ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის პრევენციის და რეაგირების საქმეში; თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები; მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული თანასწორობის მექანიზმები და სერვისები; მერის წარმომადგენლების როლი ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირების, პრევენციისა და მოქალაქეთა ინფორმირების საკითხში – ეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გამართული ტრენინგის მთავარი საკითხებია, რომელიც ონლაინ ფორმატში – ZOOM პლატფორმის მეშვეობით ჩატარდა სოფლებში მერის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ ბაღდათის, ვანის და თერჯოლის მერების 55 წარმომადგენელი და მათი ასისტენტები.
„დღეს უფრო სხვა ჭრილში დავინახე ჩემი მოვალეობები, მივხვდი, რომ ბევრი რამ არის ჩემზე დამოკიდებული იმ კუთხით, რომ აქტიური მოსახლეობა მყავდეს თემში. ამაზე ისევ მე უნდა ვიზრუნო“, – აცხადებს ბაღდათის მერის წარმომადგენელი.
„მერის წარმომადგენლები არიან ჩვენი პოლიტიკის გამტარები თავიანთ თემებში, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში გვეხმარებით და იმ თემებს დეტალურად ხსნით, რაც მნიშვნელოვანია“, – აცხადებს სალომე ფახურიძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი, ვანი.
ასევე, ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინოვაციურ პლათფორმაზე – ძალადობის მსხვერპლთა ციფრულ რესურსცენტრზე. ვებგვერდს გაეცნობით აქ: https://gbvdigitalresourcecenter.ge/
პროექტის ფარგლებში ტრენინგები ტარდება ზუგდიდის, სამტრედიის, სენაკის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წალენჯიხისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლებში მერის წარმომადგენლებთან.
კომენტარები