მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოციალ-დემოკრატ ირაკლი (კაკი) წერეთლისთვის გამართული საზეიმო დახვედრა ქუთაისში 1917 წელს

სოციალ-დემოკრატ ირაკლი (კაკი) წერეთლისთვის გამართული საზეიმო დახვედრა ქუთაისში 1917 წელს

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სივრცის ისტორიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი თავისი ბიოგრაფიით უკავია სოციალ-დემოკრატ ირაკლი (კაკი) წერეთელს. ის გახლდათ გიორგი წერეთლისა და ოლიმპიადა ნიკოლაძის (ნიკო ნიკოლაძის და) ვაჟი, რომელიც დაიბადა 1881 ან 1882 წელს (ზოგიერთი ცნობით ის დაიბადა ქუთაისში).

ირაკლი (კაკი) წერეთლის პოლიტიკურ მოღვაწეობაში ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტია, რომ 1906 წელს ის ქუთაისის გუბერნიიდან აირჩიეს დეპუტატად რუსეთის იმპერიის მეორე მოწვევის სათათბიროში.

ირაკლი წერეთელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთში 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციაში, რომლის ძალითაც საიმპერატორო ტახტიდან გადადგა იმპერატორი ნიკოლოზ მეორე და გაუქმდა რუსეთში მონარქიული მმართველობა.

1917 წლის ოქტომბერში ირაკლი (კაკი) წერეთელი სამშობლოში ჩამოვიდა. ამ ვიზიტის ფარგლებში იმავე წლის 9 ოქტომბერს ის ეწვია ქუთაისს.

ქუთაისი განსაკუთრებული პატივისცემით დახვდა და შეეგება ირაკლი წერეთელს. ადრეული დილიდანვე საზოგადოება დროშებით მატარებლის სადგურში ელოდა განსაკუთრებული სტუმრის ჩამოსვლას. ქუთაისში მოქალაქეებმა სახლებიდანაც გადმოფინეს დროშები. დილის 7 საათიდან 8 საათამდე პერიოდში სადგურის წინ არსებული ქუჩა ხალხით გადაივსო. 8:30 საათისთვის სადგურში მატარებელი შემოვიდა, საიდანაც გადმოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი, რომელსაც თანმხლები პირებიც ჩამოჰყვნენ.

ირაკლი წერეთელი ხელით გამოიყვანეს სადგურის წინ ქუჩაზე, სადაც დროშების შუაში მოწყობილი იყო ტრიბუნა. სტუმრის დახვედრისას მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: გუბერნიის კომისარმა გრიგოლ გიორგაძემ, ქალაქის თავმა კალანდარაშვილმა, ბეჭდვითი სიტყვის კავშირის წარმომადგენელმა ტრიფონ სალაიმ, „სალდათთა“ საბჭოს წარმომადგენელმა გოლდმანმა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ია ეკალაძე-ცინცაძემ და სხვებმა. აქვე იყო მომღერალთა გუნდი, რომელიც ყოველი სიტყვით გამოსვლის შემდგომ მღეროდა „მარსელიეზას“.
მასპინძელთა მხრიდან სიტყვებით გამოსვლის დასრულების შემდგომ, ტრიბუნაზე ავიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი, რომელსაც საზოგადოება მხურვალე ტაშითა და ოვაციებით შეეგება. კაკი წერეთელი სიტყვით გამოსვლის შემდგომ ჯარისკაცებმა ხელში აიტაცეს და ამგვარად ხელში აყვანილი წაიყვანეს ის თბილისის ქუჩისკენ. მსვლელობას თან გაჰყვა ხალხი, მათ შორის მომღერალთა გუნდი, რომელიც მთელი გზა კვლავ მღეროდა „მარსელიეზას“.

პროცესია შეჩერდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელთან (ამჟამინდელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი), სადაც სტუმარს ჩამწკრივებულნი შეეგებნენ რეალური სასწავლებლის მოსწავლეები. აქ რეალური სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სახელით მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა მასწავლებელმა კროტკოვმა, რომელმაც ამგვარად დაასრულა თავისი სიტყვით მიმართვა ირაკლი წერეთლისადმი: „გაუმარჯოს თქვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს!“, – აღნიშნა კროტკოვმა.

რეალური სასწავლებლის შენობასთან ირაკლი (კაკი) წერეთელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქუთაისის კომიტეტის სახელით სიტყვით მიესალმა კონსტანტინე ლომთაძე, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შემდგომი პერიოდის რუსულ პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ და მკაცრად დაგმო რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული მტრული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

რეალური სასწავლებლის შენობასთან ასევე სტუმარს სიტყვით მიესალმა ცნობილი სასულიერო პირი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე.

პროცესიამ განაგრძო მსვლელობა. გზად მოსახლეობა სახლებიდან ყვავილებს აბნევდა ძვირფას სტუმარს, ირაკლი (კაკი) წერეთელს. სოციალ-ფედერალისტების ბიუროსთან სიტყვა წარმოთქვა ალექსანდრე წერეთელმა.

შემდგომ პროცესია გაეშურა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებისკენ, სადაც ასევე ტრიბუნა მოეწყოთ. აქ სიტყვები წარმოთქვეს თბილისის მუშათა საბჭოს წევრმა მგელაძემ და ასევე, მუშათა საბჭოს სახელით – გრიგოლ ურატაძემ. აგრეთვე, სხვა არაერთი სიტყვაც წარმოითქვა ამ დღეს ირაკლი წერეთლის პატივსაცემად. დასასრულს ირაკლი (კაკი) წერეთელმა კვლავ მიმართა სიტყვით საზოგადოებას, რომლისგანაც არაერთხელ გაისმა მხურვალე ტაშით გამოხატული ოვაციები.

კაკი წერეთელი ქუთაისში ამ სტუმრობისას თავისი სურვილით დაბინავდა თავისი დეიდის, კატო ნიკოლაძის შვილის სახლში.

ირაკლი წერეთლის ამ ვიზიტისას ქუთაისში თბილისის მუშათა საბჭოს წევრმა მგელაძემ ამგვარად მიმართა ქუთაისელ საზოგადოებას:

“თქვენ გაბარებთ ბრძოლისგან დაქანცულ გმირს, რომელსაც მოუარეთ და მიანიჭეთ მშვიდად განკურნება, რომ თავის საქმეს უფრო ენერგიულად შეუდგეს!“, – აღნიშნა მან.

ირაკლი (კაკი) წერეთლის შემდგომმა მოღვაწეობამ დაადასტურა მისი პატრიოტიზმი და მსახურება საქართველოსადმი, რომლის სიყვარულისა და ერთგულების გამო ის საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დევნილი სამშობლოდან შორს, აშშ-ში, ნიუ-იორკში გარდაიცვალა 1959 წელს. მისი ნეშტი 1973 წელს გადაასვენეს საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები