კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ნიქოზიაში კვიპროსის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, „ომონიას“ ესტუმრა, 1:3 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის მცირე შანსი დარჩა.
კვიპროსული კლუბი უპირატესობას ფლობდა და ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა – კუთხურის გათამაშების შემდეგ “ომონიას“ მალელმა მცველმა სენუ კულიბალიმ ქუთაისელ მცველებს დაასწრო და ახლოდან თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში ქუთაისელებმა თამაში გამოასწორეს და 72-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. შეცვლაზე შესული ცოტნე ფაცაციას წამოწყებული შეტევა ბიორნ იონსენმა ეფექტური პასით გააგრძელა, მომო იანსანემ კი ზუსტად დაარტყა – 1:1. მაგრამ სამ წუთში „ტორპედოს“ დაცვა ისევ „ჩავარდა“. სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ სენუ კულიბალიმ დუბლი შეასრულა და კვიპროსელები მეორედ დააწინაურა. 84-ე წუთზე კი საჯარიმოსთან ბურთი ევანდრომ მიიღო, მას ხელი ვერავინ შეუშალა და ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
კონფერენსლიგაზე საპასუხო შეხვედრაში „ტორპედო“ „ომონიას“ პირველ აგვისტოს ქუთაისში, „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლებს.
კომენტარები