მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტაბიძის #19-ში დაბადებული ათინათი

ტაბიძის #19-ში დაბადებული ათინათი

ქუთაისში ყველამ იცის სახლი, სადაც მარიკა დაიბადა. გამორჩეული იყო იმ ძველ უბანშიც, „ბჟოლებშიც“, რომელსაც გალაკტიონის ქუჩა ბოჰემურად სერავს. თითქოს მისი ბინადრები საკუთარ განსაკუთრებულობაზე კედლიდანაც ელაპარაკებოდნენ მათ, ვინც ზღურბლს იქით სტუმარი არ ყოფილა არასდროს.. ჩაივლიდი და გრძნობდი, რომ ამ ქუთაისური არტნუვოს მუცელში მართლა ახალი ხელოვნების ტრფიალები ცოცხლობდნენ.. და აცოცხლებდნენ სხვებსაც.. იყო კიდეც ერთგვარი „ახალი სიცოცხლის“ სახლიც. ამბად დადიოდა: მამუკა ექიმი პაციენტებს მუსიკითაც კურნავსო. არ იყო ლეგენდა, მართლა ასე უყვარდა მუსიკაც, ნიჭიც და ადამიანიც, ზოგადად.

როცა “სამოქალაქო თეატრის“ პირველ პერფორმანსს ვაკეთებდით და ეს ჩვენი საერთო ბიოგრაფიის გულის ამაჩუყებელი დასაწყისი იყო, ქუთაისის და თბილისის ოპერის თეატრების სოლისტს მარიკა მაჩიტიძეს Coffee Bean-ის მაგიდასთან, დარიჩინიანი americano-ს ყლუპებს შორის, მოკრძალებულად ვთხოვე ჩვენი იდეის მხარდაჭერა. ვფიქრობდი – „სად სცალია მარიკას ჩვენთვის“ და მაინც გავბედე. ამბიცია გვქონდა! ძალიან გვინდოდა უკვდავი ეფრო კლდიაშვილის ერთი სახელოვანი შთამომავალი, პირველი ქართველი დიპლომირებული საოპერო მომღერალი ქალი მარიამ კლდიაშვილი-ძნელაძისა, სწორედ მას განესახიერებია. ბევრი დამთხვევა იყო და მათ შორის, ყველაზე მთავარი – ქართველი მოღვაწის ენთუზიაზმი და ქუთაისელობა! ეს საკმარისი იყო მარიკასთვის, დამწყები “სცენისმოყვარესავით“ ჩამდგარიყო ჩვენს არაპროფესიულ, მაგრამ იდეურად გაჯერებულ გუნდში! ამ დამთხვევებს დაემატა, რომ მარიამიც  მღეროდა ვიოლეტა ვალერის და მარიკაც!

ქუთაისია მისი მუდმივი მაჯისცემა. ამ ქალაქის საოცარი სიყვარულით სავსე ოჯახში ამოიზარდა უთბილესი ადამიანების გარემოცვით. ახლაც, როცა მარიკას დედას, ქალბატონ ქეთინოს ვუსმენ, მგონია რომ თავისებური სიმღერით მიყვება ამბავს.. ამბავს მის შთამაგონებელ და სამუდამო შეყვარებულზე. კაცზე, რომელმაც საკუთარი თავით  სიცოცხლის დღესასწაული აჩუქა და იჩუქა. ისეთი, დღესაც რომ გრძელდება.. იყო ექიმი და წერდა ოპერას ქეთევან დედოფალზე! როგორ არ უნდა გყვარებოდა უსასრულოდ და უკიდეგანოდ! მამუკა მაჩიტიძის და ქეთინო ბუაძის იშვიათი მთლიანობა, ქალაქური სალონის ფუძე იყო „ბჟოლების“ მწვანე კუთხეში, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის, მოგვიანებით კი, მწერალთა კავშირის სახლის საზიარო ეზოსთან.

“მე ჯერ კიდევ დედის მუცლიდან შევზავდი ოპერის ხმებში“ – ამბობს მარიკა. რადგან დედა ოპერის თეატრის ორკესტრში უკრავდა. ექიმების ტრადიციას ხელოვნების მსახურებამ აჯობა. არც ექიმი მამა იყო მარტო ექიმი. ისიც ნოტების კორიანტელში ყოველდღიურობდა, პარტიტურების ფოლიანტები ცვლიდა  სამედიცინო ცნობარების  და რეცეპტების ჩვეულებრივ ჩანაწერებს. არ ვიცით როდის ეძინაო, ამბობენ, – დღე პაციენტები მოდიოდნენ,  საღამოს სტუმრები – მწერლები, პოეტები, მხატვრები, მსახიობები და ღამე, რეჩიტატივები და უვერტურები მამუკას ოთახშიო. ლიბრეტისტიც თვითონ იყო.

მოკლედ, პროფესიის არჩევანის ზღვარზე, მარიკამ სამედიცინო ინსტიტუტზე უარი თქვა და კონსერვატორია აირჩია. ქუთაისში მისი პედაგოგი მაესტრო გიორგი ლომთაძე გახლდათ, თბილისში, მაგისტრატურაში, კი ლეგენდარული მედეა ამირანაშვილი!

საოპერო კარიერა ქუთაისით დაიწყო. ვანო გოკიელის „წითელქუდაში“ პარტნიორობას პედაგოგი, ბატონი გიორგი ლომთაძე უწევდა. მაგისტრატურაში სწავლის დროს საოპერო სტუდიაში იმღერა მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“ , ჯოაკინო როსინის „სეველიელი დალაქი“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“ … ორ წელიწადში ოთხი ურთულესი პარტია! და თბილისის საოპერო სცენის სოლისტობის ბრწყინვალე გზაც ასე დაიწყო! ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერში“ მარიხის არიას მოჰყვა „ტრავიატა“, „ბალ-მასკარადი“, “რიგოლეტო“, „დაისი“, „ლატავრა“, „ქეთო და კოტე“, „რადამისტო“, „ვერთერი“, „ბოჰემა“ … ახლა წინ დისერტაციის თემაა და თაქთაქიშვილის „მინდიაში“ მზიას პარტიაზე მუშაობის რთული სპეციფიკა. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავების კაშკაშზე წერის დროს, მათი მშობლების და ძარღვიანი ფესვის სადიდებელი ჰიმნებიც „გამეპარებოდა“ ალაგ-ალაგ..

მარიკაზე ვფიქრობ თვალისმომჭრელი კოსტიუმებით და გენიალური კომპოზიტორების ბობოქარი შედევრებით, მაგრამ მაინც გალაკტიონ ტაბიძის #19 ნომერში მიბრუნდება მზერა, ქუთაისის სუნთქვით და აქაური ჰაერით. ეტყობა იმიტომ, რომ ყველა ფრაზის შემდეგ ამ არაჩვეულებრივი გოგოს სათქმელი „ქუთაისია“! ყველა მის გამარჯვებაში და სიხარულში, ქუთაისის მზე ანათებს! ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ფონდის ოქროს მედალზეც იგივე მითხრა – „ეს ჯილდოც ქუთაისის დამსახურებაა“! მიყვარს ასეთი ვარსკვლავები… და გარდა იმისა, რომ მისი ხმა და მშვენიერება ასე ერთნაირად ატკბობს დიდ სცენებს, ამ მოციმციმე გოგოს ღირსებები კიდევ ბევრ რამეშია.. კარგი მოქალაქე, პატრიოტი, სულგრძელი და მეგობარია! იშვიათი ჰარმონიაა ვარსკვლავურ გზაზე! მაბედნიერებს, რომ „სამოქალაქო თეატრის“ პატარა ბიოგრაფიის დასაწყისში, ჩვენს პირველ „აფიშაზე“, საპატიო პოზიციით ანათებს მარიკა მაჩიტიძის სახელი და გვარი! მადლობა ამ ფასეულობისთვის, იმისთვის, რაც არ იწონება, რაც შეუფასებელია, რაც გულანთებულ თანამოაზრეობას და ენთუზიაზმს მოაქვს და გარშემო სამყაროს ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უკეთესობისკენ ცვლის! მადლობა ტაბიძის ქუჩის #19 სახლს, მისი ისტორიით, წარსულით და დღევანდელობით, რომ ასეთი მარგალიტი აჩუქა ჩვენნაირ “სცენისმოყვარეებს“ ქუთაისური განსაკუთრებულობით!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები