მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სოკრატელები“

“სოკრატელები“

თაობა, რომელსაც არ აქვს ცენზურა. უბრალოდ, არ იციან ეს სიტყვა  მისი საბჭოური შინაარსით, საბედნიეროდ. დადიან ჩაჩებით, ჰუდებით  და ყურსასმენებით, ცოტა სამყაროსგან დისტანცირებული, ცოტა საკუთარი გემოვნების განსხვავებული არჩევანით, ცოტა გაფანტულები თითქოს და არ იწუხენებ თავს მოკვდავი ავტორიტეტებით საკუთარ ქალაქში, ან რევერანსებით – დროებით აღზევებულთა პერსონალურ გალერეებში. უყვართ ერთმანეთი. ბედნიერებას და კეთილდღეობას ეძებენ. გართობა უნდათ.

თაობა, რომელიც შეიძლება თეატრში დახეული ჯინსით მოვიდეს და გაპრიალებულ, დავარცხნილ მაყურებელზე მეტი იგრძნოს. თაობა, რომელიც სიმართლეს გეტყვის თამამად და მანამდე არ გკითხავს – ვისი შვილი ხარ და რომელი ტრადიციის ოჯახს წარმოადგენ. გხედავს, გისმენს და საკმარისია. ამის იქით სხვა სამყაროს უერთდება, „რებელურს“, მღელვარეს, უსწორმასწოროს, საკუთარ პრობლემათა რიგს, პირადი ტკივილების და ემოციების ჯერ დაუდგენელ კალენდარს.

გესმის მათი ლექსიკა და გაღიზიანებს “ქრინჯი“ და “სქროლვა“, „ვაიბი“ და “ქრაში“. გგონია, ამის იქით, ცნობიერების კედელია, რომელსაც შენ მის ასაკში უფრო შორს ხედავდი. მათ კიდე შენს წარმოდგენებზე ეცინებათ. ბებიებიც უყვართ და ბაბუებიც, სოფელშიც დადიან და მშობლებსაც ეხმარებიან, უმცროს და-ძმასაც პატრონობენ, ხანდახან იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ.. ან, იქნებ აღარ გვახსოვს ზუსტად, როგორები ვიყავით..

მოკლედ, ერთი მეგობრობის ისტორიით, ზუსტად ასეთ ახალგაზრდებთან მომიწია ბოლო დროს ურთიერთობა. ასაკობრივი სხვაობები ჩემს კონტაქტებში ხშირია, მაგრამ ეს სულ სხვა მისიით იყო. და დღეს მათნაირ ბიჭებზე და გოგოებზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა.

როდისმე ცალკე ბლოგსაც ალბათ, მივუძღვნი მარჯანიშვილებს. თორნიკეს და მარინას ვგულისხმობ, რომლებმაც ერთი დიდი საქმე ნამდვილად გაუკეთეს ამ ქალაქს. თაობებს თეატრის სიყვარული ესტაფეტასავით გადასცეს.

სხვა სიხარული აქვს მოზარდებით რომ ივსება თეატრი. სხვა ხმა შემოაქვს ამ ლამაზ აურზაურს ყოველ წელს. სკოლების თეატრალური ფესტივალი მარჯანიშვილებმა დაიწყეს და აგრძელებენ. შორიდან ყოველთვის მიცეტდებოდა ემოცია ამ სახალხო სიამოვნებაზე, მაგრამ პროცესის სამზარეულო არასდროს მინახავს. ტკივილებიც ბევრია იქ და სიხარულიც. უდავოდ. ხელოვნებასთან მიახლოებას მოაქვს ეს ყოველთვის. მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ..

ჩემი მორიგი აღმოჩენა იმ თაობის რებელებში გამიმართლდა, „სოკრატე“ რომ შევთავაზე მეგობრებს ინსცენირებისთვის. არაა მარტივი ტექსტი. არც მიზანია მარტივი და არც მიზეზი, რისთვისაც დაიწერა. თუმცა კომედია ჰქვია, – ფილოსოფია მაინც აფრთხობთ ადამიანებს. <<რებელები>> არ დაფრთხნენ. საოცარი იყო მათი გარდაქცევა და გარდასახვა სოკრატეს ეპოქაში. სიტყვებს, რომელსაც ხსნიდნენ და ქვეტექსტებსაც უძებნიდნენ, ისეთი თანამედროვე ჩანდა, ისეთი გასაგები, რადგან აქ სამართლიანობასა და ღირსებაზეა ლაპარაკი. მხოლოდ ერთი თვე მქონდა მათთან მეგობრობის ბედნიერება და ეს იყო ჩემი ცხოვრების უმძიმეს ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი. მათთან ურთიერთობით, თავიდან ამოვწიე თავი თამამად პლატონის გამოქვაბულიდან.

გუშინ თურქეთიდან ჩამოვიდნენ „სოკრატელები“. სიდეს ამ თეატრალურ ფესტივალზე მარჯანიშვილის თითქმის ყველა თაობაა ნამყოფი. ამ თაობებიდან ბევრი უკვე კარგი მსახიობია, ზოგი რეჟისორი. ყველას აქვს საინტერესო მოგონება ამ ქალაქთან და ამ თეატრალურ-საყმაწვილო დღესასწაულთან. ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმაც პირველად იქ ითამაშეს ტრაგიკომედია, რომელიც სამყაროს უდიდესი კაცის სიცოცხლის ბოლო დღეს აღწერს. ის, რათქმაუნდა, ვერ შეედრება „ქაქუცას“ ეროვნულ სულს და ტემპერამენტს, მაგრამ ცივილური აზროვნების ანი და ბანია, ადამიანის უფლების და თავისუფლების, ადამიანის და სახელმწიფოს, პიროვნების და საზოგადოების ყველაზე მკაფიო და სევდიანი ილუსტრაცია. ის უფრო დოკუმენტური თეატრია, ვიდრე მხატვრული. შემეცნებითი, ვიდრე ემოციური. ამიტო, ბევრი იყო ალბათობა…

ნომინაციას აწერია “ჯილდოვდება ქუთაისის #30 საჯარო სკოლა წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის სამართლიანობისა და თავისუფლების იდეის საჩვენებლად“ და ეს ნამდვილად ფესტივალის ხელმძღვანელობის საჩუქარია იმისთვის, რომ „სოკრატელებს“ მთელი ცხოვრება ახსოვდეთ ამ ორი მთავარი სიტყვის არსი, რომელსაც უნდა ემსახურონ: სამართლიანობა და თავისუფლება, საიდანაც იწყება ყველა დიადი და ფასეული მოვლენა, საიდანაც იწყება ადამიანი!

მიყვარს ეს ქიმია – თეატრი, პიესა, სიტყვა,  რომელიც ყველას გვაიძულებს ცოტა უკეთესები გავხდეთ! სოკრატე – სინათლეა! მეტი სინათლე ჩვენს გულში აზროვნების გავლით!

მადლობა მიშას ამ ახალგაზრდებისთვის და მეგობრობისთვის! მადლობა მარინას ამ ყველაფრის გაბრწყინებისთვის! მადლობა ლიკუნას, მეგობარს, ლამაზს, საინტერესოს, ძალიან ახალგაზრდა მასწავლებელს, მგრძნობიარეს და არტისტულს, რომელმაც სოკრატეს ლეგენდარული ცოლი ქსანტიფა გააცოცხლა სცენაზე! მადლობა თაობის ოქროს ბიჭებს, საოცნებოდ კარგ შვილებს, ნიჭიერებს, გულღიებს, ხიბლიანებს, მხიარულებს:  ბერიკასსოკრატეობისთვის,- მთელი ცხოვრება რომ საამაყოდ ექნება, ლუკას -ზედამხედველ-ჯაშუშობისთვის, მაინც რომ სოკრატეს გულშემატკივარი ხდება და მისი გადარჩენისთვის საკუთარი ცხოვრების მყარ წესს  ანგრევს, ნიკას – რებელი ალფა რომ არის და მამას უჯანყდება სამართლიანობის აღსადგენად, გიორგის – სოკრატეთი შეპყრობილ თვითმკვლელს და სოკრატესთვის სიცოცხლის დამთმობი კრიტონობისთვის და ჩემს ლუკას – ყველაზე მრავალფეროვანი სიმონ ცინიკოსობისთვის, მთლიანად რომ არღვევს ჩარჩოებს და მაყურებელს ატყვევებს სამჯერ გარდასახვით!!

მადლობა ამ თაობას, რომელიც ჩაჩებით, ჰუდებით, ყურსასმენებით დადის და დავარცხნილ თაობებს სჯაბნიან ნამდვილობით.

მადლობა სოკრატეს ბიჭებს და მომავალ შეხვედრამდე, ყველაზე გონიერ, ყველაზე გულწრფელ, თქვენს თანატოლ მაყურებელთან!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

 

კომენტარები