მთავარიახალი ამბებისლაიდი

“საქართველოს ევროპაში კარს გაუღებენ, თუ დათანხდება გეი პარადების ჩატარებაზე და თუ არა – კარს დაგვიკეტავენ”

“საქართველოს ევროპაში კარს გაუღებენ, თუ დათანხდება გეი პარადების ჩატარებაზე და თუ არა – კარს დაგვიკეტავენ”

“ევროპული ღირებულებები და რუსოფობია” – ამ სათაურით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

“აგორდა ახალი ტალღა ორკესტრირებული სიძულვილისა. გამახსენდა ბოლშევიკური რეჟიმის დროს სხვადასხვა რაიონის პარტიულად სანდო მუშას, თუ გლეხს აფრთხილებდნენ, რომ მისი სახელით ცენტრალურ ან რაიონულ გაზეთში თუ მთავრობის მხარდამჭერი ან მადლიერებით სავსე პროფესიონალი ჟურნალისტის მიერ შესრულებული წერილი დაიბეჭდებოდა, არ გამოეხატა გაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში დაედასტურებინა, რომ თავისი დაწერილია. ნეობოლშევიზმი დღევანდელ საქართველოში თავის თავს ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების დამცველს უწოდებს. ღირებულებათა სისტემები მრავალნაირი არსებობს: ექიმების (ჰიპოკრატეს ფიცი), ამქრების, რელიგიური თემების, პარტიული ჯგუფებისა და ა. შ. ისტორიულად ერთსა და იმავე ტერიტორიაზე დროთა განმავლობაში ვრცელდებოდა განსხვავებულ ღირებულებათა სისტემები. დასავლეთი ევროპა ამის ნათელი მაგალითია. სოკრატეს, პლატონ-არისტოტელესეული და ელინისტურ-რომაული, ქრისტიანული ინკვიზიციამდე და ინკვიზიციის დროინდელი, მატერიალისტურ-ათეისტური. არცერთ მათგანს აზრად არ მოსვლია თავისთვის კონტინენტალური ნიშნით ეწოდებინა სახელი – ევროპული. სკოლის გეოგრაფიიდან ყველას ახსოვს, რომ ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთი საზღვარი ურალის მთებზე გადის, დასავლეთი კი – ატლანტის ოკეანეზე.

ევროპული ღირებულებების მქადაგებლები თავისი სისტემიდან გამორიცხავენ რუსეთს, რომელსაც ევროპის კონტინენტის ნახევარი უკავია და თავის საზღვრებში აქცევენ ატლანტის გაღმა არსებულ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს. ევროპული ღირებულებების მიმდევრებს სხვა სახელის შერჩევა მართებთ. მითოსის თანახმად ნაზი ქალი ევროპა გავეშებულმა ბუღამ გაიტაცა. რუსეთი რომ გამორიცხონ, თავის ლიბერასტული ღირებულებების სისტემას დასავლეთ-ევროპული უნდა უწოდონ; თან რაღაცნაირად ჩრდილოეთ ამერიკაც უნდა შემოიერთონ, თუმცა დასავლეთ-ევროპაშიც პრობლემები აქვთ: თურქულ თემს გერმანიაში თავისი ღირებულებათა სისტემა გააჩნია, საფრანგეთში – ალჟირიდან გადმოსულ არაბთა თემს – თავისი სისტემა. პოლონეთში, მიუხედავად ევროპული ადმინისტრაციული ცენტრების მუქარისა, არ უნდათ ერთნაირ სქესიანთა პირადი ურთიერობის ქორწინებად დაკანონება. ბიბლია ამგვარ ურთიერთობებს „სისაძაგლეს“ უწოდებს (ლევ. 18,22;29. ლევ. 20,13). ქრისტიანებს წმინდა პავლე მოციქულთან ერთად სწამთ, რომ „მამათმავლები სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ“.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში იგივე მოციქული დიაგნოზს უსვამს მამათმავლობისა და ლესბოსელობის, ამ საკუთარი თავის მიმართ სამარცხვინო ქმედების მიზეზს. უნგრეთი ჯიუტად ამბობს უარს გეი პარადების გამართვაზე, კათოლიკეები ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში აპროტესტებენ აბორტის დაკანონებას. საქართველოს ევროპაში კარს გაუღებენ, თუ დათანხდება გეი პარადების ჩატარებაზე და თუ არა – კარს დაგვიკეტავენ. ულტიმატური ენით რატომ გველაპარაკებიან ზოგიერთი ქვეყნის ელჩები? დიპლომატიური კორპუსის ეთიკურ ნორმებს არ არღვევენ როცა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან?

წმ. მირიან მეფის დროიდან ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი და ქრისტიანული მართლმადიდებელი სარწმუნოების ღირებულებათა სისტემის საფუძველზე შექმნა თავისი კულტურა. რამდენი მომხდური გვებრძოდა, რომ უარი გვეთქვა ჩვენს არჩევანზე, მაგრამ ვერ შეგვაცვლევინეს. დღეს ისევ ბრძოლა გვაქვს. ჯერ იყო აგრესიული ათეიზმი, რომელიც გაბოლშევიკებული რუსეთიდან შემოვიდა. საიდან გაჩნდა რუსეთში ბოლშევიზმი? მისი ბელადები ხომ ემიგრაციაში ევროპასა და ამერიკაში იყვნენ და იქიდან დაფინანსდნენ. საქართველოს დასახმარებლად ამერიკიდან გამოყოფილი დიდი თანხის 2/3 არასამთავრობო დესტრუქციულ ორგანიზაციებს გადაეცა. რისთვის? რომ ნეგატიურად შეაფასონ ჩვენი ისტორიული არჩევანი და გვილანძღონ მეფეები, რომლებიც ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში იდგნენ? ამისთვის დღეს მეც ორკესტრირებულად მლანძღავენ უცნობი გვარ-სახელების უკან მდგომი მანიპულატორები. რა კავშირშია მათი რიტორიკა ევროპულ ღირებულებებთან? აზრის გამოთქმის უფლება ადამიანს აქვს, მაგრამ უსაფუძვლო ცილისმწამებლური, აზრს მოკლებული ლანძღვის უფლება აქვთ? ჩაიხედონ ადამიანის უფლებათა დამცველ ეროვნულ კანონმდებლობაში და თავი დაანებონ მევახშე მიკირტუმა გასპარიჩის ლექსიკით აზროვნებას, საკუთარი თავის ღირსება რამედ თუ მიაჩნიათ. სამართლიანობის დამცველი თვითონ უნდა იყოს სამართლიანი”, – ნათქვამია წერილში.

 

კომენტარები