მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სიკვდილი სამუდამო სიყვარულისთვის

სიკვდილი სამუდამო სიყვარულისთვის

რამდენიმე დღეა, სულ მის პოსტებს ვკითხულობ. წლების მანძილზე, მისი განცდების საჯარო ნაწილებს, მისი ცხოვრების საჯარო ნამცეცებს. ის, რაც სხვებს უნდა სცოდნოდათ, სხვებისთვის, სულ სხვებისთვის.. დანარჩენი სამყაროსთვის მნიშვნელოვანს. თითქოს ამ საზოგადო მოვლენების იქით ნაკლები სათქმელია. მაგრამ ის ყველასი იყო და ამიტომ. ყველას მზრუნველობით დამუხტული, ყველასთვის სხვადასხვანაირად საჭირო.

და იყო ქალი, ერთი მარადიული სიყვარულით!

როცა ირაკლის წიგნი “სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ გამოიცა, ქეთიმ დამირეკა, შეხვედრა გვინდაო. ჩაის სახლში შევხვდით მე, ის და ავტორი. მითხრეს, რომ წიგნის პირველი წარდგენა  უნდა გამეკეთებინა და გავგიჟდი სიხარულისგან. “მე რატო?” – რამდენჯერმე დავუსვი ეს კითხვა ორივეს და ერთნაირად მიღიმოდნენ. ამ ჩემი აღფრთოვანების მერე პირველი შიში გამიჩნდა წიგნის წაკითხვამდე. წავიკითხე და ისევ გავბედნიერდი. თავაწეული და გულწრფელი სიამოვნების მოლოდინი ჩამერთო. ყველა ჩემი სიტყვა ნამდვილი იქნებოდა. ფაქტია, მათ ეს ჩემთან მოსვლამდეც იცოდნენ. იცოდნენ, რომ კარგი “პროდუქტი“ შექმნეს. ისე, როგორც, მათი შექმნილი ყველაფერი, ხარისხიანი იყო და დროში გამძლე..

– მე რატო?

ქეთი და ირაკლი უამრავი წლის წინ გავიცანი ტელევიზიაში. იკა უფრო ადრე იყო ჩემი მეგობარი. მერე რადიო დაიბადა. ყველასთვის ძვირფასი “ძველი ქალაქი“. ჩემი ცხოვრების ერთი რთული ეტაპი იქაც გავიარე პირველი საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემით, ნინია გაბიძაშვილთან ერთად (ის პირველი გაგვიფრინდა მეგობრებს).

– მე რატო?

მერე, როგორც ყველაფერი, ამ ქალაქში, უამრავი გადაკვეთის წერტილით გაგრძელდა. ქეთი სულ იყო საქმიანი და ერთგულად შეყვარებული. სულ! ჩვენი გაცნობის პირველი დღიდან – ბოლო დღემდე, როცა ზაფხულში “სამოქალაქო თეატრში“ მონაწილეობა ვთხოვე და რეპეტიციებიც დავიწყეთ.

– მე რატო?

იმდენი დაწერეს მის კეთილშობილებაზე, მის სილამაზეზე, მის სინათლეზე სახიდან და გულიდან, მის საქმეზე, მის რადიოზე და მზრუნველობაზე, მის უკიდეგანო მეგობრობაზე, სამოქალაქო აქტივიზმზე, ამ ქალაქის და სწორი ფასეულობების მსახურებაზე.. და ისე კარგად დაწერეს..  კიდევ ბევრი დაიწერება და ხშირად, ალბათ. ვფიქრობდი, ზედმეტია ეს ბლოგი. მაგრამ ისევ არ მასვენებდა კითხვა

– მე რატო?

მას სულ ის ერთი უნდოდა! სულ ის ერთი უყვარდა. ბოლომდე. მთლიანად. შექმნილიც და შესაქმნელიც. ისე მოხდა, რომ მწერლობის წარმატებაც იზეიმა სიცოცხლეში. მისი სიყვარულის აღმატებული სახელი, აღმატებული აღიარება. ისე მოხდა, რომ შემოქმედი სრულყო და ეს მისი მარადი სიყვარულით აჩუქა მკითხველს, სხვა სამყაროს! გვაჩუქა ავტორი, რომელიც მხოლოდ მის ვნებებში ამოზარდა, სული უბერა, ჯადოსნური ლუკმები გაუნაწილა, სიტყვები აუკინძა, ღამეები ათენა მის ხელნაწერებთან.. საკუთარი თავის ძიებაში…

ისე მოხდა, რომ „საჯარო ცხოვრებისგან“ შორს, საკუთარი პოეზია და სულის მუსიკაც იმ ერთის მწერლობას უხილავ სარჩულად ამოდო – სხვადასხვა ფერში, ტკბილ-მწარე სოუსით, სხვადასხვანაირი მზით და სხვადასხვანაირი დღეებით და ღამეებით. ისე, როგორც ფილმშია – ჭრელი ნაჭრებისგან/მოგონებების ეპითეტით/ რომ კერავენ ქალები ერთ დიდ ფერად საბანს.. შეკერა ეს საბანი ოღონდ  მარტო თვითონ და გადააფარა მის მწერალს, მის სიყვარულს, რომელსაც ვეღარასოდეს ექნება ვერც ერთი შემოქმედებითი ჩასუნთქვა ქეთის გარეშე!

ასე უნდოდა ქეთის და მიტომ!

ეს არის სიკვდილი მარადიული სიყვარულის მოსაპოვებლად იმ ერთში, რომელიც ასე ძვირფასია, ასე განსხვავებულია, ასე აღმოჩენილია, ასე ამოზრდილია, ასე ნალოლიავებია მისგან!

ასე უნდოდა  ქეთის და მიტომ!

და აღარ იქნება არცერთი დღე და არცერთი ღამე, სადაც ქეთი, ბევრად უფრო დიდი და მიუწვდემელი უკვე მისი მარადისობით, ბევრად უფრო ძლიერი და სავსე, მაგიურ მუზად არ დაჯდება მის შეყვარებულ შემოქმედთან სარეცელზე ან საწერ მაგიდასთან.. და ის იქნება სულ – იმ ერთის სიტყვებში და სიტყვებს შორის, მისი დიდი სიყვარულის ჟანგბადში შეუცვლელი..

ასე უნდოდა ქეთის და მიტომ!

იყო ქალი და გახდა შთაგონება..  სიკვდილით მარადი სიყვარულის მომპოვებელი.

სიკვდილი იმისთვის, რომ იმ ერთში იცოცხლო მის ბოლო ამოსუნთქვამდე! ასე, დაუნდობლად და ნამდვილი შემოქმედებისთვის საჭიროდ!

ესეც ჩემი პასუხი კითხვაზე – მე რატო?

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები