მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სტუდენტები გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას გათავისუფლებას მოითხოვენ

სტუდენტები გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას გათავისუფლებას მოითხოვენ

თსუ-ის სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას და დაკავებული გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათმა ნაწილმა უნივერსიტეტში, კანცელარიის ოთახი უკვე დაიკავა.

პროტესტის მონაწილეები თსუ-ის რექტორს ჯაბა სამუშიას მიმართავენ, დააფიქსიროს პოზიცია დაკავებული ლექტორების საქმეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციის გადაყენებას მოითხოვენ.

“გამოსახლება ზანდუკელის ქუჩაზე დადასტურდა, რომ გადაიდო, ამავე წუთებში სტუდენტები შევიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაიკავეს პირველი კორპუსის კანცელარია და ისინი არ გამოვლენ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ორი მოთხოვნა – აიკრძალოს უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა. მალევე დავაანონსებთ მარშს იმავე მოთხოვნებით, მათ შორის ერთ-ერთი იქნება გიორგის და კაკოს გათავისუფლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციას შეუერთდნენ კურიერები და მაღაროელები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ იმ ოჯახებს, რომლებსაც აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებას უპირებდა.

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კეკელიძის ქუჩაზე ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები