რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი“ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირთან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონში კვლევა განახორციელა.
კვლევა მომზადდა პროექტის “ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში” ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს საჯარო სექტორში სამუშაო ადგილებზე თანასწორობასთან დაკავშირებული სტანდარტების მიმოხილვა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალურ დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნების შესრულების ხარისხის შესწავლა.
კვლევა განხორციელდა იმერეთის რეგიონში და მოიცვა 7 მუნიციპალიტეტის 14 მერია და საკრებულო. გამოკვლეულ იქნა მდგომარეობა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, ტყიბული, ჭიათურა, ხონი, საჩხერე.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: მიუხედავად მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესებისა, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები სათანადოდ არ არის ასახული შიდა დოკუმენტებში, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა.
ასევე, გარკვეული რეგულაციების არსებობის პირობებში, დასაქმებულთა სრულყოფილი ინფორმირება კვლავ გამოწვევაა.
რეკომენდაციებში ნახსენებია, რომ სამუშაო ადგილებზე თანასწორობის უზრუნველსაყოფად: საჯარო დაწესებულებებმა უნდა დაიწყონ აქტიური მუშაობა სამუშაო ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გასატარებლად. სახელმწიფომ კი თავის მხრივ უზრუნველყოს – დადგინდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
“აღნიშნული კვლევის მიზანი იყო გაგვერკვია, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით რამდენად სრულდება საკანონმდებლო ვალდებულებები. ასევე ჩვენი მიზანი იყო, თავად ამ საჯარო დაწესებულებებს დავხმარებოდით, რათა შეემუშავებინათ შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც დაეხმარებოდა დასაქმებულებს ერთი მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებაზე, ხოლო მეორე მხრივ პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოეხდინათ შიდა უწყებრივი, ან შესაბამისი ორგანოებისთვის მიემართათ. კვლევის შედეგად გამოვლინდა რიგი გამოწვევები, რომლებიც დღემდეა საჯარო დაწესებულებებში. დასაქმებულებში დისკრიმინაციულ თემატიკისთან დაკავშირებით ცნობიერების დონე არის საკმაოდ დაბალი. ასევე დაწესებულებებში შიდა პოლიტიკის დოკუმენტები ნაკლებად არის სრულყოფილი, ან საერთოდ არ არის. დასაქმებულებმა არ იციან დისკრიმინაციული ფაქტების შემთხვევაში რა რეაგირება უნდა მოახდინონ”, – განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ თამარ სურმავამ.
“აღნიშნულ კვლევა 14 მერიასა და საკრებულოში განხორციელდა, რომლის შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით.
პროექტის მიზანი იყო, პირველ ეტაპზე უწყებებისთვის მიგვეწოდებინა თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხები, ხოლო ამის შემდეგ გადაგვემზადებინა და ადვოკატირება გაგვეკეთებინა თემის. პროექტის ფარგლებში უფრო მეტ ჩართულობას ველოდით, გვსურდა ამა თუ იმ საკითხში უფრო აქტიურები ყოფილიყვნენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასე გენდერის საბჭოს წევრები და ასევე გენდერზე პასუხისმგებელი პირები. ჩვენ აღნიშნულ კვლევაზე 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით და საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაცია ორ ეტაპად გამოვითხოვეთ”,- განაცხადა რეგიონული ინიციატივების ცენტრის “ნათელი მომავალი“ ხელმძღვანელმა, დამფუძნებელმა და პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
კომენტარები