მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველო-უკრაინა – 1:1

საქართველო-უკრაინა – 1:1

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში უკრაინას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო – ბუდუ ზივზივაძის და ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმების შემდეგ სტუმრები გოლს გადარჩნენ, თუმცა ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს. კონტრშეტევაზე მიხაილო მუდრიკის გადაცემის მოგერიებისას მე-7 წუთზე საბა კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

პირველი ტაიმი უკრაინელების გამარჯვებით დასრულდა. შესვენების შემდეგ სანიოლი შეტევის გამოცოცხლებას შეეცადა და მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი შეუშვა. „სენტ-ეტიენის“ ქართველ ლიდერს შესველისთანავე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ახლოდან კარს ააცილა.

66-ე წუთზე ქოჩორაშვილი უკრაინელთა მცველს საჯარიმოში შეეჯახა და გულშემატკივარი პენალტის დანიშვნას ელოდა, მაგრამ ინგლისელმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა.

76-ე წუთზე კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარში ქოჩორაშვილმა დაარტყა – მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ მიქაუტაძემ დამატებაზე ზუსტად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

ყველაფერი მომდევნო ტურში გადაწყდება – 19 ნოემბერს საქართველო ჩეხეთს ესტუმრება.

კომენტარები