თბილისის “იბერიამ” ეროვნულ ლიგაში ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა და საწყის წუთებში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, დაძაბულ და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ დაპირისპირებაში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 3:3.
თბილისელებმა თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და თავიდანვე დაწინაურდნენ – მე-2 წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ ირაკლი კომახიძემ ანგარიში გახსნა, ხოლო სამ წუთში, კუთხურის გათამაშების შემდეგ, სხვაობა გიორგი ჯგერენაიამ გაზარდა.
26-ე წუთზე ბიორნ იონსენმა ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. 34-ე წუთზე “ტორპედოს“ შემტევმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და კარის წინ ფელიპე პირესი მონახა, რომელმაც სხვაობა შეამცირა – 2:1.
“იბერიამ” მეორე ტაიმი კვლავ მაღალ დონეზე დაიწყო და უპირატესობის გაზრდის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა ქუთაისელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩი. თუმცა, მე-60 წუთზე გიორგი კოხრეიძის შესანიშნავ, შორეულ გადაცემას ისიც ვერ გადაეფარა – „იბერიას“ თავდამსხმელი ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ ფორმაში შედის და ბომბარდირთა დავაში 6 გოლით მეორე ადგილზეა.
დარჩენილ დროში ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და მიზანს მიაღწიეს – 72-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გიორგი არაბიძემ უნაკლოდ შეასრულა და სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა. 90+3-ე წუთზე კი იონსენმა წონასწორობა აღადგინა და ბომბარდირთა დავაში 7 გოლით ისევ დაწინაურდა.
11 ტურის შემდეგ “იბერიამ“ 26 ქულა დააგროვა და კონკურენტების თამაშებამდე ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო ქუთაისის “ტორპედო” 18 ქულით მე-4 ადგილზეა.
კომენტარები