტების, მანჟეტების, ერთ დროს გახამებული საყელოების გამცრეცი გარდერობიდან გცემს და არა, მისი არსებობის ნამდვილი ისტორიიდან.
ლევილის ასოციაცია თითქოს სულ იყო ექვთიმეს სპეტაკი ბლანჟე და თბილისიდან – ქუთაისში, ქუთაისიდან – ბათუმში, ბათუმიდან – თურქეთში და ასე შემდეგ, გზადაგზა ჩუმ-ჩუმად, წვალებით, ჩურჩულით, ხელწერილებით გადატანილი რარიტეტები – ყუთები, ყუთები, ყუთები .. ნომრები, ნომრები, ნომრები.. – ყუთებში ნომრებით ამოსაცნობი ჩვენი ქვეყნის ყველაზე ფასდაუდებელი წარსული.
ლევილი – ეს სიტყვა – სევდისგან ჩამღვალი მუსიკა, რომელიც სულ ქართულით იყო გაჟღენთილი და მიუწვდომლად გხიბლავდა გადამალული ეროვნული ვნებებით და კონსპირაციით, დაუნახავი პატრიოტული წინააღმდეგობებით და ადამიანური ცოდვებითაც.
ლევილი:
– “მიწა ზომით დაახლოებით ხუთი ჰექტარი, სადგომი სახლით, სამეურნეო შენობებით, ავეჯით, ინვენტარით“
– “შატოს პირველ სართულზე სათათბირო დარბაზით, სადაც გამუდმებით კამათობდნენ, ბრძოლის გეგმებს და სტრატეგიებს განიხილავდნენ“
– საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფულით ნაყიდი მიწა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკუთრება – საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამფეროვანი დროშით თავაღმართული!
ან, იქნებ, ეს სულაც არ იყო ლევილი და ეს ლევილამდე მისასვლელი გზის ერთი ბილიკია “სამეფო გზაზე”, რომელიც პარიზს აკავშირებს ორლეანთან.. ბევრისთვის, ალბათ ასეც იყო, აქამდე.
მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ლევილში ჩატარებულმა ქართულმა ფესტივალმა განსაკუთრებულად აუფორიაქა სული. იდეაც შემშურდა და ამ იდეის აღმსრულებლებიც, დროც, რადგან აღარ ვიყავი იქ, სადაც ასეთ დიდ საქმეს გულის წასვლამდე ემსახურებიან. სადაც უძილობა, გადათენებული დღე და ღამე, ერთნაირად სანუკვარია, რადგან დასაწყისში დგახარ ნიჭიერ და ანთებულ ადამიანებთან ერთად და შენი ქვეყნის დროშას ამაყად აჩვენებ მთელ სამყაროს!
ჰოდა, ველოდი იმათ, ვინც თვითონ ნახა და განიცადა. ვისაც ჩემსავით ჰქონდა სიტყვები და გრძნობები დაგუბებული ეროვნული თავმოწონების და სიამაყის ამოსაფრქვევად.
ქუთაისიდან ფესტივალში ირინა ლომინაძემ ქართული საგუნდო მუსიკის დიდებულება გადაფინა ლევილს და ზეინაბ ბურჯანაძემ სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის რეპერტუარით ახალი ტემპერამენტი აჩუქა ისტორიულ მამულს. სხვებიც იყვნენ, ვისაც ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ქუთაისის სახელით, ეს ორი ნამდვილი საჩუქარი ერგო პირველი ქართული რესპუბლიკის დროშიან შატოს (ფესტივალის გახსნაზე რომ ჩვენი ულამაზესი დროშაც გვერდით აუფრიალეს!!!).
შევხვდი ზეინაბს და მშიერივით დავეწაფე ყველა ლევილური დღის მოგონებაში, აღტაცებაში, აუდიტორიის შეფასებაში, მონაწილეების ყველა კუნთის დაძაბვაში, ხელის გაშლაში, სიტყვის და მელოდიის ყველა ნოტში და ყველა მარცვალში. ყველაფერში, რაც იქ ჩატოვეს დაუნანებლად და რაც ჩამოიტანეს, – ექვთიმეს განძის უმცირესი და უძვირფასესი ნაწილივით, – კიდევ უფრო მეტად გაქართულებული გულით და ემოციური მეხსიერებით.
ზეინაბ ბურჯანაძე:
“მე პირდაპირ ჩემს გრძნობებზე ვსაუბრობ: ლევილში რომ შევედით, ყველა ჩვენგანი იყო მონუსხული. საფრანგეთში გასტროლი ბევრჯერ გვქონია. მაგრამ საფრანგეთში, საქართველოს მიწაზე – არასდროს! და თუ რამეს შეიძლება დაარქვა შენგან ნაგრძნობი პატრიოტიზმი, თუ რამეს შეიძლება დაარქვა შენგან ნაგრძნობი სამშობლოს სიყვარული, – იქ იყო! იყო იმ ჰაერშიც და იმ მიწაზეც! შედიხარ და გგონია, რომ ცოცხლად წარსულში შეაბიჯე. თავშეწირული ქართველების დიდებულ სამყაროში და ყველაფრით გინდა ვალი მოიხადო, ახლა და აქვე, თავდაუზოგავად. მგონია, რომ ასეც ვქენით. ჩვენც და ყველამ, ვისაც ამ ფესტივალში მონაწილეობა ხვდა წილად!“
“როცა ჩავედით, საოცრად მზიანი დღეები იყო და სიცხეები, ფრანგებიც რომ წუხდნენ, ისეთი. ლევილში ჩვენი გამოსვლის დღეს იწვიმა. ფერადი ფოთლებით გაივსო იქაურობა. არავინ შევმკრთალვართ. ყველამ დავიწყეთ ამ საოცარი ეზოს დაწმენდა. ვგვიდით და ვკრებდით ფოთლებს განსაკუთრებული რუდუნებით. ყველა. ორგანიზატორი, მუსიკოსი, მონაწილე, ტექნიკური პერსონალი. სამინისტროს თანამშრომლიდან დაწყებული და ჩვენით დამთავრებული, ყველა, სუბორდინაციის გარეშე, – იქ იყო ერთი რიგითი ქართველი, რომელსაც საერთო საქმე უნდა ეკეთებია. უთქმელად და პატივისცემით.
თითქოს, ჯადოსნური რიტუალი იყო, ენით აღუწერელი“.
„და არ შემიძლია, კულტურის სამინისტროს და მინისტრს, თეა წულუკიანს არ ვუთხრა უდიდესი მადლობა ასეთი გუნდისთვის, ასეთი ერთსულოვნებისთვის, ასეთი პროფესიონალიზმისთვის, რაც ლევილში ვნახე. წარმოიდგინეთ, სცენაზე ჯერ გამოდის ვოკალური კვარტეტი, შემდეგ სპექტაკლია, მერე ფოლკლორული ჯაზბენდი, მერე ჩვენ ქორეოგრაფიით, ანუ ყველა მათგანს სრულიად სხვადასხვა ხმოვანება სჭირდება და ეს ურთულესი პროცესია. არადა, ტექნიკური მხარდაჭერის გადაწყობა ხდებოდა წამებში. დარწმუნებული ვარ, სხვა დღეებშიც ასე იყო. ირინას (ირინა ლომინაძეს გულისხმობს) შთაბეჭდილებაც ვიცი. აღფრთოვანებულები დავბრუნდით. და უდიდესი ბედნიერება იყო, რომ მინისტრმა ეს არჩევანი ჩვენზეც გააკეთა. ჩვენ ქუთაისის სახელით ველაპარაკეთ ლევილის აუდიტორიას და უბედნიერესი ვარ ამით. ჩემი ანსამბლის ორმოცივე წარმომადგენელი, როგორც ერთი, გრძნობს ამ მადლიერებას და სიამაყეს! ჩვენ მინისტრმა მოგვცა იმის საშუალება, ქუთაისის შემოქმედებაც გაგვებრწყინებია ამ უდიდესი საქმის ასპარეზზე. სხვათა შორის, ქალბატონმა თეამ, ჩვენი ვარსკვლავის გახსნის საღამოზე გვითხრა, რომ ვარსკვლავი კი არა, მთვარის ჩუქებაც არ დაენანებოდა ჩვენი სახელმწიფო ანსამბლისთვის და აასრულა კიდეც! ლევილში ჩვენს ეროვნულ სიამაყეზე მეტი, რა უნდა ეჩუქებია! ეს, ჩემი ქალაქის და ჩემი ქვეყნის ისტორიული მისია იყო და ამაში მონაწილეობა გვარგეს! მადლიერი ვარ!“
ბევრი ვილაპარაკეთ იმ დღეებზე. ნამდვილ აპლოდისმენტებზე. თვალებში ამოკითხულ სიხარულზე. ყველა თაობის აღტაცებაზე. ლევილის მამულში გაშლილ ნაციონალურ სუფრაზე, სტუმარმასპინძლობის იქაურ კულტურაზე, სხვა გამომსვლელების ნიჭზე და ოვაციებზე.
ვანო ხუციშვილის მონოსპექტაკლიც იმ დღეს ნახა მაყურებელმა. ბესიკ ხარანაულის ტექსტით, მზია არაბულის შესრულებით. და ჩვენი ამოუწურავი საუბრის ბოლოს, ზეინაბმა მითხრა, როგორ გამოჰყვა სპექტაკლიდან ფრაზა, რომელიც სულ ზარივით უნდა გესმოდეს:
“ჯვარი კი არ უნდა მიაყუდო, ჯვარი უნდა ატარო“
….მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ლევილში ჩატარებულმა ქართულმა ფესტივალმა განსაკუთრებულად აუფორიაქა სული. იდეაც შემშურდა და ამ იდეის აღმსრულებლებიც, დროც, რადგან აღარ ვიყავი იქ, სადაც ასეთ დიდ საქმეს გულის წასვლამდე ემსახურებიან. სადაც უძილობა, გადათენებული დღე და ღამე, ერთნაირად სანუკვარია, რადგან დასაწყისში დგახარ ნიჭიერ და ანთებულ ადამიანებთან ერთად და შენი ქვეყნის დროშას ამაყად აჩვენებ მთელ სამყაროს!
წარმატებები ქართული ფესტივალის მომავალს ლევილში!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები