მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საჩხერეში, სოფელ სავანის სკოლის ბუფეტში ნაყიდი დონატით 9 მოსწავლე მოიწამლა

საჩხერეში, სოფელ სავანის სკოლის ბუფეტში ნაყიდი დონატით 9 მოსწავლე მოიწამლა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დონატში, რომელიც სკოლის ბუფეტში იყიდებოდა, ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, სააგენტომ შეტყობინება საზოგადოებრივი ეროვნული ცენტრიდან მიიღო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.

„სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის ბუფეტში – ბიზნესოპერატორთან ი.მ. „მაია ღონღაძე“, მისამართი: საჩხერე, სოფ. სავანე. შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი.

ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების – ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა – 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი – 2000 კწე/გ-ში). ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა“, — აცხადებენ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით.

კომენტარები