მარიკა ვაჭარაძე პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა 10 წელია, რაც არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა. იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-ს უყვება, რომ ჟურნალისტად მუშაობის დროს მიხვდა, რომ საქმიანობას, რომლის შესახებაც აქტიურად წერდა, შეეძლო, რომ მასაც გაეკეთებინა და “რეგიონალური ინიციატივების ცენტრი” დააფუძნა.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პროფესიონალიზმი და ადამიანური ურთიერთობები- ამ უნარჩვევებითა და შემართებით დღეს უკვე ადგილობრივ, ცენტრალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.
“პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიაში არ ვარ, ძალიან ვამაყობ ჩემი პროფესიით. დროში რომ დამაბრუნა ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი, რადგან ჟურნალისტიკამ მომცა ყველაფერი – განსაზღვრა ჩემი საქმიანობა და შემძინა უამრავი ერთგული მეგობარი. და რაც მთავარია, ეს არის პროფესია, რომელიც განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
– რატომ არასამთავრობო სექტორი?
-ეს გადაწყვეტილება 10 წლის წინ მივიღე. ერთ დღეს მივხვდი, საქმიანობას რომლის შესახებაც ვწერდი, შემეძლო მეც მეკეთებინა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაშინაც და დღესაც ჩემთვის მისაბაძები არიან ამ სექტორში; მე მახსოვს მათი მხარდაჭერა, გვერდით დგომა, რაც იყო სტიმული, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა გამეფართოვებინა; მახსოვს პირველი პროექტი, რომელიც დაფინანსდა. იგი 2012 წლის არჩევნებში მოქალაქეთა ჩართულობას და ინფორმირებულობას ეხებოდა. ძალიან კარგი გუნდი ვიყავით და მიხარია რომ ამ გუნდის ძირითადი ბირთვი ორგანიზაციას ისევ შემორჩა; უდაოა, რომ ეს სექტორი იძლევა იმის შესაძლებლობას პულს თავად სინჯავდე; შეგიძლია შეცვალო, მიუთითო, ასწავლო, განავითარო და შედეგით იამაყო; არის პროექტები რომლითაც ვამაყობ, რადგან დღემდე „ცოცხალია“. აქ მუშაობა იძლევა შესაძლებლობას ქვეყნის განვითარების სადარაჯოზე იდგე და თავადაც იღებდე მონაწილეობას ხვალინდელი დღის ფორმირებაში. ეს კი არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, რადგან არ უნდა ჩამორჩე დროს, განვითარებას!
– რას ნიშნავს თქვენთვის საქმე, რომელსაც აკეთებ?
-პასუხისმგებლობას! ვფიქრობ ეს სიტყვა ძალიან კარგად პასუხობს კითხვას, რადგან თუ საქმეს არ ითავისებ და არ აცნობიერებ პასუხისმგებლობას, შედეგს ვერ მოგცემს; მე კიდევ წაგება არ მიყვარს. ამიტომ არასოდეს ვაკეთებ იმას, რაც მე სიამოვნებას არ მანიჭებს. საქმის წარმატებაში მნიშვნელოვანია პროფესიონალ გუნდთან მუშაობა და ერთგულება; საქმეს, რომელსაც დღეს ვემსახურები, ზუსტად ვიცი რომ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე ქვია; ამიტომ ეს არის სტიმული გასცე ყველაფერი იმისთვის, რომ ხვალ „გვირაბის ბოლოს“ სინათლე დაინახო;
– განვითარების რა ეტაპზეა ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები?
-ჩემი შეფასება გაკადნიერება იქნება. ცოტა ხნის წინ ვნახეთ ამ სექტორის მიმართ მაღალი რანგის ევროპელი წარმომადგენლების და ელჩების განცხადებები. ფაქტია, რომ მესამე სექტორი განვითარდა და თავის ფუნქციას ასრულებს. თუმცა ყველა აღიარებს რომ წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელსაც შესაბამის ქმედითი ნაბიჯებით უნდა შევხვდეთ. ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში კი არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა, რადგან სასურველი შედეგი ვფიქრობ ჯერ არ დამდგარა.
– პირადად თქვენთვის, როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლისთვის, რით არის საინტერესო, საქმე, რომელსაც აკეთებთ?
-სიახლეებით, გამოწვევებით, ადამიანური ურთიერთობებით, კონტაქტებით; მაგრამ საქმიანობის ჭრილში კიდევ უფრო რომ შევიხედოთ ეს იძლევა სექტორთაშორისს თანამშრომლობის, პარტნიორობის კარგ შესაძლებლობას. ფაქტობრივად აქედან შეგიძლია ერთი იდეის და საქმის ირგვლივ გააერთიანო მედია, სახელმწიფო უწყებები, ბიზნესი, მოქალაქეები; ეს პროცესი კი ძალიან საინტერესოა, მით უფრო როცა ყველა მხარეს აქვს მიზანი და შესაბამისად ორიენტირებულები არიან შედეგზე.
-დროის რა ნაწილს უთმობთ სამსახურს?
-დროის მართვა ვფიქრობ რომ კარგად შემიძლია; თუმცა 24/7-ზე არა მაგრამ საკმაო დრო მიაქვს საქმეს, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებ. იყო თვეები, როდესაც შაბათი და კვირა ფაქტობრივად იგივე ორშაბათი იყო. თუმცა გეტყვით იმასაც, რომ საკმაო დროს ვუთმობ მეგობრებს, გართობას, დასვენებას.
-რა დრო გრჩებათ ოჯახისთვის?
-დღეში ალბათ 2-3 საათი. ძალიან ცოტაა, ვხუმრობ ხოლმე – ჩამოვრჩი ოჯახში სიახლეებს-თქო. ანუ ბევრი რამ ჩემამდე არ ან ვერ მოდის; თუმცა უნდა ვთქვა რომ ჩემი სახლი, ოჯახი არის ის სადაც ვისვენებ და ვტკბები, მაძლევს სტიმულს და ენერგიას.
– რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც საქმიანობის გაგრძელება არასამთავრობო სექტორში სურს?
-გაცნობიერებულად უნდა მოვიდნენ ამ გარემოში, არ უნდა დაიბნენ, არ უნდა შეშინდნენ, მზად უნდა იყვნენ გამოწვევის და სიახლეების მიღებისთვის; მთავარი მოტივაციაა, საკუთარი თავის მოტივატორი კი თავად უნდა იყვნენ. ზუსტად უნდა განსაზღვრონ მათი სურვილები შეესაბამება თუ რა შესაძლებლობებს, უნარებს. და ბოლოს, კითხონ საკუთარ თავს – ეს ის საქმეა რაზეც ვოცნებობდი? და თუ პასუხია დიახ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ დიდ სამყაროში!
– რას ეტყოდით მედიას, რომელიც ალბათ თქვენი საქმიანობის ერთ-ერთი პარტნიორია?
-მესამე და მეოთხე სექტორები, ვფიქრობ ერთმანეთისთვის ყველაზე ერთგული მეგობრები არიან. მუდმივად ვგრძნობ მხარდაჭერას, გვერდით დგომას, თანამოაზრეობას. პარტნიორობა ესაა – გჯეროდეს და ენდობოდე მის საქმიანობას. მადლობა მათ ამ ნდობისთვის! ვეტყოდი, რომ ყველაზე ბასრი იარაღი მათ ხელშია, ამ იარაღით და გონიერებით კი ყველა ომი მოგებულია.
კომენტარები